logo.png

 ამანის შეკრების ეპილოგი                     

რუსეთის პატრიარქის ჩვეული ორმაგი ბუღალტერია

 

ამანში (იორდანია) დასრულდა მართლმადიდებელი ქვეყნების შეხვედრა, რომელიც ნომინალურად იერუსალიმის პატრიარქის ინიციატივით ჩატარდა,  ხოლო რეალობაში - რუსეთის საპატრიარქოსა და მისი წინამძღვრის - კირილის ძალისხმევით.

შეხვედრას 14 ავტოკეფალური ქვეყნიდან ესწრებოდა ოდენ 6 და მათგან ორი - წინამძღვრის გარეშე.

შეკრება მიმდინარეობდა მედიასაშუალებებისგან დახურულ ვითარებაში, თუმცა საეკლესიო საიტებისათვის ცნობილი გახდა ძირითადი განხილული საკითხები.

რუსული საეკლესიო საიტი http://www.pravoslavie.ru/128833.html იძლევა ცნობებს, თუ რა შემაგონებელი სიტყვით გამოვიდა მათი ეკლესიის პატრიარქი კირილი და ჩამოთვლის იმ 6 პრობლემურ პუნქტს, რომელიც მან წარმოადგინა:

  1. ეკლესიაში პირველობის საკითხი და მისი განმტკიცება საღვთისმეტყველო არგუმენტაციით, კონსენსუსის არარსებობა ამ საკითხში;
  2. საფრთხე ეკლესიის ავტიკეფალურობისაგან, ავტოკეფალიის მიღების დადგენილი მექანიზმის არარსებობა, უფროს-უმცროსობა ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის;
  3. ავტოკეფალური ეკლესიების კანონიკური საზღვრების გადახედვის მცდელობა;
  4. პრეტენზიები, იყოს პირველი თანასწორთა შორის და ამ გზით სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებში ჩარევის მცდელობა;
  5. პირველიერარქის მსაჯულის როლი იმ საკითხში, სადაც ის ერთ-ერთი მხარეა;
  6. სტავროპიგიების შექმნა სხვა ქვეყნების საზღვრებში, მათი ნების წინააღმდეგ.

როგორც ვხედავთ, რუსეთის პატრიაქი უაპელაციოდ იძლევა შეგონებებს იმ ორმაგი ბუღალტერიით, როგორითაც სჩვევიათ ზოგადად კრემლის პოლიტიკოსებსა და მათზე დაქვემდებარებულ საეკლესიო პირებს!

ქვეყანა, რომელიც „მესამე რომის“ ტიტულატურას იფერებს, ბართლომეუსს მოუწოდებს, იკმაროს უპირატესობა პატივის და არა ძალაუფლების მიხედვით, რადგან ძალაუფლება იმისია, ვისაც მეტი ტანკი და ავიაგამანადგურებელი ჰყავს!

თუ პატივის მიხედვით კონსტანტინოპოლს იმის უფლება აქვს, ტომოსი მიანიჭოს მართლმადიდებელ ქვეყანას, რომელიც თავის ადგილს ეძიებს თანასწორთა შორის, ეს  „რასკოლისკენ“ ყოფილა წაქეზება; ხოლო თუ რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის დაუკითხავად ინიჭებს ავტოკეფალურობას მე-15 საუკუნეში, ეს „რასკოლი“ არ ყოფილა!

ახლა კიდევ - თუ უფროს-უმცროსობის დაცვას ითხოვს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებისაგან, თვითონაც ხომ უნდა იმართლოს თავი, როცა ნეოფიტი დერჟავა ძირძველ ქრისტიანულ ქვეყანას - საქართველოს სისხლით და ოფლით მოპოვებულ მე-5 ადგილში ეცილება?!

თან, მარტო რიგით ადგილში ხომ არ არის საქმე - ტერიტორიებსაც ხელყოფს ისევ თავისი ორმაგი ბუღალტერიით - იქ რომ სერბეთს უბამს მხარს უნიტარული ქვეყნის შესანარჩუნებლად, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის თვითგამორკვევის წინააღმდეგ, აქ - საქართველოს, თავის ისტორიულ მიწაზე ართმევს მრევლს აფხაზეთსა და შიდა ქართლში, უთეთრებს ეკლესიებს და სასულიერო პირთ უკრძალავს მღვდელმსახურებას.

ახლა რუსეთისთვის მთავარია, ის პოლიტიკური გავლენისა და მატერიალური დოვლათის წყარო არ გამოეცალოს ხელიდან, რასაც უკრაინა ჰქვია და ამისთვის მზად არის მოიძულოს ყველა ბერძნული ეკლესია და შუაზე გახლიჩოს მართლმადიდებლური სამყარო!

რაც შეეხება კირილის დეკლარირებულ მოთხოვნას თანასწორობის შესახებ - სიტყვებით ეკვილიბრისტიკას რომ თავი გავანებოთ, დახედეთ ორივე ფოტოს - 6 ქვეყნის მღვდელმთავრებს შორის ცენტრში გამოჭიმული კირილის პოზა მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ სწორედ იგია საკუთარი ქვეყნის სახელით სიუზერენობის მსწრაფველი, რათა მის გარშემო იმოძრაოს ყველა იერარქმა და მთელმა დედამიწამ!

„დავითისგზის“ მიმომხილველი

ნანახია: (1636)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას