logo.png

Zurab Davitashvili

 

"ძალიან გრძელი პოსტი გამოვიდა და ალბათ უმრავლესობას წაკითხვა დაგეზარებათ, მაგრამ მაინც ვაქვეყნებ, რადგან ვინც წაიკითხავთ, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება ჩატარებულ არჩევნებზე და მისი შედეგების მიზეზებზე.

რეფერენდუმად მიჩნეული არჩევნები ჩატარდა. ქართულმა ოცნებამ გადალახა 43%-იანი ზღვარი და წინა საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა (48%). ეს ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგიდან მოიხსნა და კიდევ სამი წელი ყველაფერი ძველებურად დარჩება ან თუ შეიცვლება, შეიცვლება უარესობისკენ. ზოგიერთ ქალაქში საკრებულოებში ოპოზიციის წარმომადგენელთა რიცხვის გაზრდა ან თუნდაც მათი უმრავლესობაში მოსვლა ბევრს არაფერს ცვლის (არ გამართლდა ის მოლოდინიც, რომ თბილისის საკრებულო ოპოზიციური იქნებოდა), ხოლო 20 მუნიციპალიტეტში დანიშნული არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ყველგან მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვოს. დიდი ალბათობით ყველა მუნიციპალიტეტს ქართული ოცნების კანდიდატი ჩაუდგება სათავეში. და თუ სადმე ოპოზიციის კანდიდატი მაინც მოახერხებს გამარჯვებას, ცენტრალური ხელისუფლება ისეთ პირობებს შეუქმნის, რომ ამ პოსტზე მისი მუშაობა გაუსაძლისი გახდეს. ერთი სიტყვით, მივიღებთ ჩვეულ სურათს: ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არჩევითი თანამდებობა - მერი, ერთი, ანუ მმართველი პარტიის წარმომადგენელს უკავია, რაც ევროპის თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება და ტიპიური პოსტსაბჭოთა, თურქმენულ-უზბეკური მოდელია. მარტო ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ევროპამ გვითხრას: ევროპელობამდე ბევრი გაკლიათ და ევროკავშირის წევრობაზე ფიქრს კარგა ხნით მაინც, მოეშვითო. მაგრამ ეს სხვა თემაა და ამჯერად სულ სხვა საკითხზე მინდა საუბარი.

ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარმა მხარი დაუჭირა არსებული ხელისუფლების შენარჩუნებას. იმ ხელისუფლებას, რომლის ცხრაწლიანი მმართველობის დროს:

გაუარესდა ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, დოლარზე გაანგარიშებით შემცირდა ხელფასები და პენსიები, საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია უმუშევრობამ, სიღარიბემ, ორჯერ და მეტად გაუფასურდა ლარი, რამდენჯერმე გაიზარდა ქვეყნის საგარეო ვალი;

ქვეყანა ღრმად ჩაეფლო კორუფციის ჭაობში, საგრძნობლად მოიმატა კრიმინალმა, კვლავ გაძლიერდა ქურდული მენტალიტეტი, პოლიცია და პატრული კარგავს ავტორიტეტს, საქართველო აღარ მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად უცხოელი ტურისტებისთვის და არც ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

საქართველო "დაიკარგა" საერთაშორისო ასპარეზზე. იგი არათუ აღარ წარმოადგენს დაპირისპირების საგანს აშშ-სა და რუსეთს შორის (რაც ქართული ოცნების მიზანიც იყო), არამედ აღარავის აღარ ახსოვს. საქართველო, რომელიც 2000-იან წლებში თითქმის 600 წლიანი წყვეტის შემდეგ კვლავ გახდა ისტორიის აქტიური სუბიექტი, ბოლო წლებში დაუბრუნდა ისტორიის პასიური ობიექტის სტატუსს. დღეს ის ჩადგა აზიის, აფრიკის, ცენტრალური ამერიკის და ოკეანეთის ქვეყნების ასეულში, რომელთა არსებობა ხანდახან თუ შეიძლება გაახსენდეთ დიდ სახელმწიფოებს. ხოლო საქართველო არც ახსენებს თავს მსოფლიოს და ეს იმ დროს, როცა ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია და საერთაშორისო ძალისხმევის გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება.

საქართველო გახდა ოკუპანტ ქვეყანაზე, რუსეთზე დამოკიდებული სახელმწიფო. თუ ამ 10 წლის წინ რუსეთი საქართველოს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებს შორის აღარ მოიაზრებოდა, დღეს ის ლიდერია ჩვენი ქვეყნის ექსპორტსა და იმპორტში, ჩვენ ხელახლა გავხდით ენერგოდამოკიდებული რუსეთზე, საქართველოში უცხოელების მიერ შეძენილ უძრავ ქონებაში ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, ხოლო უცოელ ტურისტთა შორის დიდი უპირატესობით რუსები ჭარბობენ.

საქართველოში კატასტროფულად შემცირდა უცხოური ინვესტიციები. გაჩერდა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანაკლიის პორტის და ნამახვანჰესის მშენებლობა. რაც იმის გარანტიაა, რომ საქართველო დაკარგავს რეგიონის მთავარი სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას და კიდევ უფრო მეტად იქნება ენერგოდამოკიდებული სხვებზე (პირველ რიგში რუსეთზე)

საგრძნობლად გაუარესდა ვითარება თავდაცვისა და უშიშროების სფეროში. საქართველოს არმია ყველაზე სუსტია რეგიონში, ხოლო ჯარში სამსახური უაღრესად არაპოპულარულად იქცა და ახალგაზრდობა მასობრივად ცდილობს თავი აარიდოს მას. უშიშროების ორგანოების ძირითადი საქმიანობა კი მოქალაქეების თვალთვალი გახდა და არც ერთი ჯაშუში არ დაუჭერიათ გასული 9 წლის მანძილზე.

ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესდა დემოგრაფიული მდგომარეობა. ბოლო წლებში სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას, სწრაფად ხდება ე.წ. დემოგრაფიული დაბერება, ასეულ ათასობით მოქალაქე წავიდა და მიდის ემიგრაციაში. რაც ყველაზე საწყენია, მათი უმრავლესობა ახალგაზრდობაა, რომელთა ნაწილი დააბრუნებასაც აღარ აპირებს. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი საქართველოსთვის დაკარგულები არიან, ხოლო ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის კლება კიდევ უფრო ინტენსიური გახდება (არადა ისედაც პირველ ადგილზე ვართ ამ მაჩვენებლით)

მძიმე კრიზისში ჩავარდა განათლება და მეცნიერება. განათლების დონე და ხარისხი კლებულობს, რაც გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი ექსპერიმენტების შედეგია. ფაქტია, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ჩვენ ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე გავედით სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონით, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეუძლია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა (არადა სულ ვტრაბახობდით, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ განათლების დონით). ეს პრობლემაა განსაკუთრებული სიმწვავით მომავალში დაგვარტყამს.

აშკარა სტაგნაციაში აღმოჩნდა კულტურა, ის სფერო, რომელში მიღწეული წარმატებებით ყოველთვის ვამაყობდით. ნამდვილად გაჭირდება ბოლო წლებში კულტურის სფეროში რომელიმე მიღწევა გავიხსენოთ, რომელიც შეედრება წარსულში შექმნილ შედევრებს ლიტერატურის, ფერწერის, ქანდაკების, მუსიკის, თეატრის კინოს დარგში.

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ჯანდაცვის სფერო. ეს ნათლად გამოვლინდა კოვიდის პანდემიის დროს. ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამკლავებოდა ამ უბედურებას და შედეგიც სავალალოა: ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით, მსოფლიოს 230 ქვეყნის პირველ ათეულში აღვმოჩნდით.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ალბათ საკმარისია, რომ დავსვათ კითხვა: ყოველივე ამის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი რატომ უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას"? ნორმალურ ქვეყანაში ასეთი "მიღწევების" ხელისუფლება ხომ განწირული იქნებოდა დამარცხებისთვის? ვინ, რა კატეგორიისა ის ხალხი, რომელმაც ნდობა გამოუცხადა (უკვე მერვედ!!!) იმ ხელისუფლებას, რომელსაც ევროპაში მეორედაც კი არავინ აირჩევდა?

ჩემი აზრით ეს ამომრჩეველი რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

"ქართული ოცნების" წევრები, სახელისუფლებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული პირები და მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. ანუ ის ხალხი, რომლებიც ახალი, სხვა ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში არ არიან გარანტირებული, რომ ადგილებს შეინარჩუნებენ. ამას ემატება ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებიც აფინანსებენ ხელისუფლებას და სანაცვლოდ იძენენ საიმედო "კრიშას". ჩამოყალიბდა ხელისუფლება-ბიზნესის ალიანსი, რომელმაც ღრმად გაიდგა ფესვები ყველა სფეროში. ახალმა ხელისუფლებამ შეიძლება გამოაშკარავოს ამ ალიანსის დანაშაულებრივი ხასიათი და ბევრი მათგანი ციხეშიც აღმოჩნდეს. მით უფრო, რომ ბევრი ფაქტი პირდაპირ ზედაპირზე დევს. მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშნული კაცი ორ წელიწადში რომ მილიონერი ხდება და სამ-ოთხ სასახლეს იშენებს, ეს ბევრ კითხვას აჩენს. ცხადია, ამ კატეგორიის ხალხი ყველანაირად ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას და ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებმა ის შედეგი დადოს, რაც მათთვის მისაღებია. ამისათვის მთელ ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებს გამოიყენებენ. (ის, რომ :ქართულმა ოცნებამ" ამ საარჩევნო კამპანიაში მასობრივად ჩართო ადმინისტრაციული რესურსი და რამდენჯერმე მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად აღებულმა, ამის დადასტურებაა).

მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის მოსყიდვა, დაშინება და დაპირება ხდება. ეს არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი მასა, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს რომელი პარტიაა ხელისსუფლებაში. ის ხმას მისცემს ყველას ვინც ფულს მისცემს და რაღაცას დაპირდება, ანდა შეაშინებს. და რადგან ასეთი, როგორც წესი, სახელისუფლებო პარტიაა, ისინი მმართველი ძალის ელექტორატს ქმნიან. თავის საქციელს კი იმით ამართლებენ, რომ აბა რა მექნა, ძალიან მიჭირს, ჩემთვის 20 ლარი და 5 კილო კარტოფილიც რაღაცააო. ის, რომ მათმა არჩევანმა შეიძლება მათსავე შვილებს მომავალი მოუსპოს, ამაზე ისინი არ ფიქრობენ. როცა ხალხი იყიდება ან შინდება, ხელისუფლებისათვის ეს ძალიან ხელსაყრელი რესურსია.

შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომლებმაც გულწრფელად მისცეს ხმა "ქართულ ოცნებას" და ამაში არც რაიმე ჯილდო მიუღიათ და არც მათი სამსახურის შენარჩუნებასთან თუ პირად კარიერას იყო დაკავშირებული ეს არჩევანი. მოკლედ რომ ვთქვათ, მოწონთ "ქართული ოცნება", მიაჩნიათ ის უკეთესად სხვებზე და ამიტომ აკეთებენ ასეთ არჩევანს. ჩემთვის ძნელია ახსნა მოვუძებნო მათ ასეთ სიმპატიას იმ პარტიისადმი, რომლის "მიღწევებიც" ათ პუნქტად არის ზემოთ ჩამოთვლილი. ამიტომ ჩემთვის ისინი არაადექვატური, მაგრამ გულწრფელი ამომრჩევლები არიან.

ჯგუფი, რომლებისთვისაც მუშაობს საფრთხობელა "მიშა მოვა", "ნაცები დაბრუნდებიან" თუ "ქართულ ოცნებას" არ მისცემ ხმას. ცოცხლდება მითები ქუჩებში ასობით ჩახოცილ ბიჭებზე, 26 ათას გაუპატიურებელ ვაჟკაცზე, წამებაზე და ა.შ. ამ კატეგორიას ძირითადად მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც თვითონ ან მათი ოჯახის წევრები და ახლობლები დაპატიმრებული იყვნენ წინა ხელისუფლების დროს ანდა ბიზნესი წაართვეს თუ შეუზღუდეს. განსაკუთრებული ნაწილი ამ კატეგორიაში არიან ე.წ. "ძველი ბიჭები", რომლებიც შეეკრენ ხელისუფლებას და მათ მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენენ არჩევნების პროცესში, რომლებმაც უბანში და ქუჩაში უნდა უზრუნველყონ რომ მოსახლეობამ და პირველ რიგში ახალგაზრდებმა მმართველ პარტიას დაუჭირონ მხარი.

ყველაზე მრავალრიცხოვანი მასა, რომელიც აბსოლუტურად ინდიფერენტულია არჩევნების მიმართ და ხელმძღვანელობს პრინციპით, "რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება", "ჩემთვის მაინც არავინაა", "ყველა ერთი ნაგავია" და ა.შ. ისინი თავის ჭკუით პროტესტს გამოხატავენ და ამიტომ არჩევნებზეც არ მიდიან. ის რომ, ეს არმისვლა მმართველი პარტიისთვის საჩუქარია, მათ არ იციან. მათთვის უცნობია ჩერჩილის სიტყვები: ცუდი მთავრობები მოყავთ იმ კარგ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებზე არ მიდიან.

აი, ეს არის ის ხალხი, რომელმაც გადაწყვიტა არჩევნების და მასთან ერთად საქართველოს ბედიც, სულ მცირე კიდევ სამი წლით. ახლა "ქართული ოცნება" მშვიდად იქნება. მათი ძირითადი ამოცანა ამ სამი წლის განმავლობაში იქნება დაამთავრონ ნაციონალები (შუა უკვე გაკრეფილია). ხომ დაგვპირდნენ კიდეც, ჩაივლის არჩევნები და მერე ყველას მოგხედავთო. მომავალი საპარლამენტო არჩევნებზე მათი მიზანი იქნება დღეს არსებული 48% გადააცდინონ 50%-ს, რათა ისევ ერთპარტიული მთავრობა იყოს და ხელი არავინ შეუშალოს. ჩვენი საზოგადოების პირობებში ეს სრულიადაც არ არის შეუძლებელი.

ვფიქრობ, ეს შემდგომი სამი წელი ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი, ხოლო ეკონომიკური პარამეტრებიც საეჭვოა რომ გაუმჯობესდეს. კიდევ ბევრი ახალგაზრდა წავა საზღვარგარეთ. (რამდენიმე მეც ვიცი, რომლებიც ამ არჩევნების შედეგებს ელოდებოდნენ და ახლა ალბათ საბოლოოდ გადაწყვეტენ წასვლას). და თუმცა ძალიან მინდა ოპტიმისტურად შევხედო მომავალს, სამწუხაროდ, ამის საფუძველი არ მაქვს.

თქვენ კი, ვინც მხარი დაუჭირეთ "ქართულ ოცნებას" ან არ მიხვედით არჩევნებზე ნუ იწუწუნებთ, რომ ყველაფერი გაძვირდა, ლარი გაუფასურდა, კრიმინალი გაიზარდა, კორუფციამ წაგვლეკა, ყველა საზღვარგარეთ მიდის და ა.შ. ეს თქვენი არჩევანია, თქვენ მოიყვნეთ ეს მთავრობა და კეთილი ინებეთ და მათ ქმედებაზე თქვენც აგეთ პასუხი. იმიტომ, რომ თქვენ დღევანდელი თუ ხვალინდელი მძიმე ვითარების მსხვერპლი კი არა თანაშემოქმედი ხართ."

წერს ზურაბ დავითაშვილი.

ნანახია: (613)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას