"წარმოგიდგენთ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოების საპროტესტო მიმართვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრებისადმი შედგენილს 2004 წლის ივნისში, ხელს აწერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი,
პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი (აწ ქუთათელ-გენათელი მიტროპოლიტი იოანე) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის 39 სასულიერო
პირი. წერილში დასმული პრობლემები არათუ განიკურნა საპატრიარქოს მიერ, პირიქით, გაღრმავდა და უკურნებელ კიბოდ ექცა საქართველოს ეკლესიას. ხოლო თავად ავტორმა პროტოპრესვიტერმა, აწ მიტროპოლიტმა, გამრეკელმა თავისი უნამუსობით, ანგარება-მლიქვნელობით და სიბნელით ყველას გადააჭარბა. მაშ ასე, იხილეთ ისტორიული დოკუმენტი, რამდენიმე ადგილას კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია ჩემი განმარტება-შენიშვნა:
"მცხეთა - თბილისის ეპარქიის სამღვდელოების მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ ილია II-სა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრებს
ივნისი, 2004 წელი
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო!
ჩვენს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებენ და გულისტკივილს იწვევენ სასულიერო პირთა შორის და ეკლესიის მრევლში. უპირველეს ყოვლისა, თანადგომას გიცხადებთ იმ არნახულ კადნიერ, შეურაცხმყოფელ გამოსვლებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა თქვენ მიმართ დეკანოზ თეიმურაზ ჩაჩიბაიას მრევლის მხრიდან ალექსანდრიის პაპისა და პატრიარქის [პეტრე VII - ი.ჭ.] სტუმრობის დროს.
უწმინდესო, თქვენი ლოცვა-კურთხევით წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში (ჩიტაძის ქუჩაზე) დანიშნული დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის არმიღება დეკანოზ თეიმურაზის მრევლის მიერ და თვითნებურად ტაძრის ჩაკეტვა წარმოადგენს ქმედებას, რომელიც, მოციქულთა 36-ე კანონის თანახმად, ექვემდებარება მკაცრ სასჯელს: ,,თუ წავა (ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი) იქ და არ შეიწყნარებენ... მრევლის უკეთურობის გამო... იმ ქალაქის მღვდელმსახურებმა თავი უნდა დაანებონ მღვდლობას, რადგანაც ვერ გაუწვრთნიათ ამგვარი დაუმორჩილებელი ერი“.
იგივე კანონი განაჩინებს, რომ თუ მღვდელმსახური ,,არ მოინდომებს მისთვის ჩაბარებულ მრევლზე ზრუნვას და მის მსახურებას, იგი უზიარებელი უნდა იქნას, სანამ არ შეასრულებს იმ მსახურებას“. ეს რომ ყოფილიყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა იერარქიისადმი დაუმორჩილებლობისა, შეიძლება გამონაკლისის სახით, თქვენი სულგრძელობის გამო, შეწყნარებული ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ერთ-ერთი რგოლი მოვლენათა იმ ჯაჭვისა, რომელიც წლების მანძილზე შფოთს იწვევს ეკლესიაში.
ამავე რიგს მიეკუთვნება ქართული საეკლესიო კანონიკური გალობის მიმართ რამდენიმე სასულიერო პირის დამოკიდებულება, რომლებიც ამავე დროს მხარს უჭერენ დეკანოზ თეიმურაზ ჩაჩიბაიას ანტიკანონიკურ ქმედებას. თქვენი ლოცვა-კურთხევით, უწმინდესო, საპატრიარქოსთან შეიქმნა ,,საეკლესიო გალობის ცენტრი“. ამის საპირისპიროდ სასულიერო პირთა გარკვეულმა ჯგუფმა თავისი მრევლის ძალებით შექმნა ე. წ. ,,ბიზანტიური გალობის შემსწავლელთა ჯგუფი“, რომელიც მიზანდასახულად და ორგანიზებულად იბრძვის თავისი ექსპერიმენტის, ბერძნულ მელოდიაზე ქართული სიტყვების მორგების, ლიტურგიკულ პრაქტიკაში დანერგვისათვის. ლაოდიკიის კრების 57-ე კანონი ამბობს: ,,მღვდელმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, თუ ეპისკოპოსს არ აცნობებს“. 1998 წელს დეკანოზმა ზურაბ ანთაძემ [აწ წმ. ბასილი დიდის მონასტრის წინამძღვარი ბასილი ანთაძე, მმკ-ს ლიდერი, მიტროპოლიტ დანიელის ძმა - ი.ჭ.] გაცნობათ თქვენ, უწმინდესო, ზემოთ ხსენებული ექსპერიმენტის წამოწყების შესახებ; მიუხედავად თქვენგან მიღებული უარყოფითი პასუხისა, მან არა მარტო გააგრძელა უკანონო ქმედება, არამედ აიყოლია მის მიმართ მეგობრულად განწყობილი ზოგიერთი სასულიერო პირი მრევლის ნაწილთან ერთად და მიზანდასახული, ორგანიზებული და გეგმაზომიერი სახე მისცა იერარქიის ლოცვა-კურთხევის საწინააღმდეგო ქმედებას. ეს გამოიხატება ცილისმწამებლურ და ნაყალბევ პუბლიკაციებში, ქართული საეკლესიო კანონიკური გალობის უგულებელყოფაში, მრევლში ანტიკანონიკური ექსპერიმენტის გავრცელებაში; ხოლო მოციქულთა 39-ე კანონი ამბობს: ,,მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს ნუ გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე“.
ამ ექსპერიმენტის მოსურნეთა გულშემატკივრებმა საერთაშორისო საინფორმაციო წყაროებითაც კი ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელეს საქართველოს ეკლესიის შესახებ და ჩვენი ეკლესიის კანონიკური გალობის აღდგენის მსურველ სასულიერო პირებსა და საეკლესიო იერარქიას ბრალი დასდეს შოვინიზმში, იზოლაციონიზმში, მსოფლიო ეკლესიასთან დაპირისპირებაში.
იგივე საულიერო პირები სათავეში უდგნენ მღვიმევის დედათა მონასტრის დაპირისპირებას თავის ეპისკოპოსთან [მიტროპ. აბრაამ გარმელია - ი.ჭ.], თუმცა IV მსოფლიო კრებამ დაადგინა: ,,თითოეული ქალაქის და სოფლის მონაზვნები უნდა დაემორჩილონ თავიანთ ეპისკოპოსს, შეიყვარონ სიჩუმე... ნურც საეკლესიო და ნურც ამქვეყნიურ საქმეებში ნუ ჩაერევიან და მონაწილეობას ნუ მიიღებენ...“ (4).
ზემოთ ხსენებულ სასულიერო პირთა მრავალი სხვა ანტიკანონიკური ქმედება - სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატთან შეთანხმების გარეშე სასწავლებელში შესვლა სტუდენტების ზოგიერთი პედაგოგის წინააღმდეგ განწყობის მიზნით; საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ წმიდანად შერაცხილთა არ აღიარება; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცნობილი ხატების ,,Нечаянная радость“, ,,Умиление“ და წმიდა ნინოს ჯვრის ასლების კურთხევაზე მრევლისთვის უარის თქმა; აგრეთვე აღსარების გარეშე მრევლის ზიარების პრაქტიკის დანერგვა. ყოველივე ამას ჩვენს ეკლესიაში შემოაქვს შფოთი, უთანხმოება, დაპირისპირება.
ჩვენ ვიცით, რომ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, არაერთხელ შეაგონეთ სასულიერო პირები, მაგრამ ისინი, მიუხედავად ამისა, აგრძელებენ თავიანთ ანტიკანონიკურ ქმედებას, აწყობენ ფარულად კრებებს, სახავენ ახალ გეგმებს. ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომლის წამოწევას აპირებენ დეკანოზ თეიმურაზ ჩაჩიბაიას მრევლის გამართლების მიზნით, არის მრევლის უფლებების ე. წ. დაცვა ეპისკოპოსისაგან, რაც სრულიად უცხოა ეკლესიისათვის და თვითნებურობის ახალ ტალღას გამოიწვევს [სინამდვილეში აქ ტყუილად ედავებიან წერილის ავტორები თავის კოლეგებს, რადგან საქ. ეკლესიაში დღეს ძირითადად ეპარქიაში ეპისკოპოსი ქცეულია ავტოკრატორ იმპერატორად, რომელის წინაშეც მღვდლები და მრევლი მონებად არიან ქცეულნი, რაც ეწინააღმდეგება საეკლესიო ძველ წესს- ი.ჭ]. მოციქულთა 31-ე კანონი ამგვარი ქმედებების შესახებ ამბობს: ,,თუ მღვდელი შეურაცხყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე მოაწყობს კრებას, აღმართავს სხვა საკურთხეველს და არ დაემორჩილება ეპისკოპოსს სიმართლითა და კეთილმსახურებით, იგი უნდა განიკვეთოსროგორც ძალაუფლების მოყვარე, რადგანაც მოძალადეა... ეს ასე მოხდეს ეპისკოპოსის მისდამი მიმართული ერთი, ორი და სამი თხოვნა-ვედრების შემდეგ“ [მაგრამ ჩვენი ეპისკოპოსები, მათ შორის წერილის ავტორი მღვდლების ეპარქიის, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსი, ილია მეორე, რომ ყველანაირ საეკლესიო კანონს არღვევენ, რაც მათ მოვალეობებს და ვალდებულებებს ეხება, ამაზე კი მონურად დუმან წერილის ხელმომწერნი -ი.ჭ.].
უწმინდესო, ვწუხვართ, რომ ჩვენი ქრისტესმიერი ძმები და თქვენი სულიერი შვილები, თქვენ მიერ ხელდასხმულნი, მათთვის მონიჭებულ ძალაუფლებას მიმართავენ ეკლესიაში არა მშვიდობისა და ერთობის დამკვიდრებისათვის, არამედ შფოთის, გაყოფისა და დაპირისპირებისათვის. მათი თქმით, ისინი იბრძვიან ეკლესიის კეთილდღეობისა და წარმატებისათვის, სიმართლისა და სიწმინდისათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ქმედება მიმართული არის არა ცალკეული, კერძო, ზოგიერთი სასულიერო პირის თუ ეკლესიის მსახურის მიერ დაშვებული შეცდომისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, არამედ საეკლესიო იერარქიისა და საეკლესიო კანონიკური წყობის წინააღმდეგ. სიტყვის და საქმის ამგვარი გაუკუღმართება და დაპირისპირება ხიბლის მდგომარეობისათვის არის დამახასიათებელი, რაც დამღუპველია, როგორც სასულიერო პირთათვის, ასევე მათ სიტყვას აყოლილი მრევლისათვის.
თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ თხოვნით თქვენ და წმიდა სინოდის წევრებს, დროულად უმკურნალოთ ამ სენს თქვენთვის მოცემული საშუალებებით, რათა თვითნებურობის ცდუნებას დაედოს საზღვარი, მეტად აღარ გავრცელდეს ჩვენს შორის ეს ღვარძლი და მშვიდობა, ერთობა, სიყვარული და სამართლიანობა სუფევდეს სადიდებელად ღვთისა. ამინ. "
17 წელი გავიდა ამ წერილის დაწერიდან და სინოდმა/პატრიარქმა არათუ არ მოაგვარა წერილში აღძრული პრობლემატიკა, პირიქით, გააღრმავა: გააძლიერა მმკ-ს ფანატიკოსთა დაჯგუფების მღვდლების, მონაზვნების და მრევლის რაოდენობა და პარპაში ეკლესიაში და ქვეყანაში. მმკ ანუ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის დაჯგუფება, რომლესაც ანთაძესთან ერთად ლიდერობს დეკ. დავით ისაკაძე დღეს ათობით სამრევლო ტაძარს განაგებს თბილისში და რაიონებში და არაერთ დიდ მონასტერია (მათ შორის ავჭალის, ბევრეთის, ლისის წმ. ბასილის, მღვიმევის ისტორიული კომპლექსი და ა.შ) მათ ხელში. ისინი გმობენ თეატრს და კინოს, უკრძალავენ მრევლს ქართულ ხალხურ ცეკვის და სიმღერის წრეებზე შვილების მიყვანას, რადგან ცეკვა-სიმღერას ცოდვად, დემონურ საქმედ აცხადებენ, ამბიონებიდან დღედაღამ ახდენენ ამერიკა-ევროპის დემონიზაციას და რუსეთის ქება-დიდებას, ანტივაქსერულ ისტერიას და ა.შ. და ბოლოს, ძალიან მაინტერესებს, ახლა რას ფიქრობს გამრეკელი და დანარჩენი 39 მღვდელი, როდესაც მათი საპროტესტო სარჩელი-წერილი და იქ აღძრული პრობლემები ფეხებზე დაიკიდა "დიდმა მეუფემ და მამამან ჩუენმან ილიამ"..."
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ნანახია: (660)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას