logo.png

 

ფოთისა და ხობის ეპარქია

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის

სამდივნოს განცხადება.

მიმდინარე წლის 4 აპრილს ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გამოეხმაურა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ ის, რაც იქ ხდება, არ არის ერთი ეპარქიის პრობლემა, არამედ მთელი ეკლესიის სატკივარია და რომ ჯერ კიდევ არსებობს, თუნდაც მცირედი, რესურსი იმისთვის, რომ ქუჩაში გასულ პროცესებს არ მიეცეს განვითარებისა და გაღრმავების საშუალება და შემოტანილ იქნეს საეკლესიო (კანონიკურ) სივრცეში. მეუფე გრიგოლმა ასევე განაცხადა, რომ დიდი და გამოუსწორებელი შედეგების მომტანია როგორც ცოდვებისა და სხვადასხვა დარღვევების მიმართ წაყრუება, ასევე სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი იქვე დასძენს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი ამ პრობლემაზე საუბრობს ზოგადსაეკლესიო ჭრილში როგორც წმიდა სინოდის წევრი, რაც არის მის მიერ სათანადო სიფრთხილით და კორექტულად გამოთქმული შეფასების საგულისხმო დეტალი.

სამწუხაროდ, მიტროპოლიტის ეს სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა;

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მეუფე გრიგოლი განმარტავს:

„თუ ვინმე თვლის, რომ უკვე გატარებული ღონისძიებების შედეგად დასახული ამოცანა შესრულებულია და ამით პრობლემა ამოწურულია, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა!

ნებისმიერი მწვავე პრობლემა მრავალი წახნაგისგან შედგება და მის არსში გასარკვევად განხილული და გაანალიზებული უნდა იქნეს მთელი მოცემული სიტუაცია მთლიანობაში.

პრობლემები არამც და არამც არ გაქრებიან - მათი პირდაპირი თუ ირიბი - უგულებელყოფის შედეგად, არამედ მათ შესაძლოა კიდევ უფრო მწვავე და მძაფრი ხასიათი შეიძინონ.

თუკი ჩვენ დღეს ეკლესიაში არსებული პრობლემების თაობაზე წუხილს გამოვთქვამთ, ამან კი არ უნდა შეაკრთოს ან შეაშინოს ვინმე, არამედ უნდა დააფიქროს არსებული პრობლემის ძირებზე, რადგან ჩვენი (ანუ მწყემსთა) მისიაა ცხვრების შეკრება და არა გაბნევა, შერიგება და არა - დაპირისპირება და დაყოფა.

აქ განგებ არ ვსაუბრობთ პრობლემის დეტალებზე, რადგან დღეს არსებულმა ემოციურმა აღქმებმა შესაძლოა სხვა მიმართულებით წარმართოს ადამიანის გონება.

ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრება ჩვენი საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა. საჯარო სივრცეში ეკლესიისა და მისი საქმეების გარშემო მრავალი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია დაფიქსირდა, ეკლესიის მიმართ გახშირდა მწვავე კრიტიკა, გარდა ამისა, გაჩნდა ღია დაპირისპირებები სასულიერო პირებს შორის, რამაც დამატებით არაერთი პრობლემა წარმოშვა.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ვითარებამ მორწმუნეებში დაბნეულობა ან სულაც იმედგაცრუება გამოიწვიოს, რადგან საქართველოს მრავალი მკვიდრი სწორედ ჩვენს ეკლესიას შეჰყურებს იმედის თვალით, თუმცა არც ის უნდა დავუშათ, რომ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს და ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, დამატებით ახალი მწვავე პრობლემები გაუჩნდეს.

ეკლესიამ ( მისმა ინსტიტუციურმა ერთობამ) ჩვენს თავში უნდა მოვნახოთ ძალა, რათა გამოვავლინოთ სულიერი ერთობა და ისედაც მძიმე კრიზისში მყოფ ჩვენს საზოგადოებას ნათლად ვაჩვენოთ, რომ გაგვაჩნია ნება და შეგვწევს ძალა იმისა, რომ ყველაზე ურთულესი საკითხებიც კი დედა ეკლესიის ინტერესების ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ და თვით ეკლესიის წიაღში გადავჭრათ. ამის საუკეთესო ეფექტურ საშუალებად კი მოცემული გვაქვს ქრისტიანებს ქრისტიანული სიყვარული და კანონიკური სამართალი..

ღრმად მწამს და მჯერა, რომ ჩვენი ეკლესიის წიაღში არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეკლესიაში არსებულ აქტუალურ და უაღრესად მწვავე პრობლემებზე დაიწყოს სერიოზული დისკუსია; ამის პრეცენდენტი უნდა გახდეს თუნდაც ბოლო დროს განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებზე მსჯელობა, რისთვისაც კანონიკური საფუძველი მოამზადა და საკითხზე მსჯელობის ვალდებულება დაგვაკისრა წმიდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის დადგენილებამ (დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე). შესაბამისად, გადაუდებელ ამოცანად გვესახება არსებულ პრობლემებზე კვალიფიციური მსჯელობის დაწყება და მისი კანონიკურ ჩარჩოებში წარმართვა.

უტყუარი ფაქტია, რომ ხსენებულ მოვლენებზე საზოგადოებასა და მედიაში ფართო დისკუსიაა გაშლილი, რის შედეგადაც ისმის არაერთი მწვავე შეკითხვა, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხების გაცემა ჩვენი პირუთვნელი მოვალეობაა. ამ და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ ეკლესიაში უნდა დავიწყოთ კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგი, რომლის შედეგებმაც ხელი უნდა შეუწყოს არსებული კრიზისული (ხშირად, უაღრესად კონფლიქტური) ვითარების განმუხტვას და დამაჯერებელი პასუხი გასცეს ყველა იმ სირთულესა და გამოწვევას, რომლის წინაშეც სწორედ რომ დღეს დგას ჩვენი დედა ეკლესია!

დაბოლოს; კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ სწორედ ამ პათოსით იყო ნასაზრდოები ჩვენს ქადაგებაში გამოთქმული წუხილი. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის მოსმენისა და შეწყნარების უნარი. ერთმანეთის აღიარებით თითოეული ჩვენგანი არა თუ სუსტდება, არამედ ძლიერდება. და ამით, შესაბამისად, ძლიერდება ჩვენი დედა ეკლესია!“ - განმარტა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტის სამდივნო

10.04.2021.

ნანახია: (630)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას