"ბოროტმა ადამიანებმა მოგვატყუეს, ღმერთი საკუთარ თავზე მოირგეს და შეგვიცვალეს...
ღატაკთა და უპოვართა ღმერთი – მდიდართა მფარველად და ელიტარულ ოქროს ხბოდ გამოაცხადეს;
დევნილთა, პატიმართა, ჩაგრულთა, მწუხარეთა და სნეულთა ღმერთი – ფუფუნებისა და კეთილდღეობის კერპად დაგვიდგინეს;
გლახაკთა და უძლურთა შემწე – ძლიერთა ამა ქვეყნისა და მმართველთა მფარველად თარგმნეს;
უბრალო ხალხისა და ფერხთბანის ღმერთი – უპრინციპო პოლიტიკოსების საკუთრებად გადააქციეს;
ცოდვების გამო მონანულთა სანუგეშოდ მოსული იესო – მუდამ და ყველაფერში „მართალთა“, „უცოდველთა“ და სხვაზე უპირატესობის მოპოვების, ანუ ზიზღისა და „მტრის ხატთან“ მებრძოლ მონსტრად გადაასხვაფერეს;
თავმდაბალთა და მორჩილთა, ღვთის ნებისადმი მინდობის ღმერთი – ბაბილონური თავნებობისა და „ყველაფერი მოსულას“, ამპარტავნებისა და მედიდურობის ქომაგად გარდაქმნეს;
განსაცდელისა და ტკივილის მორჩილებით დამთმენთა მკურნალი იესო – ამქვეყნიური ბედნიერებისა და განცხრომის ღმერთამდე დაიყვანეს;
მონანიე დაცემულთა და მოტირალ დაკარგულთა გამო გახარებული ზეცა – მიწიერი ცხოვრებით ტკბობის სავანედ გადააკეთეს;
უშიშართა, სხვისთვის თავგანწირულთა ღმერთი, ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად ჯვაცმული იესო – მხდალთა, საკუთარი თავით ტკბობისა და ნარცისთა ღვთაებად შეცვალეს;
ერთი დაკარგული ცხვრის, ე.ი. ინდივიდუალიზმის ღმერთი – ცხვრების ფარის, კოლექტივისა და უმრავლესობის ნების მბრძანებლად შემოგვტენეს;
მსოფლიო მოქალაქეთა ღმერთი – შოვინიზმისა და ყალბი პატრიოტიზმის მქადაგებლად განმარტეს;
დღევანდელი დღით მცხოვრებთა ღმერთი – სიმდიდრის დაგროვების ყულაბად გამოთალეს;
საუკუნო ცხოვრებისა და სულის უკვდავების მომნიჭებელი – მატერიალურ სამყაროსთან მიჯაჭვულობისა და დაბადებიდან მკვდართა მფარველად მოგვაჩვენეს;
იესო, რომელიც სიკეთეა და სიყვარული – დაუნდობლობის, სიძულვილისა და ომის წინამძღოლად გამოაცხადეს;
გულის სითბო – გულქვაობასა და ცივსისხლიანობამდე დამახინჯდა;
ცხვრების მფარველი – მგლების ხროვის წინამძღოლი გახადეს;
სამყაროს შემოქმედი და თავისუფალი ნების მწყალობელი – გაქვავებული დოგმებისა და წეს-ჩვეულებების აღსრულების თვითმპყრობელად...
ქედმაღალმა ბატონებმა ღმერთი შეცვალეს და საკუთარ თავზე მოირგეს...
მათ „ჯიბის ღმერთი“ გამოაქანდაკეს, ფულით მოისყიდეს, პირფერობით მოატყუეს, მიისაკუთრეს და საკუთარი ბოროტი ზრახვებისა თუ ვნებების სამსახურში ჩააყენეს...
იმედის ღმერთი – ოცნების მირაჟად გადააქციეს...
ამაყმა არარაოებმა ღმერთი დაგვიმალეს – ადამიანებმაც ჭეშმარიტების გზა დაივიწყეს და სიცრუე შეიყვარეს, ხალხმა ნუგეშისმცემელი უარყო და სასოწარკვეთას მიეცა..."
ზურა ოდილავაძე.
2021, სექტემბერი
ნანახია: (731)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას