საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის წმინდა სინოდს
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს
ს ა ა პ ე ლ ა ც ი ო მ ი მ ა რ თ ვ ა
ჩვენ, მდაბალნი ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რომელნიც ველით ამაღლებას ქრისტეში (1. პეტრ. 5. 6) გვრწამს, რომ ყოველნი გზანი უფლისანი სიმართლით არიან და არ არს სიცრუე მის თანა.
საღვთო სამართლიანობის და სიყვარულის სულით აღძრულნი ვითხოვთ ლოცვას და გულისხმიერებას მათგან ვინც იესო ქრისტეს ტკბილ უღელქვეშ ატარებს პასუხისმგებლობას დაიცვას სამართალი ღვთის წმინდა სახლში “არა თუალღებით არამედ ჭეშმარიტებით“. ვსასოებთ მოწყალე ღმერთს, რომელიც არის “უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“ წარგვიმართოს მის მიერი სიყვარულით და შფოთის ნაცვლად მოჰფინოს მშვიდობა ჭყონდიდის უძველეს კათედრას, რომელიც დროებით მოუცავს უსამართლობის შფოთს.
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, მოვითხოვთ მეორე ინსტანციის სასამართლო განხილვამდე შეჩერებულ იქნას 2021 წლის 4 აპრილს მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ბრძანების კანონიკური ძალმოსილება. ვინაიდან, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონების და სამართლებრივი ტრადიციის გათვალისწინებით, გვაქვს საფუძველი უკანონოდ მივიჩნიოთ ის, რადგანაც ბრძანება დაიწერა და გამოცხადდა ყოველგვარი საეკლესიო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით. არ ჩატარებულა საეპარქიო სასამართლო და დაირღვა კრებსითობის პრინციპი. ასევე, არქიმანდრიტ ათენოგენესთვის (მდივანი) აპელაციის უფლების აკრძალვა იყო უხეში დარღვევა კანონიკური სამართლისა და მოქმედი საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების II თავის §9 და IV თავის §28-ით.
მართვა-გამგეობის დებულებით მონიჭებული უფლებით, მოვითხოვთ საქართველოს წმინდა სინოდის წინაშე აპელაციას.
სააპელაციო მოსმენის გამართვამდე ეკლესიის წმინდა კანონით რწმუნებულნი და უფლებამინიჭებულნი ვაგრძელებთ ჩვენ მდაბალ მსახურებას ღვთის წმინდა ტრაპეზის წინაშე, უკანონო და უსამართლო ბრძანებათა N1;2;3;4;5;6. მდგომარეობამდე არსებულ სტატუსში.
დაე, წვეულთა შორის ნურვინ გაბედოს უფლის ტრაპეზზე უღირსად ყოფნა. “ხმობილნი მრავალნი არიან, წმინდანი კი მცირედნი!“ (მთ. 20.16)
2021 წლის 5 აპრილი
ნანახია: (799)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას