logo.png

George Tiginashvili

 

"შესაძლოა ცოტაოდენ უტრირებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ საპატრიარქოსა და ხელისუფლების ქმედებები კლიმატურად და თვისობრივად ძალიან ჰგავს ირანის ისლამური რევოლუციის სცენარს!

როგორც ცნობილია 1978-1979 წლების ირანში პოლიტიკური თუ მენტალური რევოლუციისთვის თითქმის ყველა წინაპირობა არსებობდა: მოსახლეობის სოციალური სიდუხჭირე, რეპრესიული აპარატის შესუსტება, ინსტიტუტების დისფუნქცია, შეკრების თავისუფლება, კრიტიკული პრესა, რეჟიმისადმი კულტურული წინააღმდეგობა, უკმაყოფილო ელიტების მუდმივი ამბოხი, არარეალიზებული ახალგაზრდობა და ა.შ.

მმართველობის ბოლო წლებში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი პოლიტიკურად მოწყვლად ფიგურად აქცია, რომელმაც უკმაყოფილო დემონსტრანტების პროტესტის საპასუხოდ სასტიკი დარბევები და დევნა აწარმოა.

იმ პერიოდში მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად, შაჰის მმართველობით უკმაყოფილოები ირანის რელიგიური წრეებიც იყვნენ. წლების განმავლობაში ფეჰლევის მიერ გატარებული სეკულარული ხასიათის რეფორმების პარალელურად მცირდებოდა სასულიერო პირების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შესაბამისად, მათი ავტორიტეტი თუ გავლენა მოსახლეობაზე. ქვეყნის დაჩქარებულმა მოდერნიზაციამ და მცირე პროგრესმა, ტრადიციული და ფუნდამენტალისტური შიიტური ისლამისგან დაშორებულმა მართვისა და ცხოვრების წესმა ირანში, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლები უმთავრესად შიიტური ისლამის დროშის ქვეშ გააერთიანა, რითაც პატრიოტულ ძალებს რევანშისათვის "სულიერი" ლეგიტიმაცია და "ზეგარდმო" შთაგონებაც მიეცათ. ამ ნიადაგზე შიიტური ისლამი სახელმწიფო მოწყობისა და სამართლებრივი წარმოების უპირატეს დოკუმენტად ცნეს. "ვილაიეთ ალ-ფაკიხ" - ასე ეწოდება დოქტრინას, რომლითაც სასულიერო პირებს სახელმწიფოს კონტროლისა და საზოგადოების მართვის ყველა საჭირო ბერკეტი გადაეცათ.

იგივე თეოკრატიული ჟინი და კონსტიტუციის "გასარწმუნოების" სურვილი ამოძრავებთ საპატრიარქოში მოპარპაშე კრემლის რეზიდენტებსა და ემისრებს, რომელთაც კორპორატიული "სულიერების" გამოყენება განუზრახავთ - განვითარებისა და ღვთივბოძებული თავისუფლების ჯალათად!

ამიტომ, არ უნდა შევეგუოთ რელიგიური ფსიქოზით ნაკვებ ძალმომრეობას, ქრისტიანობის პროფანაციასა და იდეოლოგიზებას, რუსიფიკაციასა და სიბნელეს!

საბჭოთა ნარჩენები და ექსტრემისტულად გავეშებული დუგინისტები ვერ მოგვერევიან!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (741)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას