logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"რატომ არის საქართველოს ეკლესიაში შექმნილ მომაკვდინებელ კრიზისზე პასუხისმგებელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე?! ოპონენტები ხშირად გვაყვედრიან რომ არ ვაფასებთ მის ამაგს და მოხუცებულობას.

არიან ადამიანები, ვინც შექმნილ ანარქიასა და კრიზისში ყველას, მათ შორის იერარქების, დანაშაულს და ნაკლს ხედავენ, მაგრამ არ უნდათ პატრიარქის, როგორც უმთავრესი პასუხისმგებლის დანახვა და მთელი ძალით იცავენ და მის კრიტიკას/მხილებას აფასებენ ჭეშმარიტების ღალატს და მიუტევებელ დანაშაულს. არადა, ასეთი მიდგომა არის უკიდურესი სუბიექტურობა, უსამართლობა, სიბრმავე, შესაბამისად არც ღვთივსათნოა და არც მართალი.

რატომ?! იმიტომ, რომ სინოდის და საპატრიარქო ადმინისტრაციის მთელი საკადრო პოლიტიკა ილია მეორის მიერ ერთპიროვნულად განხორციელებულია 44 წლის მანძილზე, არასოდეს არ არჩევდა კადრებს განათლებისა და პატიოსნების კრიტერიუმებით, არამედ ერთმნიშვნელოვნად ყურადღებას აქცევდა პიროვნების ყურმოჭრილ მონობას, თუნდაც კრიმინალური და ამორალური წარსულის და აწმყოს მქონენი ყოფილიყვნენ ეს პირები. და ამას ყველაფერს ფუთავდა და ამართლებდა სიყვარულით, დიდსულოვნებით და მიმტევებლობით, ისევ და ისევ საკუთარი განდიდების და გაწმინდანების საშუალებად. მაგრამ ჩვენ ვიცით ნამდვილ წმინდანთა, მათ შორის მოციქულთა (პეტრე, პავლე…) და წმინდა მამათა (მაგ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების, გრიგოლ ხანცთელის.. ) უმკაცრესი და შეიძლება ითქვას უსასტიკესი დამოკიდებულება ეკლესიაში მყოფი უზნეო და უღირსი პირებისადმი. და რა გამოდის, მათ არ ჰქონდათ სიყვარული, მიმტევებლობა, დიდსულოვნება და ილია მეორეს აქვს?! სინამდვილეში ილია მეორემ სრულად გახრწნა ეკლესია თავისი მინიმალისტური დამოკიდებულებით ზნეობრიობისა და განათლებულობისადი.

მას არასოდეს უცდია კადრების რეალური და შედეგიანი აღზრდა-გამოზრდა განათლების კუთხით, მეტიც არაერთი პირი ეპისკოპოსებად აკურთხა ყოველგვარი სასულიერო-თეოლოგიური განათლების გავლის გარეშე, აქედან უკვე ნათლად სჩანს, რომ ის არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა განათლებას და კომპეტენტურობას, არც მორალურ წარსულს ანიჭებდა მნიშვნელობას, თორემ აღვირახსნილი მამათმავლები და მექალთანენი, ნარკომანები, ნაციხრები და რწმენაში გამოუცდელები არ ეყოლებოდა საკუთარი ხელით მღვდლებად და ეპისკოპოსებად დადგენილნი. ვერც იმას ვერ ვიტყვით რომ მას გამჭრიახობა და გონება აკლდა და ვერ ხვდებოდა ვინ ვინ იყო და ისე აკურთხებდა. საამისო უგნური არასოდეს ყოფილა, არც ინფორმაციის მიმტანების ნაკლებობას უჩიოდა, ადამიანების ცნობა კი ყველაზე კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ეკლესიის და ქვეყნის საუბედუროდ კადრების ხარისხი, განათლება, მორალი არასოდეს ადარდება, შედეგიც მივიღეთ შესაბამისი.

მართალია საქართველოში არ იყო თეოლოგიური მაღალი დონის სასწავლო ცენტრები და არც ახლაა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ყოველთვის შეეძლო კადრების ინტელექტუალური და სამეცნიერო აღზრდა რუსეთის და უკრაინის სასულიერო აკადემიებში, სსრკს დაშლის შემდგომ კი ევროპასა და ამერიკაში. თითო-ოროლას კიდეც აგზავნიდა პერიოდულად, მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ ამ პირების რამდენიმე თვით თუ ერთი-ორი წლით გასეირნებით მთავრდებოდა და რეალურად თეოლოგიური სამეცნიერო და საეკლესიო კვალიფიციური კადრები არ აღზრდილან, და ეს რომ ასეა, საქართველოს საპატრიარქოს და მის სინოდს კარგად ემჩნევა.

უფრო კონკრეტულად, თუ როგორი იყო მისი უნეტარესობის დამოკიდებულება სერიოზული, ნამდვილი და არა ფიქტიური სწავლის და სამეცნიერო მომზადებისადმი ერთ ფაქტს გავიხსენებ. 1980-იან წლებში ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში იყო გაგზავნილი ვლადიმერ საბიაშვილი, შემდგომ დეკანოზი გიორგი, აწ განსვენებული შესანიშნავი პიროვნება. ერთხელ მოგვიყვა: აკადემიას რომ ვრჩებოდი, კურსის ხელმძღვანელმა მღვდელმთავარმა კირილე გუნდიაევმა (ახლა რუსეთის პატრიარქი) შემომთავაზა დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებაო, რომ ჩამოვედი პატრიარქთან ამ საკითხის შესათანხმებლად, მიპასუხაო: ბევრმა სწავლამ გაგიჟება იცის, რაც ისწავლე საკმარისია, დარჩი უკვე უნდა გაკურთხო ხარისხშიო. ასე ჩამეშალა სადოქტოროზე სწავლა და დოქტორი ვერ გავხდიო, დანანებით ამბობდა ცხონებული. ყურადღება მიაქციეთ, ხალხო, ესაა 1980-იანი წლები, საქართველოს ეკლესიას არ ჰყავდა არცერთი თეოლოგიის დოქტორი, თავად ილია მეორე თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი იყო მხოლოდ. ალბათ, ერთის მხრივ პირველიერარქის ეგოისტური ვნება, რომ მასზე წარმატებული და ნაღალცენზიანი განათლების მქონე არავინ ყოფილიყო საქართველოს ეკლესიაში და მეორეს მხრივ, მისი აგდებული დამოკიდებულება განათლებისადმი სახეზეა. აბა, სხვა რა აზრი უნდა გამოვიტანოთ ამ ფაქტიდან?! 2010-იან წლებამდე საქართველოს ეკლესია ერთადერთი იყო მსოფლიოში, რომელსაც არ ჰყავდა თეოლოგიის დოქტორები. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული დიპლომები ნინიას ბაღს შეგვიძლია შევადაროთ. არანაირი ავტორიტეტი მას მსოფლიოში არ ჰქონდა და არც ახლა არ აქვს.

ამას ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ გავაანალიზოთ ყველამ თუ რატომ ვართ ასეთ სავალალო დღეში, რატომ არიან უვიცი ჯიბგირები მღვდლებად, ეპისკოპოსებად და მიტროპოლიტებად, რატომ ჩამობნელდა ასე საქართველოს ეკლესიაში და რატომ იქცა ჩვენი უძველესი მოწამეობრივი და განმანათლებელი ეკლესია კრიმინალურ ანკლავად და სიბნელის, ძალადობის, ერესების, ფანატიზმს, ფაშიზმს და რუსული იდეოლოგიის გამავრცელებლად ქართველ ერში და რა როლი მიუძღვის ამ ყველაფერში ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელ ირაკლი შიოლაშვილს, აწ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორედ წოდებულს."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (598)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას