რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია / Association of Religions Experts
განცხადება - ჭყონდიდის ეპარქიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით!
"გვსურს გამოვეხმაუროთ ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მწვავე მოვლენებს და მოვუწოდოთ წმინდა სინოდს საეკლესიო ერთობის დაცვისა და შფოთის აღმოფხვრის მიზნით: უკან გაიწვიოს ჭყონდიდის ახლი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), რადგან ეპარქიაში მისი ჩასვლის დღიდან მდგომარეობა სამარცხვინო და სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა, რაც, კონტროლს თითქმის აღარ ექვემდებარება.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მსვლელობა მიეცეს მიტროპოლიტ პეტრეს მიერ კათოლიკოს-პატრიარქისადმი წაყენებულ ბრალდებას, თანახმად საეკლესიო კანონიკისა, რათა სჯულის კანონის საფუძველზე დადგინდეს სიმართლე და აღმოიფხვრას გაურკვევლობა.
საინტერესოა, რატომ იკავებს თავს ეპისკოპატი და საკუთრივ საპატრიარქოს ადმინისტრაცია გაფართოებული საეკლესიო კრების ფორმატში სასამართლოს მოწვევისაგან, მით უფრო მაშინ, თუკი მიტროპოლიტ პეტრესგან ბრალდებული, მღვდელმთავართა კოლეგიასა და სახლდობრ საპატრიარქოს მმართველ აპარატს უმწიკვლოდ, უდანაშაულოდ და შეურაცხყოფილად მიაჩნია. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვა: „სუფთა სინდისის მქონენი“, რატომ გაურბიან მოკვლევასა და მსჯავრს, თუკი ბრალდება ცილისმწამებლურია, დაე, ნათელი მოეფინოს საქმეს და სამაგალითოდ დაისაჯოს „ცრუ მბრალმდებელი“!
როდესაც სჯიან ბრამდებელს, ისე, რომ არ უსმენენ (რაც დაფიქსირდა მეუფე პეტრეს დასჯის შემთხვევაში) - ეს არის კანონიკური ნონსენსი, პროცედურული კაზუსი და ალოგიკურობა, რადგან მღვდელმთავარს უნდა მიეცეს აპოლოგიისა და ბრალის დადასტურების შესაძლებლობა, სწორედ სამართლებრივი გზით!..
საგულისხმოა, რომ დღეს (24.03.2021 წ.) მიტროპოლიტმა სტეფანემ სამღვდელოების, მორწმუნე მრევლისა და ჟურნალისტების თანდასწრებით განაცხადა შემდეგი: „თქვენს მეუფეს ჰკითხეთ, რომელსაც იცავთ, იქ, იმ ხევში, ვისთან ერთად ჰყავდა შვილი“. იგი ასევე იჩენს მღვდელმთავრულ გულგირლობასა და ცრუმკვეთელობას, როცა ურცხვად აცხადებს, რომ - „მე არ მევალება პატრიარქის ცოდვების განხილვა. არც ვიცი, არც შემიძლია, რომ ვიცოდე. თუ საიდანღაც მომაწოდეს, უნდა ვიკითხო, ვის აინტერესებს, ვისი ინტერესებია და რატომ აკეთებს ამას. რატომ მომაწოდეს მე?! იქნებ, რაღაცაში მითრევენ“.
ვაცხადებთ, რომ აუცილებელია მის მიერ გაჟღერებული საკითხის ირგვლივ საეკლესიო კრების, ან ე.წ. „ზნეობრივი კომისიის“ ფორმატში დროული რეაგირება, რასაც, პირველ რიგში, უშუალოდ მიტროპოლიტი პეტრეც მოითხოვს. II მსოფ. კრების მე-6 კანონის მიხედვით: „ეპისკოპოსის ბრალმდებელმა, ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს, არ შეასრულებს ამ კანონს და მიმართავს სამეფო სასამართლოს, ან საერო მთავრის სამსჯავროს, ან მსოფლიო კრებას, ის არ იქნება მიღებული ბრალმდებლად, როგორც კრების კანონის შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების გამრყვნელი“. აგრეთვე, მნიშვნელოვანია კრებამ იხელმძღვანელოს შემდეგ კანონთა შუქზე: IV მსოფ. 9, 21; ანტიოქ. 14; ლაოდ. 40; კართ. 107, 130.
იმ შემთხვევაში, თუ მიტროპოლიტ პეტრეს აღნიშნული მოთხოვნაც უყურადღებოდ დარჩება და საპატრიარქო არ დაიწყებს მოკვლევას ბრალის დასადასტურებლად ან უარსაყოფად, ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვსა და შეკითხვებს გააჩენს საპატრიარქოს სამდივნოს კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
აქვე დავძენთ, რომ იქამდე, ვიდრე არ განიხილება მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წამოჭრილი საბრალდებო საკითხი, წმინდა სინოდს არ აქვს უფლება მის ნაცვლად დაადგინოს სხვა რომელიმე მღვდელმთავარი ჭყონდიდის კათედრაზე, თანახმად სარდიკიის კრების მეოთხე კანონისა. შესაბამისად, აღნიშნულ ეპარქიაში განხორციელებული ნებისმიერი საკადრო როტაცია აღიქმება, როგორც უკანონობის გაგრძელება!"
რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია [24.03.2021 წელი]
ნანახია: (721)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას