logo.png

აი, ფაქტი • ifact.ge

2015 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში მოქმედი რუსული “გორჩაკოვის ფონდი” უკრაინელ სტუდენტებში რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო დახურა. ჩვენთან ამ ფონდის შვილობილი დღემდე თავისუფლად საქმიანობს, ეწევა რუსულ პროპაგანდას მოსწავლეებსა და სტუდენტებში, მისი დირექტორი კენჭს იყრიდა არჩევნებში და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებშიც ღიად მონაწილეობს. 

“ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი” საქართველოში 2013 წელს “გორჩაკოვის ფონდისა” და “ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის” მიერ დაარსდა.  

რუსული ჰიბრიდული ომის მკვლევარი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ რუსი პოლიტოლოგების თეორიების მიხედვით, არსებობს სამი სოციალური ჯგუფი: პოლიტიკური ელიტა და სასულიერო პირები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მესამე, ოჯახები. იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ელიტამ ანუ პირველმა ჯგუფმა რუსეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს, კარგად დამუშავებული უნდა იყოს მეორე და მესამე ჯგუფები, ანუ ხალხი.  სწორედ ამიტომ, 2007 წელს პუტინმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა დაარსება გადაწყვიტა.  

მკვლევარი მიიჩნევს, რომ  საქართველოში  პრიმაკოვის ცენტრის გახსნა, გარკვეულწილად, მთავრობის ცვლილებასაც უკავშირდება: “2007 წელს პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომ შეექმნათ არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები მსოფლიოს მასშტაბით და გამოეყენებინათ რბილი ძალა მათი გავლენების  გასაძლიერებლად, თუმცა ჩვენთან ეს 2007 წელს არ მოხდა. ალბათ, ესეც ნიშანდობლივია, რადგან წინა ხელისუფლებასთან სხვა ურთიერთობები იყო. 2013 წელს ამ ე.წ. დათბობის და კარგი ურთიერთობების დასაწყისის მშენებლობის ფონზე, მათ შეძლეს, აქ გაეხსნათ პრიმაკოვის ფონდი,” – ამბობს ბუტიკაშვილი. 

ვინ არის პრიმაკოვი

ევგენი მაქსიმოვიჩ პრიმაკოვი სხვადასხვა დროს მუშაობდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად, შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრად და პრემიერმინისტრად. პრიმაკოვი 1929 წელს დაიბადა უკრაინაში, გაიზარდა საქართველოში, უმაღლესი განათლება კი მოსკოვში მიიღო. გარდაიცვალა 2015 წელს. 

არსებობს ე.წ. პრიმაკოვის დოქტრინა, რომელიც 1996 წლით თარიღდება. აღნიშნული დოქტრინის მიხედვით, განსაზღვრული არის როგორი უნდა იყოს რუსეთის  საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა მომდევნო ოცწლეულის განმავლობაში. 

დოქტრინის მიხედვით, რუსეთი უნდა იყოს შეუცვლელი აქტორი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. რუსეთს უნდა ჰქონდეს შეერთებული შტატების სურვილის საწინააღმდეგო ხედვა, რომელიც გულისხმობს მულტიპოლარულ მსოფლიოს, რომელსაც დიდი სახელმწიფოები მართავენ; რუსეთს უნდა ჰქონდეს მზარდი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში და შეძლოს მათი დარწმუნება ევრაზიული ინტეგრაციის უპირატესობაში; ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მუშაობა და ჩინეთთან პარტნიორობა. 

2019 წელს Carnegie Endowment for International Peace გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით “პრიმაკოვის დოქტრინა ამოქმედდა” (The Primakoc doctrine in action). ანგარიშის მიხედვით,  რუსეთის სამხედრო აქტივობები და ჰიბრიდული ომი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. “პრიმაკოვის დოქტრინის განხორციელება უგუნურება იყო. რუსეთის მცდელობა გამოეყენებინა ჰიბრიდული ომი და სამხედრო ძალა 2008 წელს საქართველოს, 2014 წელს უკრაინის და 2015 წელს სირიის წინააღმდეგ, იყო მცდელობა თავიდან აერიდებინა ზედმეტი რისკები,” – წერია ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, 2008 წელს საქართველოსთან ომით კრემლმა თავისი თავდაჯერებულობა დაიბრუნა, რაც საკმარისი აღმოჩნდა პუტინისთვის ე.წ. წითელი ხაზები გაევლო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. რუსეთმა 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააფრთხილა “ნატო,” თავი შორს დაეჭირა ამ ქვეყნებისგან. 

ანგარიშში წერია, რომ კრემლს ძირითადი ფსონი საქართველოზე აქვს შემდეგი კრიტერიუმების გამო: 

შესაბამისად,  მოსკოვისთვის საქართველო იყო შესანიშნავი სამიზნე, რომლის დახმარებითაც შეძლო, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების შეზღუდულ შესაძლებლობებზე, რომ მან ვერ შეძლო გამხდარიყო მსოფლიოს სუპერძალა და ასევე შეარყია ამერიკისთვის ხელსაყრელი უნიპოლარული მსოფლიოს კონცეპტი. 

ე.წ. პრიმაკოვის დოქტრინაში ჩამოთვლილ საკითხებს საქართველოში “პრიმაკოვის ფონდის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე განიხილავს ხოლმე. მაგალითად, 2020 წლის ივლისში, დიმიტრი ლორთქიფანიძე გორჩაკოვის ფონდის ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვისას ყურადღებას ამახვილებდა თემებზე, რომელიც საქართველოზე რუსეთის მზარდ გავლენას ცხადყოფს: 

საქართველოში “პრიმაკოვის ფონდი” გორჩაკოვის ფონდის ხელშეწყობით დაარსდა. 

გორჩაკოვის ფონდ 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა. ფონდს ლეონიდ დრაჩევსკი ხელმძღვანელობს. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობის”კვლევის მიხედვით, გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

გორჩაკოვის ფონდის საინფორმაციო ცენტრმა 2013 წელს მუშაობა კიევშიც დაიწყო, მიზანი იგივე იყო, რუსულ-უკრაინული მეგობრობის შენარჩუნება და რუსეთის მიმართ ახალგაზრდების ლოიალობის ზრდა. ფონდის საქმიანობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მათი სახელმწიფოსთვის საფრთხისშემცველად მიიჩნია და ორ წელში ოფისი დაუხურეს. 

უკრაინის მსგავსად, საქართველოშიც “პრიმაკოვის ფონდის” საქმიანობა, ძირითადად, ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, უფასოდ ასწავლიან რუსულ ენას, აცნობენ რუსულ ლიტერატურას, ატარებენ სხვადასხვა კონკურსს, აწყობენ დისკუსიებს, რომელშიც, ძირითადად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობენ. იმის გათვალისწინებით, რომ ფონდი რუსეთთან დიალოგისთვის და მეგობრობის გასაღრმავებლად შეიქმნა, საუბრების პათოსი რთული გამოსაცნობი არ არის. 

ჰიბრიდული ომების მკვლევარი, გიორგი ბუტიკაშვილი კარგად ხვდება, რატომ არიან ახალგაზრდები ამ ტიპის ფონდების სამიზნე: “ქართველი ახალგაზრდებისთვის განვითარების თვალსაზრისით დასავლეთია მიმზიდველი და არა რუსეთი. შესაბამისად, რბილი ძალის კლასიკური გაგებიდან გამომდინარე, გავლენა კულტურის მეშვეობით საქართველოში ეფექტურად არ მუშაობს. რასაც ისინი აქ ყიდიან არის კულტურული კონსერვატიზმი, ეთნიკური ნაციონალიზმი და რელიგიური ნაციონალიზმი. პრიმაკოვის ფონდსაც თუ დააკვირდებით, ავტომატურად არის ანტიდასავლური პროპაგანდა. მარტო რუსულს კი არ ასწავლიან, პოლიტიკურ ნაწილში შეხვდებით დიალოგებს რუსეთის ძლევამოსილებისა და ევრაზიული კავშირის შესახებ. შესაბამისად, ის დიალოგები, რომელიც მათ საიტზე არის, ცალსახად ანტიდასავლურია. ეს რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ელემენტია.”

პრიმაკოვის ცენტრი თანამშრომლობს ორგანიზაცია “რუსულ კლუბთან,” რომლის ერთ-ერთი სპონსორი  პუტინის მიერ შექმნილი ფონდი “რუსული სამყაროა.” 

პრიმაკოვის ცენტრს დაარსების დღიდან 2015 წლის დეკემბრამდე ზაალ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ის ამ პოსტზე ბეჟან ხურციძემ ჩაანაცვლა. ხურციძე ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი და “ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის” დირექტორი იყო.

2016 წლის ივნისში პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი ურუზმაგ ქარქუსოვი იყო. ქარქუსოვი “ნაციონალური მოძრაობის” დროს, 2007-2010 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ “ქართული ოცნების” რიგებშიც იყო

2018 წლის თებერვლიდან პრიმაკოვის ცენტრს დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის საბჭოს წევრები არიან ნატალია ბურლინოვა (რუსეთის მოქალაქე), მარია ლიამცევა (რუსეთის მოქალაქე), ანა ბოხუა და ნატალია წერეთელი. 

ნატალია ბურლინოვა რუსეთში ცხოვრობს და არასამთავრობო ორგანიზაცია “კრეატიული დიპლომატიის” პრეზიდენტია. მისი ორგანიზაციის მიერ წარმართულ დისკუსიებში, სხვა თემებთან ერთად, განიხილეს ამერიკის რბილი ძალა, სახალხო დიპლომატიის კრიზისი ამერიკაში, რა ელის ბუნტის შემდეგ ამერიკას და ა.შ 

რაც შეეხება მარია ლიამცევას, ის სახალხო დიპლომატიის სპეციალისტია,  რუსეთში გორჩაკოვის ფონდის საიტის რედაქტორად მუშაობდა, პერიოდულად მონაწილეობდა “პოლიტიკური კვლევების ცენტრის” ორგანიზებულ კონფერენციებში.  

საჯარო რეესტრის მონაცემებით, პრიმაკოვის ცენტრის ახლანდელი დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე რაიმე ბიზნესს არ ფლობს. 2017 წლის ივლისში, ჭავჭავაძის გამზირზე მან 25,000 დოლარად 30 კვ.მ. ფართი შეიძინა. 2020 წლის იანვარში, 17,000 დოლარად შეიძინა 1,425 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო ფართი დუშეთში, სოფელ არაგვისპირში.  

“პრიმაკოვის ფონდის” დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა. 

ლორთქიფანიძე პრორუსული მედიაში ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას დასავლური ინსტიტუტების შესახებ, როგორიც არის ევროკავშირი, ნატო, იუნისეფი. გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით. მეგობრობს ულტრამემარჯვენე, რუსული იდეების მატარებელ ძალებთან, როგორებიცაა ლევან ჩაჩუა, მამა-შვილი ფალავანდიშვილები, ლევან ვასაძე, “ქართული მარში,” “ალტ-ინფო.”

“პრიმაკოვის ფონდის” ეს იდეური თანხვედრა სხვა რუსულ ძალებთან გასაკვირი არავისთვისაა, ვინც რუსულ პოლიტიკურ გეოპოლიტიკას კარგად იცნობს. 

რუსი პოლიტოლოგი, ალექსანდრე დუგინი საჯაროდ ამბობდა, რომ საქართველო უნდა იყოს არა პროდასავლური, არა პრორუსული, არამედ პროქართული. “პრიმაკოვის ფონდის” თანამოაზრე ჯგუფებიც ზედმიწევნით იმეორებენ დუგინის ამ აზრს თავიანთ საჯარო გამოსვლებში. 

“ეს პროქართული ნარატივი ავტომატურად ნიშნავს ირმა ინაშვილს, ლორთქიფანიძეს, პრიმაკოვს, ანტიდასავლურს, ანტი-ნატოს, ანტი-ევროკავშირს და ზუსტად ამ ჭრილში ცდილობენ საზოგადოების ცნობიერებაზე ზეგავლენა მოახდინონ. ეს ჯგუფები ძალიან კარგად იყენებენ რელიგიურ ნაწილს. ყველაზე ძლიერი, რაზეც რუსული რბილი ძალა მუშაობს, ეს არის მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლური კავშირი რუსეთთან,“ – გვეუბნება გიორგი ბუტიკაშვილი. 

ლორთქიფანიძე ამ “წესებს” ფეხდაფეხ მიჰყვება. მეგობრობს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან. გასული წლის 16 ივლისს მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას “ქართული მარშის” წევრები და ლორთქიფანიძე შეუერთდნენ. 

ლორთქიფანიძე განსაკუთრებით აქტიურია დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.  

ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს ის ამბობდა: “2012 წლიდან დღემდე არ გავჩერებულვარ ამ თემასთან დაკავშირებით. ყოველთვის ვაცხადებდი, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორია მუხანათურადაა გაყიდული.” როგორც თავისი ფეისბუქიდან ირკვევა, 2019 წლის ივნისში ის გარეჯშიც იყო, როდესაც სასულიერო პირებმა, მრევლმა და სამოქალაქო აქრივისტებმა აქცია გამართეს სახელწოდებით “გარეჯი საქართველოა.” 

პრორუსული ჯგუფების მიერ გარეჯის თემით მანიპულირების ამბავი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშშიც მოხვდა. დოკუმენტში ვკითხულობთ: 

“გასულ წელს დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფი ცდილობდა, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის მცდელობებით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას.” 

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს გარეჯის თემაზე მიმდინარეობდა დესტრუქციული კამპანია, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას. ამ კამპანიას ეწეოდნენ ის პირები ან პირთა ჯგუფები, რომლებიც ეროვნული ფასეულობების დაცვის ფარს არიან ამოფარებული. 

ამ ძალებიდან ერთ-ერთი იყო “პრიმაკოვის ფონდის” ხელმძღვანელი, ვინც ხელისუფლებას კარტოგრაფებისთვის ბრალის სასწრაფო წესით წაყენებას სთხოვდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ლორთქიფანიძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეც იყო. 

ჩეხური არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის “ევროპული ღირებულებების ცენტრი უსაფრთხოების პოლიტიკისთვის” მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, დავით გარეჯის საკითხის გააქტიურებაში რუსული ჩარევის კვალი იკვეთება. 

სუს-ის 2019 წლის ანგარიშში წერია, რომ ე.წ. რბილი ძალის ფარგლებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებითვის განკუთვნილ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც მიზანმიმართულად მიმდინარეობდა პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა საკითხებთან მიმართებაში საკუთარ მსოფლმხედველობას მორგებული ინფორმაციის გავრცელება. 

ჩვენ სუს-ს წერილობით ვკითხეთ, იკვლევენ თუ არა “პრიმაკოვის ფონდის” საქმიანობას და რა ზომები გაატარეს ამ და მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ. სუს-მა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. 

პრიმაკოვის ფონდის საქმიანობიდან ვხვდებით, რომ მათ წინააღმდეგ სუს-ს არანაირი ღონისძიება არ ჩაუტარებია. ფონდი კვლავ აცხადებს ახალგაზრდებისთვის უფასო ენის კურსებს, გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას და მათი დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე 2020 წელს დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელ მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს.   

ნანახია: (647)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას