logo.png

თეიმურაზ ზაქრაძე

ქართული ეროვნული იდეა

ენა, მამული, სარწმუნოება – ამ იდეით ვიზრდებით ბოლო საუკუნის განმავლობაში და ეს სავსებით მართებულია.

მაგრამ ეს მხოლოდ აუცილებელი ფორმულაა, რომელიც სჭირდება ნებისმიერ ერს საკუთარი იდენტიფიკაციის შესანარჩუნებლად. ილიას დროინდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდებოდა გადარჩენის სახელმწიფეობრივი იდეა. ცნობილია, რომ ილია დიდ პატივს სცემდა და იზიარებდა გერმანელი ფილოსოფოსის ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის იდეებს, რომლის ენათმეცნერულ ნაშრომებს კაცობრიობა დღესაც იყენებს. საქართველოს უნდა გამოეძებნა საშუალება, რომ მონობის პირობებში გადარჩენილიყო. საეკლესიო გადმოცემით, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. იბადება ბუნებრივი კითხვა – რატომ? რატომ გვაქვს ასეთი პატივი? და რას გვავალებს ღმერთი ასეთი გამორჩეული სიყვარულით? რაშია ერის პასუხისმგებლობა? რა ნიჭის და რა დანიშნულების ქვეყანაა საქართველო?

ყველა ადამიანი იბადება თავისი გამორჩეული ნიჭით. მეორე საკითხია პოულობს თუ არ ის თავის დანიშნულებას და თუ პოულობს, აქვს თუ არა იმის ძალა, რომ ამ დანიშნულებას ემსახუროს. ერებსაც ახასიათებს ასეთივე ნიჭი და ფუნქცია. სახარებაში წერია, რომ ხალხთა განკითხვის ჟამიც დადგება. ასე რომ, ზეგარდმო ბოძებულ ნიჭზე და ტალანტზე პასუხი ადამიანებსაც მოეთხოვება და ერებსაც. დანიშნულების მოძიება “ვალდებულებაა”, მაგრამ ღმერთი არავის არ ავალდებულებს, ყველას აქვს არჩევანის უფლება. ამაშია მისი უსაზღვრო სიყვარული.

ფუნქციადაკარგულობა ვერ გააბედნიერებს ვერც ადამიანს და ვერც ერს. დღემდე ბევრი ქართველი დათა თუთაშხიასავით სიბნელეში დაეხეტება. დათამ ვერ იპოვა გამოსავალი. მისი სიკვდილიც საკუთარი შვილის ხელიდან სიმბოლურია. ახალმა თაობამ უნდა მოძებნოს ერის ფუნქცია. სავსებით სიმბოლურია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში ილია ჭავჭავაძის პორტრეტია. ილია ქართული სახელმწიფოს არქიტექტორია. “ენა, მამული, სარწმუნოება” სახელმწიფოს კონსტრუქციაა, ფორმაა. დღეს მიმდინარეობს სახელმწიფოს “კონსტრუქციული” მშენებლობა. მაგრამ ნებისმიერ ფორმას შინაარსი სჭირდება. თანამედროვე დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოების ძირითადი ფასეულობა ადამიანია. მისი უფლებების დაცვა, მისი თვითრეალიზება და ა.შ. ეს შეადგენს ცივილიზებული ქვეყნების ყველანაირ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ ინტერესს. წარმატებული ადამიანი ნიშნავს წარმატებულ ქვეყანას. გარდა ამისა, თავად ქვეყნები თვითრეალიზებას ახდენენ. ყველა წარმატებული ქვეყანა აუცილებლად პოულობს თავის დანიშნულებას, თავის იდეალს, რომელსაც ყველა მოქალაქე “ოჯახის” წევრივით ემსახურება. როგორი შეიძლება იყოს ადამიანი თანამედროვე საქართველოში და რა არის საქართველოს დანიშნულება? ადამიანის, პიროვნების შინაარსი და საქართველოს დანიშნულება, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ისევ ჩვენი ერის უდიდესი ადამიანების შემოქმედებით მემკვიდრეობაში მოიძიება.

ათასწლეულზე გადებული ხიდი შოთადან ვაჟამდე და ილიამდე მხოლოდ ახლა გამოიკვეთა, როდესაც ქვეყანამ თავისუფლება მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. მხოლოდ თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი ტალანტის გამოვლინება. ჩემთვის ალუდა ქეთელაურის პიროვნული დახასიათება: “ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი. საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი….”. რუსთაველის პიროვნული მოდელის იდენტურია: “მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა…”. უფრო მეტიც, ალუდამ მტრის ღირსების დაფასებით ცივილიზაციისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. მაშ ასე, თუნდაც, ქართული ეროვნული სამოსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართველისთვის სრულიად გამოირიცხულია სიმსუქნე და ღიპი. დავით გურამიშვილმა მაგდებურგის ციხის მერე გაკვირვებულმა დაწერა: “..ვნახე კაცნი მაკენი…”. ტანადები იყვნენ ქართველნი. ჩოხას და კაბას ღიპი არ უხდება! მაგრამ შინაარსი? რა თვისებებიც უნდა ახასიათებდეს პიროვნებას, სულ თავზარდამცემია: “სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა”. და ამავე დროს: “ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა”. ასეთი “ძნელია” ქართველობა.

ჯერ კიდევ სკოლიდან მახსოვს, რომ “ვეფხისტყაოსანი” და შოთა ეკლესიის მხრიდან იდევნებოდა. ხელნაწერების მუზეუმში ყველაზე ძველი ხელნაწერი XVI საუკუნითაა დათარიღებული. არადა ხელნაწერები მაშინ მხოლოდ ეკლესიებში ინახებოდა. “ვეფხისტყაოსანი” ქართველმა ქალებმა გადაარჩინეს და ამას თავისი მიზეზები გააჩნია. ცხოვრებაში დიდი ბედნიერება მხვდა წილად და ერთხელ ბატონ აკაკი ბაქრაძის ლექციას დავესწარი. იქ პირველად გავიგე, რას ნიშნავდა: “ქალმან მისცა მარგალიტნი სრულ ქმნა მისი საწადელი…”. ავთანდილის პირველი დაბრუნების შემდეგ თინათინმა მასთან ღამე გაათენა, იმიტომ კი არა, რომ ბოზია, როგორც ამას ბევრი ქართველი მამაკაცი შეაფასებდა, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთი უყვართ და ეს ნორმალურია. თან შოთა იქვე აღნიშნავს: “რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლ ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს….”. ქალებისთვის ეს ბრწყინვალე სასიყვარულო რომანია. ისინიც ძალას არ იშურებდნენ, შემოგვინახეს ეს განძი, რომელიც, ჩემი აზრით, უდიდესი ფილოსოფიური წიგნია კაცობრიობისთვის. გადმოცემით ვიცი, თურმე ჩემი ბებია “ვეფხისტყაოსანს” ბაბუასგან მალულად კითხულობდა?! ამ აღმოჩენამ ჩემში სრული გადატრიალება მოახდინა. გაქვავებული, ბრინჯაოში ჩამოსხმული ქანდაკების მაგივრად გამოჩნდა მარად ცოცხალი უდიდესი ადამიანის სული. შოთას მიერ აღწერილი ადამიანი – პიროვნება უპირველესად თავისუფალი და სიყვრულის ნიჭით დაჯილდოვებული ქართველია: “ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული…”. და ეს ხდება ფეოდალური სამყაროს წიაღში, სადაც ადამიანის თავისუფლება უბრალოდ წარმოუდგენელია. თანაც ასეთი ადამიანი ფეოდალური მორალის მიხედვით “სუსტია”. სიყვარული ხომ სისუსტეა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ და ბევრმა ახლაც არ იცის, რომ ეს “სისუსტე” უძლეველია. კაცობრიობამ სხვა გზა აირჩია. ბევრმა ევროპელმა ფილოსოფოსმა ამაოდ სცადა ფეოდალური ფილოსოფიის გამყარება. ნიცშეს “ზეადამიანობამ” კი, ჩემი აზრით, კაცობრიობა ლამის კატასტროფის წინაშე დააყენა. ქრისტეს შობის შემდეგ კაცობრიობას ათასი წელი სჯეროდა, რომ კეთილი მეფე შესაძლებელია და კიდევ ათასი წელი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ადამიანის თავისუფლებაზე ძვირფასი დედამიწაზე არაფერია. ვაჟას აზრი ნიცშეს შესახებ კარგადაა ცნობილი და მანვე იწინასწარმეტყველა გლობალიზაცია, რომელიც ეროვნულობის გარეშე შეუძლებელიაო.

მაგრამ დავბრუნდეთ სამშობლოში. ფეოდალური მორალი ვერ აიტანდა თავისუფლების გამოვლინებას, მაგრამ შოთა იმდენად დიდია, რომ თაროზე ვერავინ შემოდებდა. ამიტომ საჭირო იყო მისი “გაქვავება” – დოგმატიზირება. საამაყო ხატად გადაქცევა, რაც, არც თუ ისე ცუდად გამოუვიდა მმართველ ელიტას. შოთა ხელუხლებელია. რეჟისორებს მუხლების კანკალი ემართებათ, თუ საუბარია “ვეფხისტყაოსნის” დადგმაზე ან ფილმის გადაღებაზე. რუსთაველის შემსწავლელი ინსტიტუტების მთავარი დაუწერელი ამოცანაც იმაში ისახებოდა, რომ შოთას ფილოსოფია ისედაც რთული, უფრო მეტად რთული და მაქსიმალურად გაუგებარი გამხდარიყო. აბა, თავისუფლებას თუ აუხსნიდნენ ადამიანებს, ფეოდალური მორჩილებაც შეუძლებელი იქნებოდა. სტალინს ამაში განსაკუთრებული “ღვაწლი” მიუძღვის. მან კარგად იცოდა, როგორ უნდა ეთამაშა ერის სიამაყეზე, რომ ერი უფრო მეტ მორჩილებაში ჰყოლოდა. საქართველოში XII საუკუნის ბოლოს თავისუფალი გლეხი უკვე აღარ დარჩა. ადამიანის დაკნინება თანდათანობით მიმდინარეობდა. კიდევ კარგა ხანი გაძლო ქართველმა ერმა. თან უამრავი ბრძოლა გადაიტანა ფიზიკური გადარჩენისთვის. ჩემი აზრით, შოთა რუსთაველის აღწერილი გეოგრაფია, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს სულიერი და კულტურული გავლენის გეოგრაფიაა. სრულიად არაა შემთხვევითი არაბეთი, ინდოეთი და ა.შ. თუმცა, ეს გავლენა არგონავტების კოლხიდაზე გალაშქრებაშიც კარგად ჩანს. აქ მებადება ჩემთვის სრულიად ბუნებრივი კითხვა: რა უნდოდა იაზონს კოლხიდაში? თუ შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ, იაზონმა სამგზის გამოცდა გაიარა, მიიღო ოქროს საწმისი, მეუღლე და მეფის ტახტი ელადაში დაბრუნებისთანავე. გამოდის, მან კოლხიდაში მეფობაზე ერთგვარი თანხმობა მიიღო და ოქროს საწმისი თავისებური სიგელი იყო. ასეთივე სიგელებს არიგებდნენ მონღოლებიც და ბევრი სხვაც. უკვე მეორე საკითხია, რატომ მოხდა ისტორიის “გადაწერა”. აღმავლობაზე მდგომ საბერძნეთს სულაც არ აძლევდა ხელს თავისი დამოკიდებული მდგომარეობის გამჟღავნება უკვე ძალადაკარგული კოლხიდასადმი. თან ეს მხოლოდ სულიერი დამოკიდებულება იყო და არა ძალისმიერი. მესმის, ბევრი მეცნიერის რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ ვარაუდი მგონი სავსებით ლოგიკურია. კიდევ ერთი, დღემდე კამათობენ, გამოთქმა IN VINO VERITAS (ღვინოშია ჭეშმარიტება) ლათინური ფრაზაა თუ ბერძნული. სრულიად არ ვერევი ამ კამათში, მაგრამ სანამ ამას ვინმე იტყოდა, ღვინო ხომ უნდა გაესინჯა? ასე რომ, უფრო ნიკო კეცხოველის მჯერა, რომელმაც დაასაბუთა, რომ ღვინო ქართული სიტყვაა. არითმეტიკულადაც რომ დავთვალოთ, ამდენი რაოდენობის გაკულტურებული ყურძნის ჯიში, რამდენიც საქართველოშია, ვერ მოიძებნება ერთად აღებულ ყველა ღვინის ქვეყანაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სტარტი ყველაზე ადრინდელი იყო. იმავე იაზონს კოლხიდაში დახვდა განვითარებული მეტალურგია და მედიცინა.

არც ის არ მინდა, რომ ვინმეს მოეჩვენოს, თითქოს ჩემი მოსაზრებები ნაციონალისტური ხასიათისაა, ღმერთმა დამიფაროს! პირიქით, ქართული მესიანისტობისგან ძალიან შორს ვარ. საუბარია ერის დანიშნულებაზე, რომელიც იმაში კი არ გამოიხატება – “რა მაგრები ვართ ქართველები”. იდეა ის არის, რომ ჩვენ ღმერთმა დაგვაჯილდოვა იმ ადგილით და იმ ნიჭით, რომელიც განაპირობებს ჩვენს მარადიულ ვალდებულებას ცივილიზაციების მიმართ. არ ვიცი, იყო თუ არა კიპლინგი საქართველოში, მაგრამ მაშინ საქართველო თავისუფალი რომ ყოფილიყო, არა მგონია მას ეს სიტყვები გაემეორებინაა: დასავლეთი აღმოსავლეთს ვერასდროს ვერ დაუახლოვდებაო. დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი და დამაახლოვებელი ერთადერთი ქვეყანა – საქართველოა. და თუ ამას დავეთანხმებით, მაშინ გასაგები ხდება, რატომ გვქონდა ამდენი ომი, გვყავდა და გვყავს ამდენი მტერი. ამ გზაგასაყარის მფლობელი თითქმის მსოფლიოს მფლობელი ხდებოდა. ყველა აქამდე არსებული იმპერია აუცილებლად ფლობდა და აკონტროლებდა კავკასიას, სათანადოდ ცდილობდა საქართველოს დამონებასაც, რომლის გარეშეც კავკასიაზე კონტროლი შეუძლებელი იქნებოდა.

როგორ მოხდა, რომ ასეთი “სულიერი გეოგრაფიის” მქონე ქვეყანა მაინც აღმოჩნდა მონობაში? ვაჟას ფილოსოფიას და ხელოვნებას წითელ ხაზად გასდევს პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება. თენგიზ აბულაძის ტრილოგია, ჩემი აზრით, საქართველოს გათავისუფლების იდეური ჩირაღდანი გახდა. ალუდა ქეთელაური, ეს რუსთველისეური ქართველი, გაძევებულ იქნა თემიდან. მაგრამ ალუდა წასვლისას შინაურებს მიმართავს: “ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ…”. მიუხედავად ყოვლისა, თემზე ფიქრობს და განიცდის. ეს “ვედრებაა”, ადამიანის ვედრება ერისადმი. თავისუფალი პიროვნების გაძევება ნიშნავს თავისუფლებაზე უარის თქმას და ეს ალუდამ იცის. ასეც მოხდა. ერმა დაკარგა თავისუფლება. რეალურად არც გურამიშვილი, არც სულხან-საბა, არც ბესიკი არ დასაფლავდა საქართველოში. ყველაზე პროგრესული ადამიანების აზროვნება მიუღებელი იყო დაქსაქსული ფეოდალური საქართველოსთვის. წესით და რიგით საქართველოშიც უნდა მომხდარიყო ბურჟუაზიული რევოლუცია. მაგრამ კაცობრიული გონიერების რეალიზება საქართველოში შეუძლებელი იყო. მმართველმა ელიტამ თავისთვის უფრო მომგებიანი იდეა შესთავაზა ერს – პატარა ერს პატრონი სჭირდებაო. ისტორიულად შესაძლოა ეს ნაბიჯი გამართლებული იყო, მაგრამ შედეგად მივიღეთ რაც მივიღეთ – დაკარგული თავისუფლება და დაკარგული ფუნქცია. დაიწყო სიბნელეში ხეტიალი. “ნატვრის ხე”, ვაჟას საყვარელი მწერლის გიორგი ლეონიძის მიერ დამონებული ერის ბრწყინვალე დახასიათებაა. პიროვნება ბრბოს აღიზიანებს, მაგრამ უფრო მეტად აღიზიანებს თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბების მთავარი ნიადაგი – სიყვარული. ფუფალა – შელახული, განადგურებული სიყვარულის აჩრდილია. მის თვალწინ ხდება კიდევ ერთი სიყვარულის მოკვლა. თავისუფლებაზე და სიყვარულზე უარის თქმა ღმერთის უარყოფაა. ქრისტემ თქვა: ვინც უცოდველია მან ესროლოსო პირველმა. მაგრამ ბრბო თავს ღმერთზე მაღლა აყენებს. ის განსჯის და გაკიცხვის უფლებას აძლევს თავს. ამ ბრბომ თინათინიც “ჩაქოლა” და ავთანდილიც “მოკლა”. საზოგადოებას, სადაც პიროვნება და სიყვარული აღარაა, მწყემსი და პატრონი სჭირდება. და ასეთი მწყემსიც აუცილებლად მოდის, ვინმე არავიძე, არავის ძე. თავის ინტერვიუში აბულაძე ამბობდა, რომ არავიძე არაა ბერია და ეს ასეცაა. ეს ნებისმიერი დიქტატორის პორტრეტია. მაგრამ სწორედ “მონანიებამ” მოახდინა გავარდნილი მეხის ეფექტი, თუმცა, ჩემი აზრით, კინემატოგრაფიულად “ვედრება” ნამდვილი შედევრია. ფინალურ სცენებში კარგადაა ნაჩვენები საზოგადოების სულიერი “სიკვდილი”. “მონანიებაში” არაფერი არ ხდება. ყოველივე ეს მხოლოდ ქეთი ბარათელის გონებაში ტრიალებს. ეს მისი მოგონებები და მხოლოდ შურისძიების სურვილებია. მას როგორც პიროვნებას, საკმარისი პასუხისმგებლობა გააჩნია, რომ თავისი შესაძლო სამართლიანი შურისძიება არ განახორციელოს. არ შეიძლება, რომ ბავშვმა თავი მოიკლას, ეს ერის მომავალის განადგურებაა; არ შეიძლება შვილის მიერ მამის საფლავის ამოთხრა, ეს წარსულის დავიწყებაა. ასეთია პიროვნების ხვედრი. “…თემს ნუ სწყევთ…”. მაშინ რა არის მონანიების საგანი? ვინ და რა უნდა მოინანიოს? იმიტომაცაა ეს ფილმები ტრილოგია, რომ ბოლოს აუცილებლად დასაწყისში უნდა დაბრუნდე. ალუდას გაძევებაა მოსანანიებელი. პიროვნებისა და სიყვარულის უარყოფაა მოსანანიებელი. ღმერთის უარყოფაა მოსანანიებელი. რა საჭიროა გზა, თუ ის ტაძრამდე არ მიგიყვანს. მონანიება ჭეშმარიტი, გულწრფელი, თანაგრძნობით და ცრემლისღვრით. ერთხელ ერთმა ახალგაზრდა გოგონამ მკითხა, ეს რა არის, ტარიელი სულ ტირისო? თუ გირჩევნია გულქვა და უგრძნობი ქმარი, ცოდვა ხარ-მეთქი. მგონი დაფიქრდა. კი მაგრამ სხვანაირი ხომ ვერ შეძლებს ამ ბრბოში თავის გატანას?! “მგელი უნდა იყო, მგელი!” ხომ გახსოვთ “ლონდრე”. სრული სიმართლეა, ბატონებო. არათავისუფალ საზოგადოებაში მგლობა უფრო ფასობს, მაგრამ ადამიანი მგელი არაა. ამას მაინც არ მოაქვს ბედნიერება. განსხვავება ის არის, რომ თუ აქამდე ადამიანს გარე მგლებთან უწევდა შერკინება, ახლა, თავისუფალი საზოგადოების პირობებში უნდა ებრძოლო საკუთარ თავში ჩასაფრებულ მგლებსა და ათასნაირ ურჩხულს. ტარიელის მიერ ლომის დამარცხება ამის ალეგორიული განსახიერებაა, ბატონი ზვიად გამსახურდიას განმარტებით. ეს ურთულესი ფსიქოლოგიური გარდატეხაა. გულწრფელად მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. მაგრამ ეს სრულიად ინდივიდუალური საქმეა. “რამ შემქმნა ადამიანად? რატო არ მოვედ წვიმადა…….ასე არ დამჭირდებოდა, სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა”. და კიდევ, დღეს საქართველო ერთდროულად ორი ამოცანის გადაჭრითაა დაკავებული. თავისუფლებისთვის ბრძოლა მოითხოვს – შეკრულ მუშტს, დემოკრატიას კი გაშლილი თითები სჭირდება. თავისუფალი პიროვნებისთვის სინამდვილეში ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. მისთვის ქვეყნის ინტერესები პირველადია. ამის ფონზე კარგად ჩანს ვინაა თავისუფალი და ვინ დამოკიდებული. თანამედროვე დემოკრატია სულ რაღაც ნახევარი საუკუნისაა, იმის მერე რაც საბოლოოდ გახდა გასაგები, რომ მხოლოდ თავისუფალი ადამიანების შრომაა ყველაზე მომგებიანი. ნამდვილი დემოკრატია დაიწყო გაეროს მიერ 1948 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის მიღებიდან. სწორედ ამას შეეწირა ჯონ კენედიც და მისი ძმაც. მათ გაბედეს და შემოიტანეს რეალურ პოლიტიკაში ადამიანის, როგორც სახელმწიფოს ძირითადი ფასეულობის ცნება და სათანადოდ გააღრმავეს ქვეყნის ძირითადი ფუნქციაც: ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა.

ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა და შემოქმედების ნიჭით დააჯილდოვა. ყველაფერი შემოქმედების შედეგია. თან მხოლოდ ის ქმნილებაა მარადისი, რომელიც ისევ ღმერთის ნებასთანაა დაკავშირებული. კაცობრიობა თავის განვითარებაში ილტვის იდეალისკენ. კაცობრიობამ ურთულესი გზა გამოიარა. კოპერნიკმა აჩვენა, რომ დედამიწა არაა სამყაროს ცენტრი. დარვინმა, მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ვინმეს, კაცობრიობას დაანახა ევოლუციის კანონი. რითაც დამტკიცდა, რომ ადამიანი ბუნების მეფე არაა. ზიგმუნდ ფროიდმა კი, ასევე მიუხედავად მისდამი დამოკიდებულებისა, საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ადამიანი, მის მიწიერ გამოვლინებაში სრული არარაობაა. მაგრამ ნათქვამია – “საკუთარი არარაობის შეგრძნებიდან იწყება ჭეშმარიტი სიდიადე”. კაცობრიობას ამ “დიაგნოზებმა” უშველა მკურნალობაში. ბატონ ზვიადისა და ბევრი სხვა მკვლევრის აზრი საბოლოო ჯამში თანხმდება იმაზე, რომ ვეფხისტყაოსანში ნაჩვენებია ადამიანის ურთულესი სულიერი და ფიზიკური ტანჯვისა და განწმენდის გზა, სიყვარულის, როგორც უზენაესი, ღვთაებრივი სიბრძნის მოსაპოვებლად. თან, შოთას “სიღრმე” და სათანადოდ მისი “სიმაღლე” ნამდვილად უპრეცედენტოა. დემოკრატია არაა სრულყოფილი ფორმა და, ალბათ, არასდროს იქნება, მითუმეტეს, როდესაც დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ დამონებული და განუვითარებელი ერები. მაგრამ იდეალებისკენ სწრაფვა ცხოვრებას გააზრებულსა და ბედნიერს ხდის. დემოკრატიას არ სჭირდება ომი და კონფლიქტები. იმიტომ, რომ დემოკრატიული საზოგადოებები შედგებიან თავისუფალი, მოსიყვარულე, მშვიდობისმოყვარე, თვითრეალიზებისკენ და წარმატებისკენ მსწრაფი მოქალაქეებისაგან, პიროვნებებისგან, რომლებიც ცდილობენ იპოვონ თავისი დანიშნულება და ადგილი ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, საუბარია მოსახლეობის ძირითად ნაწილზე. განსაკუთრებულად წარმატებულ ერებს აუცილებლად ნაპოვნი აქვთ თავისი დანიშნულება და ეს არის მათი წარმატების საიდუმლო ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ექსპერიმენტი ჩაატარა. ხალხმრავალ მოედნებზე ხუთ-ხუთჯერ დააგდეს ფულით სავსე საფულე. ხუთივეჯერ ჟენევაში საფულე პოლიციაში დაბრუნდა. ევროპაში შვეიცარია ყველაზე პატიოსანი აღმოჩნდა. სრულიადაც არაა გასაკვირი, შვეიცარიის ეროვნული იდეაა – ჩვენ ნდობის ქვეყანა ვართ.. არავის არ უნდა ეშინოდეს შვეიცარიის ბანკში ფულის დატოვება. ნდობის მოპოვების სურვილი შვეიცარელისთვის მისი ქვეყნის უზენაესი დანიშნულებიდან გამომდინარეობს. ამომავალი მზის ქვეყანა – იაპონია თავისი დანიშნულების თანახმად ყველანაირად ცდილობს ყველას დაასწროს რაიმეს დანერგვაში და თანაც როგორ ასწრებს? ეს ნებისმიერი იაპონელის სიამაყის საგანია. იაპონელი არ ვარ, მაგრამ მეც მეამაყება ეს ერი. შეერთებულ შტატებზე საუბარიც კი ზედმეტია, ნებისმიერი უმუშევარი აფროამერიკელიც კი დაგიდასტურებთ ამერიკის მთავარ ფუნქციას. ნიჭს, ტალანტს, დანიშნულებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის აღიარებულია. შრომა კი თავისთავად იგულისხმება. ერსაც მოუწევს საფუძვლიანი შრომა თავისი ტალანტის დასამტკიცებლად. საქართველოს აკისრია უდიდესი დანიშნულება და ფუნქცია, რათა შეასრულოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელი და დამაახლოვებელი როლი. საქართველომ ჯერ ბოლომდე უნდა დაიბრუნოს ეს ფუნქცია და ბევრი უნდა გაისარჯოს, რომ დაამტკიცოს ამ ფუნქციის შესრულების უფლება. ეს იდეალია, რომელსაც ერი ემსახურება. ამავე დროს დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნიჭი თანდაყოლილია, როგორც შეეფერება საერთოდ ნიჭს. საქართველოს, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა თავისი ფუნქციის შესრულების სრული საშუალება, ამ როლის შესრულება, ამა თუ იმ ფორმით, მაინც უწევდა. ეს გამოიხატება ჩვენს სტუმართმოყვარეობაში, ჩვენს კონფესიურ ტოლერანტობაში და მრავალ სხვა ბრწყინვალე თვისებაში, რაც ქართველ ერს ახასიათებს. საქართველოს მოქალაქის საქმიანობაზე ეს როლი აუცილებლად ტოვებს კვალს. პოლიტიკოსებისა და პარტიების შეფასების “არშინიც” უფრო მარტივი ხდება. ძალიან კარგად ჩანს, ემსახურება თუ არა პოლიტიკოსი და მისი პარტია საქართველოს უზენაეს დანიშნულებას. ეროვნული იდეა დაუწერელი კანონია, მის შესახებ ყველამ ბავშვობიდან იცის. მონობის პირობებშიც კი გვქონდა იდეა, რომელიც მხოლოდ ჩვენი ყველაზე მკაფიო თვისებებით შემოფარგლებოდა. “რა გეპოლიტიკებათ, თქვენი საქმეა ცეკვა, სიმღერა და ღვინის სმააო” – ასე გველაპარაკებიან ჩრდილოელი “ძმები”. ამ ადგილას, როგორც წესი, მინდება ხოლმე რომელიმე მისი “ნათესავი” “თბილად” მოვიხსენიო. ჩვენი დანიშნულება უფრო მრავალფუნქციურია. ვიტყოდი, ეს უფრო ფუნქციების კონაა. მაგალითად: ვაგონების შეერთებისას მარტო კაუჭით შეერთება არაა საკმარისი, იქ ელექტრობის გაყვანილობაა შესაერთებელი, სამუხრუჭე საჰაერო შლანგებისა და ა. შ. დამაკავშირებელი ფუნქციაც განაპირობებს მრავალფუნქციური “მავთულების”, უფრო სწორედ “კაბელების” შეერთებას, თან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ “კონტაქტი” მყარი იყოს. გამოდის, რომ საქართველოს სჭირდება შვეიცარული პატიოსნებაც, გერმანული ხარისხიც, ამერიკული შესაძლებლობებიც, იაპონური ტემპებიც (საქართველოს მთავრობამ, სრულიად იაპონური ტემპი აჩვენა ლტოლვილების დაბინავების საქმეში!), ცოტა აღმოსავლური “სიპრიალეც” და ბევრი სხვა რამ, რაც ამ ცივილიზაციების დასაკავშირებლად იქნება საჭირო. ბატონი ზვიად გამსახურდია განსაზღვრავდა ეროვნულ იდეას, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურების სინთეზს ქართული ერის წიაღში. ამას სავსებით ვეთანხმები. ეს არ ნიშნავს ყველას მიბაძვას. ეროვნულობა მთავარია. თავისუფლება უფრო აძლიერებს ეროვნულობას, ოღონდ თავისუფლების პირობებში ჩამოყალიბებულ ეროვნულობას. ჩვენ ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ ეკონომიკასა და პოლიტიკაში, ეროვნული თვითდაფასება კი ისედაც გასაგებია მსოფლიოსთვის. ამიტომაცაა ასე საჭირო უნარ-ჩვევები, თანამედროვე მართვის ტექნოლოგიები და რაც მთავარია, თანამედროვე ფსიქოლოგია. კავკასია ევრაზიის გზაგასაყარია, კვანძია, საიდანაც უმოკლესი გეოგრაფიული გზა ოთხივე მიმართულებით გადის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის აღმოჩენამდე მსოფლიო ამ ნახევარსფეროში იყო განლაგებული, გამოდის, კავკასია მთლიანად და, კერძოდ, საქართველო იმდროინდელი სამყაროს კვანძი იყო. უფრო ხატოვნად კი – ეს გულის ფუნქციაა. ჩვენი მტერიც კი აღიარებს საქართველოს კავკასიის გულად. ისევე, როგორც ყველანაირი სისხლძარღვი საბოლოო ჯამში გულთანაა დაკავშირებული, ასევე კავკასიაზე გადის მსოფლიოს პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკურ, ინტელექტუალური და მრავალი სხვა სახის “სისხლი”, რომელიც მიიღება და იტუმბება სისხლძარღვების სისტემაში. გამოდის, კავკასია სამყაროს გულია, საქართველო კი კავკასიისა. სამწუხაროდ, “მოწამლული სისხლიც” არ გვაკლია.

ბარაკ ობამამ ერთ-ერთ პირველ გამოსვლაში განაცხადა, რომ ქართული დემოკრატია მოდელი უნდა გახდესო. მოდელი ვისთვის? პირველ რიგში აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. თუმცა, არა მგონია,. მარტო აღმოსავლეთისთვის. ამერიკული დემოკრატია გაუგებარი და ხშირად მიუღებელია აღმოსავლური მენტალობისთვის, მაგრამ ქართული დემოკრატია სავსებით გასაგები და, რაც მთავარია, მისაღები იქნება ავღანელისთვის, ერაყელისთვის, ირანელისთვისა და ბევრი სხვისთვის. აი, შოთას “გეოგრაფიაც”. სულერი სიახლოვე აღმოსავლურ ცივილიზაციასთან ისეთი, როგორიც საქართველოს აქვს და, ამავე დროს სავსებით გასაგები დასავლური ცივილიზაციისთვის მეტს არავის გააჩნია. გამოდის, რომ ცივილიზებული სამყაროც აღიარებს ჩვენი ერისა და სახელმწიფოს დანიშნულებას. 1999 წელს რუსულ გაზეთ “კომერსანტში” დაიბეჭდა იმპერიის “დამაშინებელი” სტატია. სათაური აღარ მახსოვს, მაგრამ აზრი ასეთი იყო: აი, რა უნდათ ამ საზიზღარ ამერიკელებსო და ეს თუ გამოუვიდათ, ჩვენ დავიღუპებითო. სტატიას თან ერთვოდა რუკა, სადაც სქემატურად იყო მითითებული ნავთობსადენი, რომელიც უნდა გაიჭიმოს კუვეიტიდან ევროპაში – ერაყის, ირანის, ჩრდილოეთ თურქეთის, საქართველოსა და ყირიმის ნახევარკუნძულიდან უკრაინის გავლით. ამ გეგმის განხორციელებაში ხელის შესაშლელად იქნა დაბრძანებული რუსულ ტახტზე პუტინი. რა თქმა უნდა, ეს სრულიად პრაგმატული გეგმაა, მაგრამ ასეთი “დერეფანი” ვერ შეიქმნება, თუ ეს ქვეყნები დემოკრატიული და განვითარებულები არ იქნებიან. მხოლოდ დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი სანდო და პარტნიორული ურთიერთობები ქვეყნებს შორის. “ნაბუკოც” ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ეს ყველაფერი ის აუცილებელი სისხლძარღვებია, რაც ასე საჭიროა “გულის” ასამუშავებლად. ამავე ათი წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობს, ხელი შეუშალოს ცივილიზაციის სრულიად პრაგმატულ გეგმებს, რომელიც დაინტერესებულია ყველაზე მომგებიანი გზა აღიდგინოს აზიიდან ევროპისკენ, რაც ბუნებრივად აღადგენს საქართველოს ოდესღაც დაკარგულ ასევე ბუნებრივ ფუნქციასაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, დღევანდელობისთვის შესაფერის ფიზიკურ გამოვლინებაში. საქართველო ევრაზიულ დერეფანში “გაჩხერილი” ქვეყანა კი არა, უმნიშვნელოვანესი “კლაპანია”. ბედის ირონიაა ღმერთმანი, თუ ეს “კლაპანი” ცივილიზაციისთვის გაიხსნება, სათანადოდ, რუსული იმპერიის “ბუშტიც” ჩაიფუშება. პირიქით? ღმერთმა დაგვიფაროს! შემდეგ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, დავრჩებით მხოლოდ “კლაპნად”, თუ დავიბრუნებთ ყველა იმ სასიცოცხლო თვისებას, რასაც გვასწავლიან ჩვენი ქვეყნის სულიერი მწვერვალები და ცივილიზაცებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება. დემოკრატია ეს მხოლოდ გარემოებაა, სადაც შესაძლებელია პიროვნების ჩამოყალიბება, თავისუფლება, სრულყოფილება და, აქედან გამომდინარე, წარმატება. მადლობა ღმერთს, პიროვნების ჩამოყალიბების ყველანაირი ფორმულა გაგვაჩნია. არადა, როგორი ბედნიერებაა თვითრეალიზებული და წარმატებული ქართველი?! თუნდაც ეს ფანტასტიკური საახალწლო კონცერტი ბათუმში. თამასა უმაღლეს წერტილზეა, ნაკლების უფლება უკვე აღარ გვაქვს. ერთია, რომ თვითრეალიზებისა და აზროვნების სურვილი მოიკოჭლებს და, რაც ყველაზე სამწუხაროა, უნდობლობაა გამეფებული. ერის გონება იმდენადაა “დამუშავებული”, რომ ეს არცაა გასაკვირი. იმპერიული იდეოლოგიის თანახმად ღმერთი სადღაც ძალიან შორსაა. არადა საყდარი ხომ სულშია. მიმაჩნია, რომ ადამიანს ღმერთის უნდა სწამდეს და ადამიანების სჯეროდეს. და თუ ვინმე იტყუება, ეს უკვე მისი ცოდვა და პასუხისმგებლობაა. ყველაზე მარტივად ადამიანი საქმით ფასდება.

დავით აღმაშენებელმა შეძლო შეუძლებელი. ფეოდალურ გარემოცვაში მოახდინა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბება, მაგრამ სრულიად ობიექტური მიზეზების გამო ბევრი ცოდვაც ჩაიდინა, რაზეც მისი, როგორც დიდი პიროვნების, სინანულიც მეტყველებს. მაგრამ დღეს, როდესაც ადამიანისა და ერების თავისუფლება მსოფლიოში ძირითადი ფასეულობაა, თითოეულ ადამიანს ეკისრება ამ ფასეულობების დაცვის პასუხისმგებლობა. არაა საქართველო პატარა ქვეყანა. საქართველოს პარტნიორები სჭირდება და არა პატრონი, არაა ქართველი პატარა ადამიანი, ამის უფლებაც კი არ გააჩნია. ყოველთვის, როდესაც მესმის ხმები ქართული ეროვნულობის შესახებ, ძირითადად ქართველები იხსენებენ იმას, რაც ახსოვთ საკუთარი ცხოვრებიდან. უფრო ადრინდელი დრო და ადრინდელი მენტალობაა გასახსენებელი, თანაც საუკეთესო გამოვლინებაში. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მტერი ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენში ყველაზე საზიზღარი ადამიანური თვისებები გამოემჟღავნებინა. უამრავი ისტორიული მაგალითი არსებობს იმისა, რომ ქართველებს გააჩნიათ საუკეთესო თვისებები, შეუძლიათ ორგანიზებულობაც და წესრიგიც. ქართველი მეომრები, როგორც წესი, მოროდიორობაში მონაწილეობას არ იღებდნენ. ქართველი ვალდებულია იყოს რუსთველისეული და ვაჟასეული. დემოკრატიაში ვერავინ ვერავის დაავალდებულებს, მაგრამ პიროვნების საუკეთესო თვისებები პირველ რიგში თავად პიროვნებას მოუტანს წარმატებას. არაა საინტერესო საზოგადოება, სადაც ადამიანებს ერთმანეთის შურთ, სადაც ტყუილი ცხოვრების წესია, სადაც ამპარტავნობა ან უნდობლობაა. ასევე საცოდავი საყურებელია საკუთარ თავში ურწმუნო ადამიანი, ყურებჩამოყრილი და ჩამქრალი თვალებით, ამავე დროს გინების და წუწუნის ძალა აქვს, რაზე ხარჯავს ენერგიას? თემში ალუდა ქეთელაური – პიროვნება დაბრუნდა. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ადამიანის ოცნებებისა და სიყვარულის დაფასება. თაობებს შორის კონფლიქტის გარეშე პროგრესი არ არსებობს. მაგრამ ეს კონფლიტი თუ ჭეშმარიტ სიყვარულსა და ნდობას დაეყრდნობა, კონფლიქტის მაგივრად პროგრესი გვექნება. უფროსმა თაობამაც უნდა ისწავლოს მომავალი თაობის ინტერესების პატივისცემა. საიდან ექნებოდა საქართველოს ასეთი ავტორიტეტი, ქართველები სამაგალითონი რომ არ ყოფილიყვნენ. ქართველი მამელუქები ქვეყნებს მართავდნენ. ჯონ კენედის ეკუთვნის ბრწყინვალე გამოთქმა: “ის კი არ უნდა იკითხო, რა გააკეთა შენთვის სამშობლომ, არამედ ის, მე რა გავაკეთე სამშობლოსთვის”. კარგი ბატონო, ის ამერიკელია, მაგრამ ილიამაც იგივე არ თქვა? უფრო ადრე: “კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ ღამეს შენს თავს ჰკითხო, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?!”

რუსთველისეული პიროვნების დახასიათება და ფორმულა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობაა. მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს გამოადგება შოთას, ვაჟასა და ილიას სიბრძნე. ეს გაუადვილებს საკუთარი თავის მოძიებას. ერთ ჟურნალში ალენ დენონმა ინტერვიუში თქვა: როცა დეპრესიაში ვიყავი, ხელში ჩამივარდა უცნობი მწერლის ვაჟა-შაველას წიგნი და მან ამ დეპრესიიდან გამომიყვანაო. ქართველებო, ჩვენ ფასდაუდებელი საგანძური გვაბარია. ცოდნა ძალაა, მაგრამ “არ იხმარებ, რა ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?”. აზრი არა აქვს ცოდნას, თუ ის არ გამოიყენება, მაგრამ საშინელებაა, თუ უსიყვარულოდ მოიხმარება. ჩვენს სამშობლოს კი უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია კაცობრიობის წინაშე. ქართული დემოკრატიული მოდელი ჰარმონიული გლობალიზაციის საწინდარი უნდა გახდეს. ცივილიზაციას წარმატებული საქართველო სჭირდება. მაგრამ ეს, წარმატებული მოქალაქეების გარეშე შეუძლებელია. პოტენციალში ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ წარმატებულები და კონკურენტუნარიანები ვიყოთ. დასავლეთის რაციონალიზმი პირობითად შეიძლება ერთი ფრაზით დახასიათდეს – “რას აკეთებ?” აღმოსავლეთის ირაციონალობა – “როგორ აკეთებ?” ჩვენთვის ორივე კითხვა “რა” და “როგორ” თანაბრად მნიშვნელოვანია. სხვებისგან კარგად ვითხოვთ არა მარტო კონკრეტულ შედეგს, “მარილმოყრილი” მადლიც გვჭირდება. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ორივე კულტურა არსებობს. საკმარისი იქნება ეს კითხვები საკუთარ თავსაც დავუსვათ და… ჰარმონიაც არ დაიგვიანებს.

ისტორიული პარალელებიდან საინტერესო დასკვნები შეიძლება გამოიტანო. ხუთასი წლის წინ იქნა აღმოჩენილი ამერიკის კონტინენტი. ამავე დროიდან იწყება რუსული იმპერიის ჩამოყალიბება. იმ პერიოდში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ყალიბდებოდა, საქართველო უკვე დამონების პროცესში იმყოფებოდა, ამავე დროს ხდება ფრანგული რევოლუციაც, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის განვითარებაზე. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც შედგა მსოფლიოს ყველა ეროვნების თავისუფალი ადამიანებისგან, მგონია იმიტომაც შეიქმნა, რომ თავისუფლება მოეტანა კაცობრიობისთვის. ყველა ამერიკელ მოქალაქეს ჰქონდა და აქვს იმის ოცნება, რომ მათი ისტორიული სამშობლოებიც ისეთივე თავისუფალი იყოს. მაგრამ თავისუფლება არ იქნება სრული, თუ მისი დამონებული გული – კავკასია და, სათანადოდ, საქართველო არ გათავისუფლდება. გული თავისუფლად უნდა ძგერდეს, მაშინაა მისი სიყვარული ჭეშმარიტი. დედამიწაზე ყველა ადამიანი მხოლოდ ღმერთის ნების გამტარია. ჩვენ კი, როგორც ერს, ღმერთმა კიდევ ხალხებს შორის გამტარის ფუნქცია დაგვაკისრა, იმით რომ ასეთი სამშობლო გვაჩუქა. ფიზიკურად ყველაზე კარგი გამტარი ოქროა. ამიტომ მხოლოდ ქართველს შეეძლო დაეწერა “…რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია…” ასე რომ თქვა, “გული” ნამდვილად ოქროსი უნდა გქონდეს.

სტალინმა კარგად იცოდა, როგორ უნდა ეთამაშა ერის სიამაყეზე, რომ ერი უფრო მეტ მორჩილებაში ჰყოლოდა… ადამიანის დაკნინება თანდათანობით მიმდინარეობდა. კიდევ კარგა ხანი გაძლო ქართველმა ერმა. თან უამრავი ბრძოლა გადაიტანა ფიზიკური გადარჩენისთვის. ჩემი აზრით, შოთა რუსთაველის აღწერილი გეოგრაფია, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს სულიერი და კულტურული გავლენის გეოგრაფიაა.

ერმა დაკარგა თავისუფლება. რეალურად არც გურამიშვილი, არც სულხან-საბა, არც ბესიკი არ დასაფლავდა საქართველოში. ყველაზე პროგრესული ადამიანების აზროვნება მიუღებელი იყო დაქსაქსული ფეოდალური საქართველოსთვის. წესით და რიგით საქართველოშიც უნდა მომხდარიყო ბურჟუაზიული რევოლუცია. მაგრამ კაცობრიული გონიერების რეალიზება საქართველოში შეუძლებელი იყო. მმართველმა ელიტამ თავისთვის უფრო მომგებიანი იდეა შესთავაზა ერს – პატარა ერს პატრონი სჭირდებაო.

ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ექსპერიმენტი ჩაატარა. ხალხმრავალ მოედნებზე ხუთ-ხუთჯერ დააგდეს ფულით სავსე საფულე. ხუთივეჯერ ჟენევაში საფულე პოლიციაში დაბრუნდა. ევროპაში შვეიცარია ყველაზე პატიოსანი აღმოჩნდა. სრულიადაც არაა გასაკვირი, შვეიცარიის ეროვნული იდეაა – ჩვენ ნდობის ქვეყანა ვართ.

დღეს საქართველო ერთდროულად ორი ამოცანის გადაჭრითაა დაკავებული. თავისუფლებისთვის ბრძოლა მოითხოვს – შეკრულ მუშტს, დემოკრატიას კი გაშლილი თითები სჭირდება.

საქართველოს აკისრია უდიდესი დანიშნულება და ფუნქცია, რათა შეასრულოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელი და დამაახლოვებელი როლი. საქართველომ ჯერ ბოლომდე უნდა დაიბრუნოს ეს ფუნქცია და ბევრი უნდა გაისარჯოს, რომ დაამტკიცოს ამ ფუნქციის შესრულების უფლება. ეს იდეალია, რომელსაც ერი ემსახურება. ამავე დროს დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნიჭი თანდაყოლილია, როგორც შეეფერება საერთოდ ნიჭს.

წყარო: გაზეთი 24 საათი 23.01.10

ნანახია: (1128)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას