logo.png

Tamaz Lomidze

 

"გადავწყვიტეთ სისტემატიურად, მარტივად და გასაგებ ენაზე გამოვაქვეყნოთ ის უმთავრესი მცნებები და დარიგებები ბიბლიიდან, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს და სწამდეს ყველა ქრისტიანს. არა თუ მხოლოდ იცოდეს და თეორიულად სწამდეს, არამედ პრაქტიკულად ასე ცხოვრობდეს ყოველდღე.

რუბრიკას დაერქმევა:

რა წერია ბიბლიაში, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა

N 1

ღმერთი არის სიყვარული

ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მცნება წმინდა წერილიდან.

"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია." (1 ინ. 4,8) როცა უფალს ჰკითხეს, რომელიაო რჯულში მთავარი მცნება, სწორედ სიყვარულზე მიუთითებს; პირველად ღმერთის სიყვარულზე, როგორც უპირველეს და უმთავრეს მცნებაზე, "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით" (მთ. 22,37) და შემდეგ მის მსგავსზე: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი." (მთ. 22,39) ანუ ღმერთის და მოყვასის სიყვარული არის ქრისტიანის უპირველესი მოვალეობა.

უფრო მეტიც, თავად ღმერთის შესაცნობადაც სიყვარულია აუცილებელი, იოანე ღვთისმეტყველი მოგვიწოდებს: "საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია." (1 ინ. 4,7-8)

რომელია ყველაზე დიდი სიყვარული? იესო ქრისტე სიკვდილის წინ გვიჩვენებს სიყვარულის უმაღლეს საფეხურს და მცნებას გვიტოვებს მორწმუნეებს: "ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის." (ინ. 15, 12-13)

ე.ი. ერთმანეთისთვის თავის გაწირვა, მოყვასისთვის საკუთარის მსხვერპლად გაღება არის უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება. არ არსებობს ამაზე დიდი სიყვარული.

როცა ვიკითხავთ: აბა, სადაა ღმერთი? წმინდა წერილი გვპასუხობს: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი მკვიდრობს ჩვენში..." (1 ინ. 4,12)

დასკვნა: ღმერთი არის სიყვარული და თუ მან ასე შეგვიყვარა, მოვალენი ვართ ჩვენც, ქრისტიანები უპირობოდ გვიყვარდეს ერთმანეთი და თავი გავწიროთ ერთმანეთისთვის.

P.S. არ შეგეშალოთ: სიყვარული კი არ არის ღმერთი ანუ სიყვარულს კი არ ვაღმერთებთ, არამედ მარადიული ღმერთი, სამყაროს შემოქმედი თავად არის სიყვარული."

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ნანახია: (777)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას