"გაოცებასა და გაკვირვებას იწვევს ამჟამად საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც დღეს გავრცელდა .
საინტერესოა, რას ფიქრობს ის, გასულ კვირადღეს სამების საპატრიარქო ტაძრის ამბიონიდან გაჟღერებული ფაქტობრივად დიდი ეროვნული შერიგების საწინააღმდეგო განცხადება მხოლოდ კონკრეტული მქადაგებლის პიროვნული პოზიციაა?! თუ ასე ფიქრობს, მაშ, ძალიან შემცდარა... სიტყვები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის ამჟამინდელი საეკლესიო ოფიციოზის პოზიცია და მიმართვა მთელი ქვეყნისადმი.
პოლიტიკური კონიუქტურიდან ნაკარნახევი თამაში, რომელშიც მესამე პრეზიდენტს ფაქტობრივად განმეორებით სურს ჩართვა, განწირულია პირდაპირ მისთვის.
დამოუკიდებელ საქართველოში მხოლოდ პრეზიდენტი გამსახურდია არ ჩაერთო ამ თამაშში, არამედ დისიდენტობისა და შემდგომ, პრეზიდენტობისას, მან დაიკავა ამ საკითხისადმი კრისტალურად სუფთა და პირუთვნელი პოზიცია და სანაცვლოდ რა მიიღო საპატრიარქოსგან, ამაზე დავაც აღარაა საჭირო, თუმცა, პირველმა პრეზიდენტმა ამით მოიგო ყველაზე დიდი და წაურთმეველი - ეროვნული გმირის დიდი პატივი და ქართველთა საყოველთაო სიყვარული.
ისეთი გამოცდილი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც იყო შევარდნაძე, მიუხედავად იმისა, რომ მან საუკეთესოდ უწყოდა გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მეორე ნახევრის შემდგომი საქართველოს ეკლესიის ოფიციოზის შიდა მდგომარეობა (თავად იმხანად ცკ-ს პირველი მდივანი იყო საქართველოში), დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტობისას, გარკვეულწილად წავიდა ამ თამაშზე, რომელიც საბოლოო ჯამში საეკლესიო ოფიციოზმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა (2003 წლის 22 ნოემბრის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე კათოლიკოს-პატრიარქის მიუსვლელობა და იმავე დღეს შევარდნაძის ფაქტობრივი გაძევება პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან).
ამ ფონზე, როდესაც მესამე პრეზიდენტი საჯაროდ აცხადებს თავის პიროვნულ მოსაზრებას, რომ საკუთარი თავი ერთგვარად შეადაროს პირველ პრეზიდენტს(?), თუ სურს შემდგომი მოღვაწეობის გაგრძელება, უნდა აირჩიოს, პირველი პრეზიდენტის დამოკიდებულების ფორმას დაიკავებს საეკლესიო ოფიციოზის დღევანდელ ადმინისტრაციასთან თუ მეორე პრეზიდენტის... ორივე შემთხვევაში მეორე მხრიდან საბოლოოდ ზურგშექცევას მიიღებს, თუმცა, პირველი პრეზიდენტის მსგავსი დამოკიდებულება დღევანდელი საეკლესიო ოფიციოზისადმი დიდი ისტორიული პატივის მომტანია.
არჩევანი მასზეა უახლესი ისტორიის ამ გაკვეთილებიდან."
წერს ისტორიის დოქტორი, თეოლოგიის მაგისტრი, პოლიტოლოგიის მაგისტრი ლაშა დეისაძე-შერვაშიძე.
ნანახია: (633)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას