"გუშინ, 29 ივნისს იმეილზე მომსვლია მოსაყდრე შიოს ხელმოწერილი წერილი, ივნისის ბოლომდე ჩამოდი და გამოცხადდი საპატრიარქოშიო, დღეს 30 ივნისი, ხვალ უკვე ივლისია. ნორმალურები არიან, თუ ივნისს და ივლისს ვერ არჩევენ, საგონებელში ვარ სინოდის განჩინებაში ეწერა შეურაცხოფა და ცილისწამება. ახლა რატომღაც ცილისწამება აღარაა წამოყენებული ბრალად, დარწმუნდნენ რომ ცილს არ ვწამებდი მათ?!"
რადგანაც საკითხი სცდება პირადულ თემას და ზოგადსაეკლესიო პრობლემურ საკითხების გამო ჩემს საჯარო განცხადებებს ეხება, გავასაჯაროვე თქვენი წერილი და გპასუხობთ საჯაროდვე:
1. როდესაც წერილს ვინმეს უგზავნით, უპირველესად უნდა მოიკითხოთ იგი და მღვდელმთავრული კურთხევა გასცეთ ეპისკოპოსმა, და არა ისე, თითქოს ჟანდარმერიიდან იგზავნებოდეს წერილი ჩეკაში (საგანგებო სამეულის კომისიაზე) ბრალდებულის დასაბარებლად;
2. როდესაც ივნისის და ივლისის გარჩევას შეძლებთ, მაშინ უფრო შესაძლებელი იქნება ჩვენი დიალოგი და გასაგები იქნებოდა თქვენთვის ჩემ მიერ წლების მანძილზე გამოთქმული საჯარო კრიტიკის შინაარსი და არსებითი მხარეები;
3. როდესაც წერილი იგზავნება სინოდალური კომისიის სახელით, უნდა მიუთითოთ რა დასახელების და შინაარსის კომისიაა იგი, რომ ვიცოდე მისი კომპეტენცია და უფლებამოსილება;
4. საეკლესიო პირს ვერ განსჯის ვერავითარი გაუგებარი და აბსტრაქტული კომისია, რომლის წევრებიც კი არ ვიცით. ასევე "კომისია", ასეთი ტერმინი და ინსტიტუტი არ იცის საეკლესიო რჯულისკანონმა და კანონიკამ. დროა, საბჭოური მენტალიტეტიდან და ტერმინებიდან გამოვიდეს საქ. საპატრიარქოს ადმინისტრაცია და საეკლესიო სამართალს, საეკლესიო სასამართლოს და რჯულისკანონს მიუბრუნდეს, რომელიც ამჟამად ტოტალურად დარღვეული და უარყოფილია საეკლესიო ადმინისტრაციის მიერ;
5. მოქმედი პატრიარქის პირობებში მოსაყდრის მიერ ეკლესიის საქმეთა მართვას და საეკლესიო სამართლებრივ პროცედურების წარმოებას გამორიცხავს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება. ამიტომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს არ ხელეწიფება ჩემი არც სადმე დაბარება, არც სამართალწარმოება;
6. 2019 წლის 31 ოქტომბერს ჭყონდიდელი მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმძიმეს საეკლესიო ბრალდებაში დადანაშაულების შემდგომ, საეკლესიო კანონიკური პროცედურების არწარმოების და საეკლესიო სასამართლოს მიერ ეპისკოპისის მიერ უპირველესი ეპისკოპოსისადმი (ანუ პატრიარქისადმი) წაყენებული ბრალის არ განხილვის გამო პატრიარქის კანონიკური უფლებამოსილება ამჟამად არის არაკანონიკური და არალეგიტიმური, რადგან წაყენებული ბრალდება გამორიცხავს პატრიარქის უფლებამოსილების გაგრძელებას, თუ იგი საეკლესიო სასამართლოს მიერ არაა გამართლებული და ცრუ ბრალმდებელი გასამართლებული. ასეთია საკლესიო კანონიკის ელემენტარული წესი.
7. ყოველვე ამის ფონზე, როდესაც ეკლესიას მართავს უმძიმეს ცოდვაში ბრალდებული პატრიარქი და არალეგიტიმური მოსაყდრე, მათი ყოველი დადგენილება არის არაკანონიკური და არალეგიტიმური, ვიდრე არ გაიმართება სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება და საეკლესიო სასამართლო, რომელიც უფლებამოსილი და ვალდებულია განიხილოს და გადაჭრას ყველა საეკლესიო უთანხმოება და პრობლემა, რადგან წმინდა კანონთა მიხედვით ეკლესიის უმაღლესი მმართველობითი ორგანო არის საეკლესიო კრება და არა პატრიარქი და მისი საპატრიარქო. საეკლესიო კრების მოწვევამდე დღევანდელი საპატრიარქო აპარატის, ანუ თქვენი მმართველობა საეკლესიო სამართლის ნორმებით ფასდება როგორც საეკლესიო ძალაუფლების უზურპაცია, ავტორიტარიზმი და დიქტატურა. ამაში ადვილად დარწუნდებით, თუ დიდ და წმინდა რჯულისკანონს გადაშლით და აზრიანად წაიკითხავთ. ხოლო ავტოკეფალიის აღდგენისას დამტკიცებული მართვა-გამგეობის დებულებას თუ წაიკითხავთ და გაეცნობით, საერთოდ შეგრცხვებათ საკუთარი თავებისა, თუ სინდისი შეგრჩათ, რადგან ჩვენი ეკლესიის მმართველობის დღევანდელი სტილი დიამეტრულ წინააღმდეგობაშია 1917 წლის წმინდა კრების ფუძემდებლური დადგენილებებთან, ხოლო დღევანდელი ჩვენი საპატრიარქოს მართვის სტილი საბჭოთა ათეისტური ხელისუფლების დიქტატორულ და ავტორიტარულ მართვის მოდელს მიჰყვება და არაფერი საერთო არ აქვს კირიონ მეორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და საეკლესიო კანონებთან.
ქრისტესადმი სასოებით
+დეკანოზი ილია ჭიღლაძე
30.06.2021
ნანახია: (775)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას