logo.png

„დიდი სჯულის კანონი“ ამხელს!

ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ უფლის ბრძანებით მისმა წმიდა მოციქულებმა იქადაგეს სახარება, დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს სამღვდელოებას, დაგვიდგინეს ეკლესიის დოგმატები, კანონები და მკაცრად აკრძალებს ამ დოგმატებიდან და კანონებიდან მცირედი გადახვევაც კი, როგორც გადაცდენა ჭეშმარიტების გზიდან და წარწყმედა. ხოლო დამრღვევნი კი, ყველა ეპოქისა და დროის მართლმადიდებელ ეკლესიაში, შეჩვენებას გადასცეს. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „შეჩვენება მათ, ვინც უკუღმა ახარა: როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებულ იყოს“( გალატ., 1: 8-9).

დიდი სჯულისკანონი, ნაწილი IX: ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ…”; თავი XXXIII: „სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს:

ბასილი დიდის კანონი 71: „ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებული იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი”.

ახლა, ვნახოთ, წმიდა პავლე მოციქულის, სხვა მოციქულებისა და მათგან ხელდასხმული წმიდა სამღვდელოების მიერ შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებულ ღვთაებრივ განჩინებათა საწინააღმდეგოდ, უკუღმა რას „გვახარებს“ საქართველოს სამღვდელოება თავიანთი ქადაგებითა და საქმეებით და თვალნათლივ დავინახავთ, თუ როგორ გმობენ ისინი და არაფრად მიიჩნევენ ამ კანონებს, ამ უწმიდეს განჩინებებს; თანაც, რა უსინანულოდ, ჯიუტად აგრძელებენ „უკუღმა ხარებას“, მიუხედავად ეკუმენიზმის ერესთა-ერესში მათზე წაყენებული ბრალდებისა და მრავალწლიანი მხილებისა.

ვეკითხებით მათ აპოლოგეტებს: რატომ იტყუებენ და წარიწყმიდავენ საკუთარ თავს ამ ერეტიკოსთა უსაგნო დაცვით მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი პირით აღიარებენ და ადასტურებენ საკუთარ უსჯულოებას?!: „ჩვენი ეკლესია წევრია ისეთი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციებისა, როგორებიცაა ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, „ევროპის ეკლესიათა კონფერენცია“ და ქრისტიანული სამშვიდობო კონფერენცია… ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა“ (ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა“, 1988, N2, გვ. 72/ #1).

მართლაც, განსაცვიფრებელია, რომ ერესში მხილებული ეს სამღვდელოება არანაირ სინანულს, არანაირ შიშს ღვთისას არ განიცდიდეს ჩადენილ უმძიმეს ცოდვათა გამო. მხოლოდ სიჯიუტითა და ცბიერებით ცდილობს საკუთარი ,,სიმართლის“ დაცვას და არაფრად აგდებს ღვთაებრივ სამართალს. პირიქით, მიმდინარეობს მოციქულთა და წმიდა მამათა კოდექსის ერთგულთა ცილისმწამებლური დადანაშაულება სქიზმაში და საკუთარი თავის გამოცხადება მართლმადიდებლობის ნიშან-სვეტად. სად არის აქ ლოგიკა? თუ მართლმადიდებელ კანონებს უგულვებელყოფს ეს სამღვდელოება, მოძველებულად თვლის და არაფრად მიიჩნევს მის განუხრელ და უკომპრომისო დაცვას, მაშინ, მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას რანაირად წარმოადგენს?! ასე ხომ რომის საყდარიც იყო ერთ დროს მართლმადიდებელი და სწორედ, მართლმადიდებელი დოგმატიკისა და კანონმდებლობის რღვევის შედეგად ჩამოყალიბდა ღვთისთვის საძაგელ და საშინელმწვალებლობად?!

თუკი მართლმადიდებელ კანონებს უგულვებელყოფენ, მაშინ, მართლმადიდებლურ ტაძრებს რატომღა ისაკუთრებენ? ე. ი. გამოდის — მხოლოდ ვერცხლის სიყვარულის გამო; შემოსავლის გამო ამოფარებიან სიწმიდეებს; მიწიერი კეთილდღეობის გამო უპყრიათ კვერთხები და მიტრები; შემოსილან ბრწყინვალე შესამოსლებით; უძვირფასესი მანქანებით ემსახურებიან საკუთარ ოჯახებს; ბრწყინვალე ტაძრები მდიდრულ სასახლეებად განუწესეს საკუთარ თავს; დააწესეს იქ ტარიფები — სულიწმიდის მადლით ვაჭრობენ და ფარისევლური ქადაგებებით მგელმტაცებლობენ და „აცდენენ უმანკოთა სულებს“; მოციქულთა კანონების მაგივრად საკუთარი კანონები დაიდგინეს და მათ ანგარებიან მიზნებს როცა და როგორც აწყობს, კანონსაც ისეთს მოირგებენ; ღმერთის ყველა მოწინააღმდეგესთან (ცრუ რელიგიათა ლიდერები იქნებიან ისინი, თუ ტაძრების ამაოხრებელი საერო ხელისუფალნი), მათი გმობის საპასუხო განკანონების მაგივრად, უმალ, საერთო ენას გამონახავენ, სიყვარულით „აღინთებიან“ მათი უსჯულოებისადმი, გვერდით მიუსხდებიან, ფეხქვეშ გაეგებიან… და ასე და ამგვარად, მარად უზრუნველ კეთილდღეობაში ცხოვრობენ. არადა მართლმადიდებელი ეკლესია ხომ ყოველთვის დევნილი იყო, ყოველთვის სისხლს ღვრიდა ჭეშმარიტების დაცვისთვის, მწვალებელთა მხილებისთვის წმიდანებს თავებს კვეთდნენ, ჯვარზე აკრავდნენ, ენას აჭრიდნენ, ცეცხლში წვავდნენ; იოანე ნათლისმცემელი, იოანე ოქროპირი, მაქსიმე აღმსარებელი, წმიდა გიორგი, იოანე დამასკოელი განა მწვალებელთა და ღვთის მტერთა მხილებისთვის არ აღესრულნენ?! ან ელია და ენუქი ანტიქრისტემ, განა, მხილების გამო არ უნდა მოკლას?!

დიახ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლები ყოველთვის მოძულებულნი და დევნილნი იყვნენ ამა სოფლისაგან, ხოლო ეს ერესიერარქები არასოდეს იდევნებიან თავიანთი ეკუმენისტური სიყვარულისა და ყველა მწვალებლობასა და ღვთისმბრძოლობასთან მშვიდობიანი, მეგობრული თანაარსებობის გამო, რადგან აქვე, დედამიწაზევე მოიწყვეს, სხვა მწვალებელთა მსგავსად, სამოთხე; მათი სადარდებელი და სიძულვილის საგანიც მხოლოდ ერთადერთია: არ უნდა გაბედოს და ვინმემ მათ არ უნდა დაუშალოს მიწიერ სამოთხეზე ფიქრი და ზრუნვა. მათ მხოლოდ რწმენისათვის დევნილთა მიმართ გააჩნიათ მძულვარე განაჩენი: მოლა, ბაპტისტი, კათოლიკე, იეღოველი სიყვარულის ღირსია, ხოლო წმიდა მამათა და ეკლესიის მნათობ მოძღვართა სწავლების მორჩილნი დედაეკლესიიდან განკვეთილები, სქიზმატები და ყოველგვარი სასჯელის ღირსნი არიან… და როგორი სიყვარულითაც მოლებისა და სხვა სექტების მიმართ არიან აღვსილნი, ასეთივე სიძულვილით არიან აღვსილნი უფლის კანონთა ერთგულების მისწრაფების მქონეთა მიმართ! მოკლედ, მოძველებულად მიაჩნიათ უფლის კანონები. მოციქულები ბრძანებენ, შეაჩვენებდეთ მწვალებლებსო; ესენი კი, პირიქით, სექტათა ლიდერებს სიყვარულს ეფიცებიან და მათ ჯოჯოხეთურ საქმეებს ,,მაღალ მსახურებას“ უწოდებენ; უფლის კანონები რასაც მკაცრად კრძალავენ, ერესიერარქები მათზე ლოცვა-კურთხევას და ნებართვებს უხვად გასცემენ.

და მაინც, ყველაფერს ის აჯობებს, რომ წმინდა სინოდის უმთავრესი დანაშაულის მტკიცებულებებს მოვუხმოთ და მივუსადაგოთ ამ დანაშაულს შესაბამისი კანონი; თანამიმდევრულად, ყველა ძირითად ასპექტში განვიხილოთ, რას კრძალავს უფლის კანონი და რა ქმედებებით გმობენ ამ კანონს ერესიერარქები, რათა საქართველოს ეკუმენისტური ეკლესიის აპოლოგეტთა ბოროტი ცილისწამება ავლაგმოთ. ხოლო ამის შემდეგ, თუკი კიდევ გაბედავს ვინმე, საეჭვო გახადოს შემცოდე ერესიერარქთა დანაშაული და მაინც დაიწყებს მათ უკანონო და უსაფუძვლო დაცვას, მაშინ, გამოდის, რომ იგი ეკამათება მოციქულებს, წმიდა მამებს, საკუთარი ჭკუა მათ სამართალზე მეტი სიბრძნით შემოსილი ჰგონია და თავისი კაცთმოყვარება — ღვთაებრივ მამათა სიყვარულზე მაღალი. ასეთი ურჩი გონებით ისინი ლუციფერის ამპარტავნებით შემოსილან და ნებაყოფლობით სურთ, რომ საკუთარი თავი შერაცხონ სულიწმიდის გმობით შემცოდე ერეტიკოს სამღვდელო იერარქთა რიგებში. ასეთ ადამიანთა წინაშე ვეღარაფერს გავაწყობთ, რადგან მათ ნებაყოფლობით საკუთარი თავისთვის თავადვე გამოაქვთ სასიკვდილო განაჩენი.

კანონიკური განაჩენი:

საეკლესიო კოდექსის ფონზე განვიხილოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოს ილია მეორე - შიოლაშვილის სარწმუნოებრივი გადაცდომა, თუ დანაშაული და გამოვიტანოთ სრულიად მიუკერძოებელი კანონიკური განაჩენი: არის თუ არა იგი, მართლაც, სულ მცირე (მხოლოდ რამოდენიმე საეკლესიო კანონის თანახმად), სულიწმიდის მადლით განკვეთილი მართლმადიდებელი ეკლესიიდან? და რათა არანაირ პირად მოსაზრებაში, მიკერძოებაში არ დაგვედოს ბრალი, ამისათვის საჭიროა, გადავხედოთ მისი ლოცვა-კურთხევით გამოცემულ საპატრიარქოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „ჯვარი ვაზისა“-ს ორიოდ ნომერს და განვიხილოთ, ამ უმაღლესი ერესიერარქის და მისი სინოდის მხოლოდ რამოდენიმე დანაშაულის შემცველი ქმედება მართლა არის თუ არა მძიმე სახის საეკლესიო კანონდარღვევა?! თანაც, სრული სიცხადისათვის, ამ ბეჭდვით გამოცემებში აღწერილ სამართალდარღვევით ქმედებებში გავაკეთოთ კანონიკური ჩანართები, რომლის მიხედვითაც, ნათლად წარმოჩინდება, რომ საქართველოს საპატრიარქოს თავად ღმერთი სდებს ბრალს და არა ჩვენ, ადამიანები; ბრალს სდებს და განკვეთას გადასცემს იმ ანტიეკლესიური ქმედებებისთვის, რომელიც ცვლის და არყევს შვიდი მსოფლიო კრების მართლმადიდებელი რწმენის დოგმატებსა და წმიდა სამოციქულო და წმიდამამათამიერი კანონიკური განჩინებების უწმიდეს კოდექსს. და თუკი ღმერთია ბრალმდებელი, ვინ ბედავს, რომ ეჭვი შეიტანოს ღვთის მიერ ბრალდებულთა დანაშაულში?!

I დანაშაული

„საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3/16-დან 17/30 აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი, დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი — აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი. ვიზიტის პირველ დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ტაძრები და ესაუბრნენ ამ ეკლესიათა წინამძღვრებს, ხოლო საღამოს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ დიდი სამშაბათის ლოცვას“.

ა) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

კომენტარი: ე. ი. წარსულში საქართველოს საპატრიარქომ საკუთარი ინიციატივით მოიწვია მწვალებლები ერთობლივი ლოცვისათვის და აღავლინა მათთან ლოცვა და მოციქულთა კანონით განკვეთისა და შეჩვენების მსჯავრი განიწესება. შეაქვს ვინმეს ეჭვი ამ დანაშაულში? ან ბედავს ვინმე ამ დანაშაულის მსჯავრმდებელ წმიდა კანონთან კამათს? ერესიერარქთა მორჩილ მრევლს თუ არაფერი აქვს საწინააღმდეგო ამ კანონიკურ განაჩენთან, მაშინ, განკვეთილთან და შეჩვენებულთან რა საერთო აქვს? ან როგორ ბედავს მოციქულთა ურჩ ერესიერარქთა მორჩილებას? ან არის რაიმე უკანონო ჩვენს ამ შეკითხვაში?

II დანაშაული

„დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია — ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად“.

ბ) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი ანტიოქიის კრების II კანონი: ,,თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა ( უზიარებლები ეწოდებათ მოუნანიებელ ერეტიკოსებს — ავტ.) მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი“.

კომენტარი: საქართველოს საპატრიარქოს იერარქია მწვალებლებს სასურველ სტუმრებად აცხადებს (გაუგონარი მკრეხელობაა) და აზიარებს მათ. ამ დანაშაულის გამო კი მას განკვეთის და შეჩვენების სასჯელის გარდა უზიარებლობის სასჯელიც განეწესება. ასევე, არის ამ დანაშაულსა და მის მსჯავრდებელ კანონში რაიმე საკამათო?

 III დანაშაული:

„პატრიარქმა ილია მეორემ ქ. ბერნში, ძველ კათოლიკურ ტაძარში, აღასრულა მწუხრის ლოცვა, რომლის შემდეგ უამრავი მრევლის წინაშე წარმოსთქვა ქადაგება“ („ჯვარი ვაზისა“, 1981წ. N1). გ) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 65-ე კანონი: ,,თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

IV დანაშაული:

„საქართველოში ვიზიტის დასასრულს ქართული ეკლესიის სტუმრები კვლავ შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების დაახლოების საქმეში სასიკეთო წვლილის შეტანისთვის ვენის უნივერსიტეტის პროფესორი მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და ვიუცბურგის ტაძრის წინამძღვარი ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით“.

დ) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი წმიდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განჩინება: „ყველა მწვალებელი შეჩვენებულ-იყოს! ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ-იყოს! ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება!“.

კომენტარი: ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი, წმიდა რუის-ურბნისის კრების განჩინებით დაუსრულებელ წყევლასა და შეჩვენებას გადაცემულ მწვალებლებს ოქროს ჯვრის ტარების უფლებით რომ დააჯილდოვებ, ამას რა ეწოდება? არის კი ასეთი პატრიარქი და ამ საქმეში მისი კვერის დამკვრელი სამღვდელოება მართლმადიდებელი?!

ერესში მხილებული პატრიარქის მორჩილთა ღვთის კანონის ურჩობის შესახებ ილია მეორეს მორჩილი სამღვდელოების დანაშაული:

ილია მეორეს მორჩილი სამღვდელო იერარქია ასწავლის სიცრუეს თავის მრევლს, რომ ერეტიკოსი პატრიარქისგან განდგომა ეკლესიიდან განდგომას ნიშნავს და უნდა მოხდეს მხილება ეკლესიის შიგნით, ამ პატრიარქისვე მორჩილებაში და რომ საჭიროა, ეკლესიის შიგნით მოხდეს მხილებაც და ყველა დარღვევის მოგვარება; ხოლო ვინც განუდგება თუნდაც ერეტიკოს პატრიარქს, ის მაინც განხეთქილების მოქმედია.

ესეც მორიგი თვალთმაქცობა და სრული უკანონობა რომ არის, ამის დასამტკიცებლად მივაშუროთ ეფესოს III მსოფლიო კრების III კანონს და ორგზისი წმიდა კრების XV კანონს.

ერეტიკოსი პატრიარქის და საერთოდ, ერეტიკოსი იერარქიის მორჩილების უკანონო ეკლესიოლოგიის ბრალმდებელი ეფესოს III მსოფლიო კრების III კანონი:

„ჩვენ ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელი მსოფლიო კრების თანამოაზრე წევრნი სამღვდელოებისა არანაირი სახით არ იყვნენ დამორჩილებულნი მართლმადიდებლობისგან უკვე განდგომილ ანდა აწ განდგომად ეპისკოპოსებს“. 

კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმიდა დიდი კრების XV კანონი

„ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელისტრიელისეული განმარტება

„თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

კომენტარი: მაშასადამე, არამცთუ უნდა განდგომოდა ქართველი სამღვდელოება ერესში ბრალდებულ ილია მეორეს, როგორც პატრიარქს, არამედ ვალდებული იყო, განდგომოდა, რაც კანონიერად მოიმოქმედეს მამა ბასილმა (მკალავიშვილი), მამა გრიგოლმა (კობახიძე), მამა ზურაბმა და მამა გელასიმ (აროშვილები) და მამა გიორგიმ (სხილაძე) და ამ კანონთა მიხედვით, მათ განხეთქილება კი არ შეუტანიათ ქართულ ეკლესიაში, არამედ, შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან. ხოლო ვინც კი მწვალებელი პატრიარქის მორჩილებაში ყოფნას თვლის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად ყოფნად, მაშინ, იგი გმობს და არაფრად მიიჩნევს საეკლესიო კრების მოწვევამდე და ამ კრების სამსჯავროზე მწვალებელ მღვდელმთავართა განკანონებამდე მათგან განდგომის შესახებ ეფესოს კრებისა და ორგზისი კრების კანონთა განჩინებას.

V დანაშაული

„აქ, საღამოს ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. მორიგეობით გალობდნენ ანგლიკანები, შავკანიანები და ჩვენი დელეგაციის წევრები. გაიმართა კონცერტი (რელიგიური), შემდეგ მოვიდნენ შავკანიანები… ისინი გალობდნენ, რაც საერო სიმღერასაც მოგვაგონებდა; მთელი ტანით მოძრაობდნენ, რაც ცეკვასაც მოგვაგონებდა. ყოველივე ეს დიდხანს გაგრძელდა და დიდად კმაყოფილნი დავრჩით“ (,,ჯვარი ვაზისა“, 1983წ., N2).

ე) სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები:

„მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს“. 

კომენტარი: რა გასაკვირია, გარყვნილი (და აქედან გამომდინარე — გამრყვნელი) ფილმების რეჟისორებსა და მსახიობებს „პატრიარქი“ ილია მეორე „მნათობთ საქართველოისანთ“ რომ უწოდებს? რადგან „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ (რომელიც დღესაც აერთიანებს ლესბოსელთა და მამათმავალთა სპეციალიზირებულ „ეკლესიებს“) ასსამბლეის კონცერტებზე, თურმე, თავს იქცევდნენ შიშველი აბორიგენების უხამსი როკვით აღტაცებული საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები. ისინი, ალბათ, ისევ განიცდიან შიშველ აბორიგენთა და მდიდარი ევროპული სექტების ქალეპისკოპოსთა და სოდომისტ „მღვდელთა“ გარემოცვაში დროსტარების ნოსტალგიას და დღეს, უკვე, გართობის ჟინს წმიდა ეკლესიის სამართლის განწესებების საწინააღმდეგო და ბერ-მონაზვნობისთვის ყოვლად შეუფერებელი უზნეო გმობით, ქართული კონცერტებით თუ კინოფილმებითღა იკმაყოფილებენ.

დასკვნითი ნაწილი

სიცრუეს ასწავლის, აგრეთვე, საკუთარ მრევლს ეკუმენისტი სამღვდელო იერარქია, რომ რადგან ილია მეორემ დატოვა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, ეს ვითომდაც ნიშნავს იმას, რომ ამით მან მოინანია მწვალებლობა და კვლავაც რჩება კანონიერი მღვდელმთავრის პატივში (ცალკე თემაა, რომ მას ჯერჯერობით არაფერი მოუნანიებია და სინანულიდან თავისი საქმეებით ძალიან შორს დგას). არადა ,,ე. მ. ს.“-ს დატოვების შემდეგ კვლავაც ლოცულობდა მწვალებლებთან და ქართველი ერის უფრო მეტი განმწვალებლობა პან-ეკუმენისტური ქადაგებით და ქმედებებით უფრო აქტიურად გააგრძელა. როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირი კაცის მოკვლის შემთხვევაში (სასჯელის მოხდისა და სინანულის შემდეგაც კი) ვეღარ დაიბრუნებს ამ თანამდებობას ვერასოდეს, მითუმეტეს პატრიარქი, რომელმაც მრავალი სული მრავალი წლის განმავლობაში წარწყმიდა თავისი ერეტიკული საქმიანობით და გადასცა საუკუნო სიკვდილს, რანაირად შეიძლება (სინანულის შემთხვევაშიც კი) დარჩეს ეკლესიის საჭეთმპყრობლად?! ეს რომ ასეა, ყველაზე ცხადად გვიდასტურებს წმიდა გრიგოლ ნოსელის კანონი:

ვ) მწვალებელ პატრიარქთა საყდარზე დარჩენის უკანონო ეკლესიოლოგიის ბრალმდებელი გრიგოლ ნოსელის ეპისტოლეს პირველი კანონი:

„თუ ვინმე ქრისტეს სარწმუნოებას უარყოფს და ებრაულ სარწმუნოებას, მანიქევლობას ან სხვა ამათ მსგავს უღმერთობასა და ბოროტებას შეუერთდება თავისი სურვილით და საკუთარი ნებით, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ შერცხვება და მოინანიებს, სინანულის დროდ ჰქონდეს მთელი სიცოცხლე. იგი არასოდეს იქნება ღირსი, საიდუმლო ლოცვის დროს ერთან ერთად თაყვანი სცეს ღმერთს. არამედ უნდა ილოცოს მარტომ, ხოლო სიწმიდის ზიარება, მისთვის საერთოდ აკრძალულია“.

კომენტარი: ვფიქრობთ, ის ფაქტი მაინც აღარ გახდება საკამათო, რომ პატრიარქი ილია მეორე, თავის სინოდთან ერთად, თავისი სურვილითა და საკუთარი ნებით შეუერთდა მანიქვლობაზე და იუდევლობაზე გაცილებით უფრო უარეს მწვალებლობას, ანუ როგორც მას ეკლესიაში უწოდებენ, ერესთა-ერესს — ეკუმენიზმს და თანაც, არა მხოლოდ რიგითი წევრი იყო ამ მწვალებლობის მსოფლიო საკერპო შესაკრებლის — „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსი“, არამედ პრეზიდენტი გახლდათ. გრიგოლ ნოსელის კანონის თანახმად იგი არა მხოლოდ პატრიარქი ვეღარ იქნება, არამედ სინანულის შემთხვევაშიც კი ეკლესიაში ხალხთან ერთად ლოცვაზე დგომის უფლებაც აღარ აქვს და უნდა ილოცოს მარტომ. ხოლო მისი ზიარება საერთოდ აკრძალულია!

ილია მეორესა და მისი სინოდის დანაშაულებრივ, ანტიეკლესიურ ქმედებებსა და მათ მსჯავრდებელ კანონებში არის რაიმე გაუგებარი ან თუნდაც, ოდნავი ეჭვის აღმძვრელი? განა, ცხადზე უცხადესი არ არის ეს ყველაფერი? მაშ, ვინ ბედავს და ეკამათება წმიდა ეკლესიის კანონებს?!

 შეიძლება იკითხოს ვინმემ, აბა რა ვქნათ, სად წავიდეთ, რა მოვიმოქმედოთ ყველა ტაძარი თქვენგან მხილებული სამღვდელოების ხელშიაო, მათ ამაზე ვპასუხობთ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ამ ეკლესიოლოგიით:

„დაე , თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად, თუნდაც სრულიად მარტო დავრჩე! ” (წმ. მაქსიმე აღმსარებელი)

თუ ჩვენ გვსურს რომ ქრისტეს გზით ვიაროთ, საჭიროა ყველამ ერთად ორივე მიმართულებით მართლმხილებითად ვიბრძოლოთ და მოვითხოვოთ, როგორც ღვთისმბრძოლი საერო ხელისუფლების გადადგომა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, ასევე ღვთისმბრძოლი საეკლესიო ხელისუფლების, ერეტიკოსი პატრიარქის და მისი სინოდის გადადგომაც; უნდა წარვმართოთ მთელი ჩვენი ძალისხმევა საეკლესიო კრების მოსაწვევად (ახალი რუის-ურბნისის) და სწორედ ამ კრების სამსჯავროზე უნდა მოხდეს საეკლესიო სამართლის მიხედვით ყველა უმაღლესი ერესიერარქის დასჯა განკანონებით, დაგმობა ერესთა-ერესის ეკუმენიზმის და ახალი წმიდა საეკლესიო ხელისუფლების აღსაყდრება, რომელიც განმართავს ჩვენს ტაძრებში საეკლესიო სამართლის თანახმად წმიდა ჭეშმარიტ მღვდელმსახურებას, შეუბღალავს ყოველგვარი ერესისაგან და ჭეშმარიტების სულით ღმერთის თაყვანისცემას და დიდებას! წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის მოკლებული ვიქნებით ღმერთის შეწევნას და მფარველობას, რადგან ერეტიკოსი პატრიარქის სასჯელით ყოველთვის დასჯილი იქნება ჩვენი ერიც. ღმერთი შეეწიოს ყველას ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე.

„დიდგორის” მართლმადიდებლობის განყოფილების პრესსამსახური

წყარო.  ჟურნალი ,,მატიანე", 2017  წელი, 22 დეკემბერი  #3-4 (21-22), გვ.18-24

ნანახია: (6205)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას