logo.png

Nino Lireus Sadza

 

"ეკლესიის მტრებზე და ა.შ.

დღეს ძალიან ხშირად გავიგონებთ ფრაზას: „ეკლესიას ებრძვიან!“

როგორც წესი, ამას პოლემიკურ კონტექსტში ამბობენ და მახვილს ლესავენ (მერე რა, რომ იესომ გეთსამანიის ბაღში პეტრეს მახვილი ჩააგებინა) მტრის ამ განზოგადებულ სახესთან საბრძოლველად, მაშინ, როცა, ქრისტიანობისთვის, მის თავდაპირველ საწყისებში, მტერს არასოდეს ჰქონია აბსტრაქტული სახე:

თუ ეს პირადი მტერი იყო, ქრისტიანებმა ქრისტესგან იცოდნენ, რომ უნდა შეეყვარებინათ,

ხოლო თუ ეს მტერი სისტემური სახის იყო (როგორც, მაგალითად, რომის იმპერიაში), ქრისტიანები ამასაც მშვიდად ხვდებოდნენ და მეტიც, ცდილობდნენ, წესიერი მოქალაქეები ყოფილიყვნენ და სამოქალაქო ბუნტი არ გამოეწვიათ (ამაზე პავლე პირდაპირ ქადაგებდა, ხელმწიფებასა და მთავრებს პატივი ეცითო). უმთავრესი მტერი სატანაა და არც მას ჰქონია ზოგადი სახე, არამედ ძალიან კონკრეტული ასკეტური მეთოდებით დაიძლეოდა („არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.“ მათ.17)

ისიც გვახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ პირველ ხანებში მოციქულები სინედრიონმა დაატუსაღა აღდგომილი მაცხოვრის სახელით ქადაგებისთვის, ქრისტიანული თემი სალოცავ სახლში გახლდათ შეკრებილი და ღმერთს ევედრებოდნენ გაძლიერებას, ნაცვლად იმისა, რომ განსაცდელისგან ხსნა ეთხოვათ, ანდა, აჯანყების გეგმები დაეწყოთ. ღმერთმა, იხილა რა, მათი რწმენა, თავადვე ისე მოაწყო, რომ სულ მალე, პეტრემ და დანარჩენმა მოციქულებმა მომლოდინე სულიერ შვილებს კარზე მიუკაკუნეს და ყველამ ერთად აღავლინა სამადლობელი. ამ ამბებს „მოციქულთა საქმეების“ პირველსავე თავებში (იხ. პირველი რვა თავი) ამოიკითხავთ.

ქრისტიანობა იმთავითვე დევნულია. ამაზე ჯერ კიდევ იესომ აღნიშნა მათეს სახარების მეხუთე თავში („ნეტარ იყვნეთ თქვენ რაჟამს გდევნიდნენ და გყვედრიდნენ“) და შემდგომაც გაიმეორა, ხოლო კიდევ უფრო მოგვიანებით, ეს თვითშეგნება დევნულებისა, პავლე მოციქულმა განამტკიცა:

1) ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ (2 ტიმ. 3, 12)

2) ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ. ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე. (1 კორინთ. 4,9-13).

დევნულება ქრისტიანობის არსი და მდგომარეობაა და მას არანაირი კავშირი არ აქვს კონკრეტულ პოლიტიკურ მმართველობასთან:

ქრისტიანობა დევნილია იმწამიდან, რაწამსაც გაიაზრებს, რომ ამა სოფლის სულს არ ეკუთვნის.

ასე რომ, რაწამსაც ქრისტიანი დევნის გამო ბოროტდება და სამიზნეს საკუთარი თავიდან მდევნელზე გადაიტანს, ქრისტიანად ყოფნას წყვეტს და ინსტიტუციის ფორმალურ წევრად იქცევა.

ამრიგად, თუკი ვინმე გებრძვით, ცილს გწამებთ და „ცუდი ტიპია“, თქვენი, როგორც ქრისტიანების ერთადერთი ადექვატური რეაქცია ცისკენ ახედვა და ღვთის მადლობაა, სხვა დანარჩენი, კაცობრივი ეგოიზმის ამბავია!

ფოტოზე: სტეფანე პირველდიაკვნის ჩაქოლვა."

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

წერს Nino Lireus Sadza

ნანახია: (704)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას