logo.png

Dekanozi Zurab Mchedlishvili

სასულიერო პირების უფლებები და ვალდებულებები

დალმატიის ეპისკოპოს ნიკოდიმოს მილაშისა და კანონისტ ვლადისლავ ციპინის მიხედვით მოამზადა საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ზურაბ მედლიშვილმა

სასულიერო პირებს განსაკუთრებული ვალდებლებები აკისრიათ. მაგრამ აქ ვალდებულებებში არ იგულისხმება სამსახურებრივი პასუხიმგებლობა, არამედ ის ვალდებულება-პასუხისმგებლობანი, რომელიც დაკავშირებულია მათი ცხოვრების წესზე და ზნეობრივ, ღირებულებით ნორმებზე, რომელთაც ისინი ისინი უნდა ემორჩილებოდნენ.

ზოგადი კანონი აქ ასეთია: ყველაფერი, რაც დამაბრკოლებელია სამღვდლო კადიდატის მღვდლად კურთხევისთვის, ეს ყოველივე ეკრძალება სასულიერო პირს, ღვთისმსახურს.

სასულიერო პირები უნდა იყვნენ მაღალზნეობრივი სულიერი ადამიანები. საეკლესიო კანონები უკრძალავს მათ აზარტულ თამაშებს და ლოთობას. „ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, რომელიც შეექცევა თამაშსა და ლოთობას, ან უნდა დაცხრეს, ან განიკვეთოს“ . „კერძოდიაკონი, წიგნის მკითხველი, მგალობელი, იმავე საქმეს ჩამდენი ან დასცხრეს, ან უზიარებელი იქნეს; ასევე ერისკაცი“. ტრულის კრების 62-ე კანონი უკრძალავს სასულიერო პირებს საკარნავალო, თეატრალურ, საჯამბაზო, წარმართულ თეატრალურ სპექტაკლებში, კონცერტებსა და დღესასწაულებში მონაწილეობას, ნიღბის ან რომელიმე პერსონაჟის კოსტიუმის ჩაცმას. ასეთ შემთხვევვაში სასულიერო პირის განკვეთას ბრძანებს ეს კანონი.

სასულიერო პირებს ეკრძალებათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ვინმეს, თუნდაც ეს ადამიანი დამნაშავე იყოს. ამას მოციქულთა 27-ე კანონი განაწესებს: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი სცემს ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს, ან ძალადობის ჩამდენ ურწმუნოს, ვბრძანებთ მის განკვეთას, რადგან ეს კი არ უსწავლებია ჩვენთვის, არამედ ამის საწინააღმდეგო, ვინაიდან მას სცემდნენ და ნაცვლად ამისა იგი არ სცემდა, აგინებდნენ და არ აგინებდა, იტანჯებოდა არ პასუხობდა“ (1 პეტრე 2, 23).

სასულიერო პირთა ცხოვრებიდან მთლიანდ უნდა იქნას უკუგდებული ისეთი ქმედებები და ცხოვრების წესი, რაც ცდუნებისკენ უბიძგებს მრევლს, ცუდ მაგალითს მისცემს მათ. ტრულის კრების 24-ე კანონი განაწესებს: „სამღვდლო პირს ან მონაზონს არა აქვს იპოდრომზე ან სახუმარო სანახაობაზე მისვლის უფლება. თუ სასულიერო პირი მიპატიჟებული იქნება ქორწილში, იგი უნდა გაეცალოს იქაურობას, როგორც კი დაიწყება სალაღობო სანახაობა, ანუ თამაშობანი, ვინაიდან ასე ბრძანებს მამათა მოძღვრება. თუ ვინმე ჩაიდენს ამ დანაშაულს, ან უნდა დასცხრეს, ან განიკვეთოს”.

საძრახისია სასულიერო პირთათვის რესტორნებსა და კლუბებში გართობა. მოციქულთა 54-ე კანონი განაწესებს: „თუ სასულიერო პირი დუქანში მჭამელი ნახოს ვინმემ, მღვდლობის უფლება ჩამოერთვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მგზავრობისას, საჭიროებისამებრ, სასტუმროში დაისადგურებს“. ცდუნებისგან თავდაცვის მიზნით, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-3 კანონის თანახმად, მღვდელმთავრებს, მღვდელს, დიაკონს და სამღვდლო დასის ნებისმიერ წარმომადგენელს უკრძალავს „დედაკაცის ყოლას სახლში თანასახლეულად, გარდა დედისა, დისა, ან მამისა და დედის დისა, ან ისეთი პირისა, რომელიც სრულიად არასაეჭვოა“.

ტრულის კრების 77-ე კანონი განაწესებს: „სამღვდელოების წარმომადგენელს, ეკლესიის მსახურს ან მონოზონს არ შეეფერება აბანოში ქალთან ერთად ბანაობა. ასევე არ შეეფერება ეს არცერთ ქრისტიანს, თუნდაც ერის კაცი იყოს ის, რადგან ეს საქციელი წარმართათვის არის ქრისტიანობისთვის ბრალის დადების პირველი საბაბი. ასეთ საქმეში მხილებული ეკლესიის მოღვაწე განიკვეთოს, ერისკაცი _ უზიარებლობით დაისაჯოს“.

საეკლესიო კანონები ეხება მსახურთა სამოსსაც, მაგ., ტრულის კრების 27-ე კანონი გვამცნობს: „სამღვდლო პირს არ აქვს უფლება, შეიმოსოს შეუფერებელი სამოსლით არც ქალაქში და არც გზაში.

სამღვდელო პირებმა ისეთი სამოსელი უნდა ჩაიცვან, როგორიც განწესებულია სამღვდელო დასისთვის. თუ ვინმე ამგვარ რამეს ჩაიდენს, იგი უზიარებული უნდა იყოს ერთი კვირის განმავლობაში“. მეშვიდე მსოფლიო კრების მე-16 კანონი ადგენს: „სამღვდელო პირმა არ უნდა ჩაიცვას ძვირფასი სამოსელი. ყოველგვარი ფუფუნება და შემკობილობა სხეულისა უცხოა სამღვდლო წესიერებისთავის. ამის გამო ეპისკოპოსები ან სხვა სასულიერო პირები, რომელნიც თავს შეიმკობენ ბრწყინვალე, გამოსაჩენი სამოსლით, უნდა გამოსწორდნენ. ხოლო თუ განაგრძობენ ამას, საჭირო არის მათი განკანონება. ეს ეხებათ მათაც, ვინც იცხებს ნელსაცხებლებს. მაგრამ კათოლიკე ეკლესიაზე „მწარე ფესვი აღმოცენებულა“ (ებრ. 12,15). ეს არის ქრისტიანობის ცილისმწამებელთა მწვალებლობა [ხატმებრძოლობა]. მისმა მიმდევრებმა არა მხოლოდ წმინდა ხატთა გამოსახვა შეიძულეს, არამედ ყოველგვარი მოწიწება განაგდეს და შეიძულეს ისიც, ვინც პატიოსნად და ღმრთისმსახურებით ცხოვრობენ, რითაც მათზე აღსრულდა დაწერილი, რომ „ცოდვილისათვის ღვთისმსახურება საძაგელია“ (ზირ. 1,232). თუ ვინმე გაკიცხავს მათ, ვინც შემოსილია უბრალო და სადა სამოსლით, განკანონებით უნდა გამოსწორდეს, რადგანაც ძველთაგანვე ყველა სამღვდელო კაცი კმაყოფილდებოდა უბრალო და სადა სამოსლით. ყველა, ვინც იმოსება არა საჭიროებისათვის, არამედ შემკობისათვის, ბრალი ედება ამაოებაში, როგორც ამბობს დიდი ბასილი. არც აბრეშუმის ჭრელი ქსოვილის სამოსელი უნდა ატარონ, სამოსლის ბოლოებზე არ უნდა მოაყოლონ სხვა ფერის ქსოვილი, ვინაიდან საღმრთო ხმისაგან გვსმენია, რომ: „ვინც რბილი სამოსლით არის შემოსილი, ის მეფეთა სასახლეში იმყოფება” (მათ. 11,8).

ზონარა ამ კანონის განმარტებისას ამბობს: „ადამიანების ჩაცმულობის მიხედვით ასკვნიან და აზრს იყალიბებენ სხვა ადამიანის შინაგან სულიერ, უხილავ მდგომარეობაზე. თუკი ხედავენ, რომ ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი უფალს მიუძღვნა, ღვთისმსახურია და არ იცავს კანონსა და ტრადიციას სამოსთან დაკავშირებით, იცვამს საერო, ძვირადღირებულ და მკვეთრი ფერის ტანისამოსს, მის სულერ მდგომარეობაზე მისი გარეგნული სახით ჩამოიყალიბებენ შეხედულებას, რომელთაც საკუთარი თავი მიუძღვნეს უფალს“.

განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ ღვთისმსახურთა ოჯახებს და მათ ცხოვრებას. უცოლო მღვდელმსახურებს ეკრძალებათ მღვდლად კურთხევის შემდეგ შეირთონ ცოლი, როგორც ამას მოციქულთა 26-ე კანონი ამტკიცებს: „იმ უქორწინებლებს, რომლებიც მღვდლობას აპირებენ, ვუბრძანებთ, რომ, თუ სურთ ქორწინება, იქორწინონ მხოლოდ წიგნის მკითხველებმა და მგალობლებმა“. ასევე ტრულის კრების 6 კანონი ადგენს: „რადგან მოციქულთა კანონებში ნათქვამია, რომ მომავალმა მღვდელმა, უქორწინებელმა, შეიძლება იქორწინოს წიგნის მკითხველობისა და მგალობლობის დროს, ჩვენ ამასაც დავიცავთ და ვადგენთ, რომ ამიერიდან კერძოდიაკონს, დიაკონს ან მღვდელს ხელდასხმის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ დაქორწინდეს. ხოლო თუ ამის ქმნას გაბედავს, განიკვეთოს. თუ მომავალ მღვდელს სურს, დაქორწინდეს სჯულიერი ქორწინებით, სანამ მიიღებდეს ხელდასხმას კერძოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად, მანამდე უნდა დაქორწინდეს”.

საწინააღმდეგო იქნებოდა სულიერ ზრდასთან მიმართებით ხორციელ ქორწინებაში შესვლა შემდგომ ქიროტონიისა, რომელიც სახეა ქრისტეს სამწმყსოსთან დაწინდვის შემდეგ. ამავე დროს ოჯახური ცხოვრების გამოცდილება და მისი მართვის ცოდნა როგორც „მცირე ეკლესიისა“, წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, შეიძლება ღვთის სამწყმსოს დამწყემსვის მომზადებლად კარგ სკოლად იქნეს გამოყენებული.

ეკლესიის მსახურთა ქორწინება უცილობლად მონოგამურია – ღვთისმსახურთათვის მხოლოდ ერთხელ ქორწინებას უშვებს, მეორე კი კატეგორიულად აკრძალულია.

ღვთისმსახურს ეკრძალება ჰყავდეს ცოლად მრუში. ნეოკესარიის მსოფლიო კრების მე-8 კანონის თანახმად, „თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და ამაში აშკარად იქნება მხილებული, ასეთ კაცს არა აქვს უფლება, სამღვდელო პირი გახდეს. ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის შემდეგ იმრუშებს იგი, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს ისევ, არა აქვს უფლება, შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება“. ამ კანონის განმარტებისას ზონარა დასძენს: „რადგან ცოლი მრუშობით უწმინდურია და ის, ვინც მასთან ხორციელად ცხოვრობს, ისიც უწმინდურობით არის შებღალული, რადგან თანაზიარია უწმინდურობისა. როგორ შეიძლება ღვთისმსახურების, მსხვერპლის შეწირვის უფლება ჰქონდეს უწმინდურს”.

თუ მღვდელსახურება შეუთავსებელია მღვდლისთვის, რომლის ცოლმაც ქორწინების ერთგულება შებღალა, მაშინ საერთოდ დაუშვებელია ისეთის მღვდლობა, თუ თვითონ სცოდავს, უქორწინებელი ურთიერთობით მრუშობს.

ტრულის კრების მე-12 კანონი მკაცრად უკრძალავს ქორწინებას ეპისკოპოსებს: „ჩვენს ყურამდე მოაღწია იმ ამბავმა, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში მყოფი ღვთისმოყვარე ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებენ თავს მეუღლესთან თანაცხოვრებას, რითაც ისინი სხვებისთვის საფრთხესა და დაბრკოლებას ჰქმნიან. ჩვენ ვესწრაფით, რომ ჩვენს გამგებლობაში მყოფი საწმყსოს სასარგებლოდ იყოს ყველაფერი. ამისთვის დავადგინეთ, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ამგვარი რამ. ხოლო ამას ვამბობთ არა მოციქულთა მე-5 კანონის საწინააღმდეგოდ და დასარღვევად, არამედ ერის ხსნისა და წარმატებისთვის, იმისთვის, რომ არ მოეცხოს ბიწი სამღვდელო წოდებას, რადგან საღმრთო მოციქული ამბობს: „ყველაფერს უნდა იქმოდეთ ღვთის სადიდებლად, ნუ შეაფერხებთ ურიებსა და წარმართებს და ღმრთის ეკლესიას, როგორც მე ყველას ყველაფერში სათანადოდ ვექცევი და არ ვეძიებ უმჯობესს ჩემი თავისთვის, არამედ მრავალთათვის, რათა ცხოვნდნენ. მომბაძეთ მე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს (I კორ. 10,31-33; 11,1). თუ ვინმე გაბედავს ასეთ მოქმედებას განიკვეთოს”.

არის პროფესიები და საქმიანიანობები, რომელიც შეუთავსებებლია ღვთისმსახურთათვის. საეკლესიო კანონთა მიხედვით, კლირიკოსებს ეკრძალებათ შეითავსონ სამუშაო საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე სამხედრო სამსახური. მოციქულთა მე-6 და 81-ე კანონთა მიხედვით: „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს“; „ვთქვით, რომ ეპისკოპოსმა და მღვდელმა თავის თავს არ უნდა არწმუნოს საერო საქმეების განგება, არამედ უნდა იყოს მოცლილი საეკლესიო საზრუნავისთვის. ამიტომ ან ირწმუნოს, რომ საერო საქმეებს არ მიჰყოს ხელი, ან განიკვეთოს, რადგან, საუფლო ბრძანებისამებრ, „არავის შეუძლია ორი უფლის მონება“ (მათე 6, 24). ეს კანონიკური აკრძალვა ვრცელდება კლირიკოსებზე (ეკლესიის მსახურებზე), რომელნიც ითავსებენ სამსახურს სახელმწიფო ადმინისტრაციულ დაწესებულებებში. ისტორია ადასტურებს იმის შესახებ, რომ ეკლესიის მიერ არ ხდებოდა აკრძალვა სახელმწიფო კოლეგიალურ ორგანოებში მუშაობისას.

კლირიკოსებს ეკრძალებათ მევახშეობა. ლაოდიკიის კრების მე-4 კანონი ადგენს: „სამღვდელო პირმა არ უნდა გაასესხოს სარგებლით ფული და არ უნდა აიღოს ვახში და აღნადგინები“. მღვდელმსახურს ეკრძალება ვაჭრობა, განსაკუთრებულად ღვინით. ტრულის მსფოლიოს კრების მე-9 კანონის თანახმად, „სასულიერო პირს არ აქვს უფლება, სავაჭრო სახლი (ფარდული, დუქანი) ჰქონდეს, ვინაიდან თუკი მას საერთოდ აკრძალული აქვს შესვლა ამგვარ სახლში, რამდენად უფრო უწესოა და შეუფერებელი მისთვის სხვების მომსახურება დუქანში!”. სასულიერო პირს ეკრძალება ასევე კერძო საქმეების დამრიგებლობის აღება და ყველანაირი სამეწარმეო ყიდვა-გაყიდვა.

ქალკედონის კრებაზე შეკრებილი წმინდა მამები მესამე კანონით ადგენენ: „წმინდა კრებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთები, რომელთაც საეკლესიო წოდება აქვთ, არაწესიერი შესაძენელის მიზეზით უცხო დაბებსა და სოფლებში ანაზღაურებით დაინიშნებიან, ამქვეყნიურ საქმეთა კეთებას მიჰყოფენ ხელს, საღმრთო მსახურებას უგულებელყოფენ და თავს იდებენ ქონების განგებას ვერცხლისმოყვარეობის გამო. ამიერიდან წმინდა და დიდი კრება ადგენს, რომ არც ეპისკოპოსმა, არც მღვდელმა, არც მონაზონმა დაბა და სოფელი იჯარით არ აიღოს, არც ამქვეყნიური საქმეების განმკარგულებლად დადგეს, გარდა ისეთი შემთხვევისა, თუ სადმე უბრალო გამგებლად დაუძახებენ ან ქალაქის ეპისკოპოსი უბრძანებს საეკლესიო ქონებაზე ზრუნვას, ან ობლების, ქვრივებისა და ისეთი პირების საქმეების ხელის მოკიდებას, რომლებიც ღვთის მოშიშობით ეკლესიას შეევედრნენ შეწევნას. თუ ვინმე ამ კარგად განსაზღვრულ კანონს გადავა, ის საეკლესიო განკანონებით დაისჯება“.

სასულიერო პირებს ეკრძალებათ ისეთი საქმიანობა, რომელსაც ადამიანის სისხლის დაღვრასთან ექნება შეხება, ასევე ცხოველის სიხლის დაღვრასთანაც. მაგალითად, საექიმო საქმიანობა, განსაკუთრებულად ქირურგია ან ვეტერინარია. ოპერაციის დროს უბედური შემთხვევა ქირურგს კაცის უნებლიე კვლასთან აკავშირებს, ხოლო თუ სასულიერო პირი იქნება, ამ შემთხვევაში, საეკლესიო კანონის თანახმად, მას საეკლესიო ხარისხს აჰყრიან. ღვთისმსახურს, რომელიც უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებს, ეკრძალება ნადირობაც, რომელიც გარდაუვალ სისხლის ღვრასთან არის დაკავშირებული.

ღვთისმსახურის მოწოდება, ვალია სიცოცხლის ბოლომდე უერთგულოს თავის მოწოდებას. ქალკიდონის მე-7 კანონი ადგენს: „ვინც ერთხელ სამღვდლო დასში დაეწესა ან მონაზონი გახდა, მათ შესახებ ვადგენთ, რომ სამხედრო ან რაიმე ამ ქვეყნიურ პატივს აღარ მიუბრუნდნენ. ის, ვინც ამას გაბედავს, არ შეინანებს და იმასვე დაუბრუნდება, რაც პირველად ღვთისთვის დათმო, შეჩვენდეს“.

ბიზანტიის კანონთა მიხედვით ის პირები, რომელებიც დათმობდნენ და დატოვებდნენ ღვთისმსახურებას, მათ საერო საქმიანობაც ეკრძალებოდათ გარკვეული დროით. ჩვენს დროში ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, ამიტომ მხოლოდ საეკლესიო სასჯელით ისჯება ის პირი, ვინც თვითნებურად დატოვებს სამღვდლო ხარისხს ან მონასტრიდან წავა. საერო კანონმდებლობა ამ საკითხს არ განიხილავს.

დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (1672)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას