logo.png

Zurab Jashi

"საბოლოო ჯამში, ჩვენს სამღვდელოებაში გაბატონებული უზნეობის და სიბნელის მთვარი მიზეზი არის სამღვდელოებისთვის აბსოლუტური სულიერი ავტორიტეტის მინიჭება და მრევლის როგორც ეკლესიის ერის არარსებობა. ეკლესია როგორც კრებული ცალსახად არის გაიგივებული სამღვდელოებასთან, ერისკაცი კი გარედან მოსულ სტუმრად აღიქმება. ერისკაცი ფიქრობს, რომ მას შეუძლებელია ჰქონდეს ღმერთთან უშუალო ურთიერთობა, მარტო მღვდელს აქვს ასეთი ურთიერთობის პრივილეგია საკურთხეველში (აკი პირდაპირ ასე განაცხადა ერთ-ერთმა ჩვენმა ეპისკოპოსმა) და შესაბამისად, ის მღვდელზე არის დამოკიდებული. ამიტომ ამბობს საპატრიარქო, რომ ეკლესიას ებრძვიან, როდესაც პატრიარქს ან რომელიმე ეპისკოპოსს აკრიტიკებენ, რადგან მათთვის პატრიარქი (ეპისკოპოსი, საპატრიარქო)=ეკლესია. ეს არის აბსურდი და მართლმადიდებლური სწავლებით არის სრული ერესი, მწვალებლობა!

სინამდვილეში რა ფუნქცია აქვს მღვდელს? ის არის მოძღვარი, რომელიც მე, ერისკაცს უნდა მასწავლიდეს სწორედ ღმერთთან უშუალო ურთიერთობაში შესვლას. როგორც ნებისმიერი საგნის მასწავლებელი საწყის ეტაპზე მოსწავლესთან შედარებით მეტ ცოდნას ფლობს, მაგრამ თვითონ სწავლების პროცესში ის მას უზიარებს მოსწავლეს, სანამ მათი ცოდნის დონეები არ გათანაბრდება და შემდეგ შეიძლება მოწაფემაც გადააჭარბოს, ზუსტად ასევეა სულიერ განსწავლაში. მაგრამ როგორ უნდა მასწავლოს სულიერი სიბრძნე და ზნეობა გაუნათლებელმა და უზნეო მოძღვარმა? რაც მას თვითონ არ გააჩნია, მე რას გამიზიარებს?

ახლა შევხედოთ მღვდლის საკრამენტულ ფუნქციას, რასაც დღეს ყველაზე მეტად ბოროტად იყენებენ მრევლის დასამონებლად. წმ. ავგუსტინეს სწავლებით, მღვდლის მიერ აღსრულებული წირვა მადლისმიერად ქმედითია თვითონ წირვის აღსრულებული მოქმედებიდან გამომდინარე და არა მოქმედი სამღვდელო პირის სიწმინდიდან გამომდინარე. მაგრამ იგივე ავგუსტინე ამბობს, რომ ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარებას შედეგი მოაქვს მხოლოდ მათთვის, „ვინც მას იღებს სულიერად და არა ხორციელად, ჭამს მის გულში და არა კბილებით“ (ჰომილიები იოანეს სახარებაზე 26. 12). გამოდის, რომ საბოლოო ჯამში, მადლის შემოსვლა ჩვენში ისევ ჩვენს, ანუ ერისკაცის პიროვნულ სიწმინდეზეა დამოკიდებული და არა მღვდლის რიტუალზე. ასე რომ, ვერანაირ მადლს ვერ მოგიტანთ „მე მიყვარს ჩემი პატრიარქის“ ძახილი. საჭიროა გულში ქრისტესადმი სიყვარულის ანთება.

ამავე დროს ეს საკრამენტული პრინციპი სულაც არ ათავისუფლებს მღვდელს მისი პირადი პასუხისმგებლობისგან. მისი სამღვდელო შესამოსელი და ლიტურგიული ქმედება მიზნად ისახავს ქრისტეს პიროვნების და გამომხსნელი ღვაწლის სიმბოლურ გაცხადებას. თუ ასეა, მაშინ როგორ შეიძლება ქრისტეს სიწმინდე ისეთ უწმინდურს შევმოსოთ, რომელიც არათუ ნანობს მის მძიმე ცოდვას, არამედ ის მის ცხოვრების წესად უქცევია?! როგორ შეიძლება მარგალიტი ღორებს გადავუგდოთ და ტალახში გავსვაროთ?! ამიტომ მოითხოვს თვითონ წირვის ლოცვები მღვდლის სინანულს და განწმენდას, როცა ის წარმოთქვამს: „არავინ არს ღირს თანაშეკრული ხორციელთა გულისთქმათა და გემოთა წარდგომად ანუ მიახლებად გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო; რამეთი მსახურებაი შენი დიდ არს და საშინელ თვით მათ ზეცისა ძალთასა . . . მოიხილე ჩემ ზედა ცოდვილსა და უხმარსა მონასა შენსა და განსწმინდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტთაისა და ღირს მიჩინე მე მადლისა სულისა შენისა წმიდისაითა შემოსილი მღდელობისა მადლითა წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა . . .“ (იოანე ოქროპირის წირვა).

ამიტომ, ვერცერთი სამღვდელო თუ საერო პირი სინდისს ვერ დაიმშვიდებს ამ ბოროტებების მოთმენისას, რაც ჩვენს ეკლესიაში ხდება, იმის თქმით, რომ ის პატრიარქის, სინოდის და მამაოების კურთხევებს ემორჩილება და ასე ემსახურება ღმერთს. თავი არ მოვიტყუოთ, ასე ღმერთს კი არა სატანას ვემსახურებით, რომელსაც სწორედ რომ სურს ეკლესიის ასე წაბილწვა. და ამაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ჩვენგანი გაექცევა როგორც ღვთის წინაშე ასევე ადამიანთა წინაშე."

წერს თეოლოგი ზურაბ ჯაში.

ნანახია: (1082)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას