logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

მ.სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომა, პოსტსაბჭოთა ქართული ეკლესია და საქართველოს აწმყო

[ცოტა ვრცელი გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ წასაკითხია და გასაანალიზებელი ყველა თანამემამულის მიერ, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების მიერ]

"არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, პირველ რიგში ტრადიციულად მართლმადიდებლურ რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, მოლდოვაში, ეკლესია სახელმწიფოს თავზე არ აზის, პატრიარქის, ეკლესიის მეთაურის კულტი არცერთ ერში არაა, საქართველო ამ მხრივ საცოდავი გამონაკლისია. მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც რუსეთის, ბელორუსის და მოლდოვის მართლმადიდებლების სრულ უმრავლესობას მოიცავს, ნაწილობრივ ასევე მოიცავს უკრაინის მართლმადიდებლებს, და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, მთელი პანდემიის მანძილზე პრინციპულად მოუწოდებდნენ მრევლს ვაქცინაციისკენ, ემორჩილებოდა სახელმწიფოს მიერ მათთვის დაკისრებულ ყველა რეგულაციას. საქართველოში პირიქითაა: საჯარო შეკრებები როცა აკრძალული იყო, ეკლესია/საპატრიარქო ამას არ იცავდა ჯიუტად და არც ვაქცინაციისკენ მოუწოდებს მრევლს, ფსევდო-ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული. ამასობაში, ვაქცინაციის პროცესი სანახევროდ ჩავარდა და სხვა ქვეყნებთან შედარებით პროცენტულად ბევრად მეტი ანტივასქერია საქართველოში, ისევ და ისევ უმეტესწილად ანტივაქსერი სასულიერო პირების ქადაგების წყალობით, ვაქცინა გამოცხადდა ანტიმართლმადიდებლურ და დემონურ აქტად, საპატრიარქო გასუსულია, ხელს იბანს პილატესავით, გამოთაყვანებული ანტივაქსერი სამღვდელონი კი თავისას უბერავენ ამბიონებიდან, ამიტომ გვაქვს უმძიმესი ვითარება ქვეყანაში.

სათქმელი სხვაგან გამექცა თითქოს, მაგრამ ამითი იმის ილუსტრირება მსურს, რომ გავიაზროთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარების, უსაფრთხოების და ჯანდაცვისთვის ეკლესიას საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მორწუნეა ანუ თეისტია და ეკლესიის, განსაკუთრებით პატრიარქის პოზიციას ითვალისწინებს და სჯერა. ესე იგი, პატრიარქი შეიძლება სასარგებლო როლშიც იყოს და უარყოფითშიც. მსოფლიოს ყველა ქვეყნის და ეკლესიის პატრიარქები აიცრნენ და მრევლს საკუთარი მაგალითით აჩვენეს ცრუმორწუნეობირივი ანტივასქერობის სისულელე, ჩვენთან არც ეს მოხდა. ერთი სიტყვით, ვლადიკავკაზელმა ილია მეორემ, მისმა მოსაყდრე შიომ და ადმინისტრაციამ, ანუ საპატრიარქომ, კარგა გვარიანად დაასხეს ანტივაქსერების წისქვილზე წყალი და სიბნელის მასშტაბები გაზარდეს საქართველოში.

ვაქცინაციის თემა არაა ერთადერთი, რასაც დღევანდელი ქართული ეკლესია საფრთხეს უქმნის, არანაკლებ საფრთხეს უქმნის საქართველოს პრო ევრო-ამერიკულ კურსს და ცივილიზაციურ განვითარებას, 20-30 წელია ამბიონები მყარად გამოიყენება იმის საქადაგებლად, რომ ამერიკა-ევროპა მასონური და სატანისტურია, ხოლო რუსეთი მართლმადიდებლობის ბურჯი და დამცველია მსოფლიოში. ამ ნარატივით უამრავი საეკლესიო წიგნი, ბოშურა, ჟურნალ-გაზეთი დაიბეჭდა და ინტერნეტსაიტი ფუნქციონირებს წლების მანძილზე. ამისი საილუსტრაციოდ და პროპაგანდირებისთვის არაერთი ქადაგება დევს ინტერნეტში, მაგრამ უფრო მეტი რა თქმა უნდა არ ფიქსირდება ვიდეოზე, მაგრამ რეალობაა: უამრავი ეპ. სპირიდონ აბულაძეები, დეკ. თადეოზ სარალიძეები, ისაკაძეები და დეკ. მოსე ჭელიძეები გვყვავს საქ. ეკლესიაში, ზოგი უფრო შეფარვით ქადაგებს რუსულ იდეოლოგიზირებულ-პოლიტიკურ "მართლმადიდებლობას", ზოგი უფრო მკვახედ, როგორც ეს ზემოთ დასახელებულნი. ამით იმის თქმა მსურს, რომ დღევანდელი პოსტსაბჭოური, ილია შიოლაშვილ-ივერიელის მიერ ფორმირებული ეკლესია, ავსებული უდიპლომო, უვიცი, ახალბედა და სულაც კრიმინალური წარსულის და აწმყოს მქონე ანაფორიანებით ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს აწმყოს და მომავალს,გამომდინარე იქიდან, რომ მათი გავლენა ქართველ ერზე დიდია. 2004-2012 წლებში, როდესაც იგივე რეალობა იყო ეკლესიაში იდეოლოგიური და ინტელექტუალური მხრივ, ვერ მოხდა ამ საშიშროების სათანადო გაცნობიერება მაშინდელი მმართველის, პრეზიდენტ სააკაშვილის და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, რაც საბედისწერო სიბეცე და შეცდომა იყო და საბოლოოდ ეკლესიამ/სამღვდელოებამ ლომის წილი შეასრულა 2012 წლის არჩევნების პროცესში და ივანიშვილის "გახელმწიფებაში". აღარ მოვყვები იმას, მერე რა დააემართა ქვეყანას, ახლა მთავარი ტრაგედია ისაა, რომ რუსული რბილი ძალა შეგვრჩა სახელმწიფოს სათავეში და ქვეყნის ევრო-ამერიკული ინტეგრაცია, ეკონომიკური გაჯანსაღება და ცივილიზაციის გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს არაფორმალურად მთელი საქართველო, და ეს რომ ასეა, არამხოლოდ ივანიშვილის მოყვანილი საქართველოს მყვლეფავი, ბრიყვი, ფულის მონა ჩინოვნიკების ბრალია, არამედ საპატრიარქოს და სამღვდლოების დიდი ნაწილის მიერ იდეოლოგიურად შემზადებული მოცემულობაა. სახელმწიფოს წინა მმართველთა მიერ საბჭოური ფორმაციის ეკლესიის მანკიერების ვერ გაცნობიერებამ, მისმა ფინანსურმა და მატერიალურ-ტექნიკურმა მზარდმა უზრუნველყოფამ დღეს პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქართველი ერის განვითარების და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ეროვნული საკითხი, რადგან გვაქვს სახელმწიფო სახელმწიფოში, და ეს პირველი "სახელმწიფო" არის არა კანონმორჩილი, არა განათლებისა და არა მეცნიერების მოყვარე, არა ჰუმანისტი და არა ეროვნული, არამედ საბჭოური ფორმირების ბინძური ფსევდრელიგიური კანტორა, რომელიც ქრისტეს სახელს ამოეფარა და პატრიოტიზმით და ქრისტიანობის სახელით ვაჭრობს, აბითურებს მასებს.

რადგან 2005 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს ბიუჯეტიდან ეკლესიას/საპატრიარქოს, მის ათობით დაწესებულებას, იგივე სახელმწიფომ გადასცა მას მილიარდობით ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება (მიწები, ტყეები, რეზიდენციები და სხვა ინფრასტრუქტურა), მომავალში, რადგან დანაშაულებრივი და პრორუსული "ოცნების" ხელში ეს შეუძლებელია, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ეკლესიის ადმინისტრაციული წრეების წმენდა კრიმინალებისაგან და რუსოფილებისაგან (შეგნებული თუ შეუგნებელი რუსული აგენტურა) და ხელი შეუწყოს დასავლეთის ქვეყნებში (საბერძნეთი, გერმანია, ამერიკა და სხვა) საეკლესიო განათლებამიღებული პირებს საეკლესიო ადმინისტრაციაში ადგილების დასაკავებლად, არა იმიტომ, რომ ეკლესია სახელმწიფოს დაემორჩილოს, არამედ იმიტომ, რომ ეკლესიაში საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩანერგილი და დღემდე ძლიერად არსებული პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი ბირთვი ამოიშანთოს სამუდამოდ.

P.S. ხო მართლა, რიტორიკულად ვიკითხავ, რომ გვახსოვდეს: აზერბაიჯანის მიერ დაკავებული გარეჯის მონასტრები (უდაბნო, ჩიჩხიტური, აღდგომა, ბერთუბანი) დაიბრუნეს რუკებით სპეკულიანტმა აფერისტებმა?! მსოფლიო მემკვიდრეობის გელათის ფრესკები და კედლები წყლის ნაკადებს რომ არეცხინეს 2019 წლიდან და დიდი ხანი ჯიუტად ფარავდნენ-ამსუბუქებდნენ რეალობას, რას უპირებენ?! მსოფლიო მემკვიდრეობის ქ. მცხეთას როდის ეღირსება გენგეგმა?! თანამედროვე მეგა ტაძრების მშენებლობით (სამება, მახათა, ზუგდიდი, ახალი ბოდბე…) გართულ საპატრიარქოს როდის დააინტერესებს ისტორიული და უწმინდესი ტაძრები, რომლებიც ყოველდღე გვენგრევა და ზიანდება?!"

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (831)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას