logo.png

 

George Tiginashvili

 

"2016 წელს მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) პედოფილიაში დაადანაშაულეს, რისი მტკიცებულებები და სამხილებიც (სატელეფონო ზარები, მესიჯები, მოწმეები და უშუალოდ დაზარალებულის ჩვენება) მის ბრალეულობაზე მეტყველებენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საპატრიარქომ თავის თვისობრივ ტრადიციას არ უღალატა და ნაცვლად პრობლემის შესწავლისა თუ გამოძიებისა, მისი გადაგორება და ჩაფარცხვა განიზრახა. არადა, ეპისკოპატს ვალდებულება ჰქონდა საეკლესიო სასამართლოს დაუყოვნებლივ მოწვევისა და რაკი ამ ფუნქციასაც სინოდი ითავსებს, აუცილებელი იყო ზნეობრივი კომისიის აქტიური ჩართულობა ამ მიმართებით. აღარაფერს ვამბობთ დანაშაულის დაფარვასა და პროკურატურისთვის შეტყობინების არ მიწოდებაზე.

ამ ფონზე, საპატრიარქომ, პედოფილი მიტროპოლიტი ყველასთვის მოულოდნელად, სინოდური დადგენილების გარეშე, ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში დასანიშნად განამწესა და რომ არა იქაური სამღვდელოების პროტესტი, კატეგორიული ტონი და საჯარო განცხადება, საპატრიარქო თავის საწადელს უჩუმრად მიაღწევდა.

შემდეგ კი, საყოველთაოდ გამჟღავნებული სამარცხვინო სკანდალის გამო, საპატრიარქომ ათონის მთის ვატოპედის მონასტერში გააპარა 7-8 თვით და საქმე მიჩქმალა.

საბოლოოდ კი რა მივიღეთ? სერაფიმე (ჯოჯუა) არც განყენებულია და არც განკვეთილი, იგი კვლავ სინოდის წევრად რჩება, ყოველ შაბათ-კვირას პატრიარქის გვერდით მსახურობს მღვდელმთავრის რანგში და ზოგჯერ ქადაგებს კიდეც.

არ უნდა დაგვავიწყდეს თავად მიტროპოლიტ სერაფიმეს სიტყვები: "რომ არა პატრიარქი, მე შესაძლოა ცოცხალი არ ვყოფილიყავიო", ანუ მან იცოდა, რომ ამ გარეწრობას, რაც 14-15 წლის გოგონასთან განიზრახა, არავინ შეარჩენდა, თუმცა სატანური სისტემა აღმართს ხნავს, იერარქია კანონზე მაღლა დგას და დაუსჯელობა ტრადიციულ სინდრომს წარმოადგენს!

დიდი სჯულის კანონის მიხედვით, ეკლესია ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა ზემოთ ხსენებულ დანაშაულზე, მაგალითად:

"ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხვაში, ან მოპარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს" (მოციქ. კანონი 25);

"ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს; ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული, მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს; ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს" (მოციქ. კანონი 74);

"...თუ ვინმე ეპისკოპოსზე შემოიტანს საკუთარ ანუ კერძო საჩივარს, იქნება ეს ქონებრივი პრეტენზია თუ მის მიმართ ჩადენილი სხვა რაიმე უსამართლობის შესახებ, ასეთი ბრალდების განხილვისას არ უნდა მიექცეს ყურადღება არც ბრალმდებლის პიროვნებას, არც მის სარწმუნოებას..." (II მსოფ. 6)

"მათ შესახებ, რომლებიც თავისი უწესობის შესაბამისად საეკლესიო დასიდან განდევნილ იქნებიან. ნუმიდიის წარმომადგენელმა ავგუსტინე ეპისკოპოსმა თქვა: ამისი დადგენაც საჭიროა, რომ, თუ ეკლესიიდან თავისი საქმეების შესაბამისად ვინმე ღირსეულად არის განდევნილი და იგი რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ზიარებისთვის შეიწყნაროს, თვით მზიარებელი განდევნილის თანაბარი სასჯელით უნდა დაისაჯოს და თავისი ეპისკოპოსის კანონიერი სასჯელისგან ვერ გადარჩეს. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ამას ვიწონებთ ყველა"(კართაგენის კანონი 9);

"თუ რომელიმე ეპისკოპოსი კრების მოწვევის დადგენილ დრომდე ბრალდებული იყოს, ასეთი განიკითხოს თორმეტმა ეპისკოპოსმა. ფელიქს ეპისკოპოსმა თქვა: მახსენდება ძველ კრებათა მიერ დადგენილი, რომ, თუ ვინმე ეპისკოპოსი გასამართლებული გახდეს (ნუმც მოხდება ასეთი რამ!) და მრავალრიცხოვანი კრების მოწვევა შეუძლებელი იყოს, დიდხანს რომ არ დარჩეს იგი ბრალდებულისა და გასასამართლებელის მდგომარეობაში, თორმეტმა ეპისკოპოსმა მოისმინოს მისი საქმე..."(კართ. კანონი 12);

"ეკლესიის მსახურად განჩინებული თითოეული დასის წარმომადგენელი თუ გასასამართლებელი გახდეს და გვერდი აუაროს საეკლესიო სამსჯავროს, ასეთს უნდა აეყაროს პატივი"; ...ასევე მიგვაჩნია, რომ თუ რომელიმე ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის, ან სამღვდელო დასის რომელიმე წარმომადგენლის საქმე, ან საეკლესიო განსაკითხავი (სისხლის სამართლის), ან სამოქალაქო საქმე (დავა) ეკლესიაში საძიებლად აღიძრას, ხოლო მან გვერდი აუაროს საეკლესიო სამსჯავროს და საერო სამსჯავროში მოინდომოს მისი განხილვა, მის მხარესაც რომ იყოს სამართალი, მაინც უნდა დაეკარგოს მას მისი ადგილი"(კართ. კანონი 15);

"ბრალდებული ეპისკოპოსის განსახილველი საქმე მიერთმევა იმ სამთავროს მღვდელმთავართა შორის პირველ ეპისკოპოსს. თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება, სამთავროს პირველ ეპისკპოსთან უნდა მიიტანოს ბრალმდებელმა მისი საქმე. სასამართლოში გამოძახებულმა ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულის გამო; ...ბრალდებულმა უნდა იცოდეს, რომ ადვილად ვერ ჩამოიშორებს თავის ბრალდებას, თუ არ დაამტკიცებს, რომ კი არ ისურვა, არამედ ვერ შეძლო გამოცხადება დადგენილ დროს." (კართ. კანონი 19);

"სიძვის გამო ბრალდებული იერარქი არ უნდა დარჩენილიყო სამღვდელო დასში. აპოლონ ეპისკოპოსმა კი უმოწმა მას, რომ არც ერთი ბრალმდებელი არ გამოჩენილა მის წინააღმდეგ. ამის გამო მისი საქმე გამოძიებულ უნდა იქნეს. თუ გამოჩნდება ღირსეული ბრალმდებელი და მის დანაშაულს გამოაჩენს რწმუნების ღირსი მოწმეების მიყვანით, იგი განდევნილ უნდა იქნეს ეკლესიიდან" (თეოფილე ალექს. 8 კანონი).

"ვინც იმრუშოს, თხუთმეტ წელიწადს იყოს სიწმინდეთა ზიარების გარეშე. აქედან ოთხი უნდა შესტიროდეს, ხუთი წელი მსმენელი უნდა იყოს, ოთხი წელი შევრდომილთა შორის იყოს, ორი წელი მორწმუნეებთან ერთად იდგეს ზიარების გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს" (ბასილი დიდი, კანონი 58);

"ვინც ისიძვოს, შვიდი წელი სიწმინდეთა უზიარებელი იყოს. აქედან: ორი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, ორი წელი შევრდომილი იყოს და მხოლოდ ერთი წელი იდგეს მორწმუნეებთან. ამის შემდეგ უნდა შეიწყნარონ ზიარებაზე" (ბასილი დიდი, კანონი 59);

ამრიგად, სინოდს და მის თავმჯდომარეს, რომელიც ყოველგვარ უკეთურებასა და ჰედონიზმს იფარავს, ეკუთვნის საერთო-სახალხო ანაქსიოსი!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (533)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას