logo.png

Beka Mindiashvili

"რაც ხდება, არ არის მარტო პოლიტიკური საკითხი, არამედ უფრო მეტად კულტურული პრობლემაა. ვიცით, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ კოლექტიური თავისუფლება, რუსული აგრესიისგან დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, მეორე მხრივ, დასაცავია ინდივიდუალური თავისუფლება, რომლის გარეშე უმრავლესობის სახელით მოძალადე ბრბოდ და რუსეთის ულუფად ზუსტად ერთ დღეში გადავიქცევით. ამიტომ, ამ ბრძოლაში გვჭირდება ერთი მხრივ, ქართული ნაციონალიზმის, ქართული ტრადიციის ძალა, მაგრამ ამავადროულად - ინდივიდუალური თავისუფლების პატივისცემაზე დაფუძნებული თვითშეგნებაც. ანუ, გვჭირდება, ილიას ტრადიციული ნაციონალიზმი, ვაჟას პატრიოტიზმი, მაგრამ ამავდროულად, ილიასა და ვაჟას შემწყნარებლობა და ლიბერალიზმიც.

მგონია, რომ ახლა ყველაზე მეტად გვიჭირს ამ ორი რამის: ერთი და იგივე დროს ნაციონალიზმის, ტრადიციის, პატრიოტიზმისა და მეორე მხრივ, განსხვავებული ადამიანის, მისი თავისთავადობის, მისი პიროვნული ღირსებისა და თანასწორობის აღიარება. ილიამ და ვაჟამ, მთელმა მაშინდელმა ქართულმა პოლიტიკურმა და კულტურულმა გარემომ ეს შესაძლებელი გახადეს. ვაჟა ფშაველამ დაწერა ალუდა ქეთელაური, სადაც თემის წესის, თემის რჯულის ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, წინა პლანზე წამოწია პიროვნების არჩევანი, ღირსების პატივისცემა, და მეორე მხრივ, დაწერა სტუმარ - მასპინძელი, პოემა იმის შესახებ, თუ რა ძალა შეიძლება გამოავლინოს ტრადიციამ, როგორც ჯავშანმა განსხვავებულის, უცხოს, მტრად მიჩნეულის დასაცავად.

თუ დავუკვირდებით, მთელი ქართული კულტურა უმთავრესად ამ ორ ღირებულებას იცავს და მუდმივად აცოცხლებს. მაშინ როდესაც მათი გამთლიანება შეუძლებელი ხდება, - მტრის ლუკმად ვიქცევით, ან უფრო სწორად, ჩვენვე ვიქცევით საკუთარი თავის მტრებად. დღესაც, თუკი შევძლებთ ამ ორი ძალის, ამ ორი დამცავი ფარის გამრთელებასა და მომარჯვებას, თუ შევძლებთ ტრადიციის, ნაციონალიზმისა და, მეორე მხრივ, ინდივიდუალიზმის ღირებულებებისთვის მყარი საერთო ნიადაგის გამონახვას, შევძლებთ სიმშვიდისა და სიმტკიცის მოპოვებასაც. ამის შემდეგ ჩოხაში გამოწყობილ დუგინსა და ეპისკოპოსის მანტიამოსხმულ ექზარხოსებს პატრიოტებად და მართლმადიდებლობის დამცველებად ვერავინ შემოგვასაღებს."

წერს ბექა მინდიაშვილი.

ნანახია: (631)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას