logo.png

 

ზვიადი და საქართველოს ეკლესია      

 

მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ეკლესიას, ბოლო ხანებში ესოდენ დაშორებულს თავისი პირველსახისგან: ახალი პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ, 1978 წელს, ეკლესიებში იმატა მრევლმა, გაიზარდა აგრეთვე ეპარქიების და ღვთისმსახურთა რიცხვი. თუმცა მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა თავისთავად არ გულისხმობდა ღირსების და პატიოსნების ზრდასაც. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში იმატა კორუფციამაც. ამ თვალსაზრისით რად ღირდა თუნდაც იმავე ვიქტორ შიოლაშვილის, ილია II-ის ძმის „მოღვაწეობა“, ხუმრობით რომ „პატრიარქი №2“ შეარქვეს. თითოეული მოქმედი მღვდელი ვალდებული იყო მისთვის გადაეხადა „წილი“. საპატრიარქოს „რელიგიის საქმეთა რწმუნებული“ განაგებდა: აპარატი რწმუნებულისა ფაქტიურად წარმოადგენდა სუკ-ის ორგანოს, ამ სახით არსებულს 1965 წლიდან. ეს ცენტრალიზებული ორგანო ემორჩილებოდა უშუალოდ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს და ჰქონდა უფლებამოსილება, დაესახელებინა რეგიონული წარმომადგენელი როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ისე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში. რელიგიის საქმეთა რწმუნებულები იყვნენ სუკ-ის მაღალი რანგის ოფიცრები, ხოლო ილია II, ისე როგორც მთელი საპატრიარქო, უსიტყვოდ ემორჩილებოდა მათ ინსტრუქტაჟს. ალბათ ამიტომაც ქადაგებდნენ შიოლაშვილის ერთგული მღვდლები გაუთავებლად „მორჩილებაზე“, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა, ხოლო თუ ლაპარაკი ჩამოვარდებოდა აგენტებზე, მაშინვე პირზე ეკერათ დამოძღვრა: „არ უნდა განვიკითხოთ“.

ზვიად გამსახურდია იბრძოდა ეკლესიის განთავისუფლებისათვის სუკ-ის დიქტატისგან; იგი ამხელდა ზემოდან საგანგებოდ დანერგილ სიმონიას სამღვდელოებაში. რამდენადაც ეკლესიაში სრული განუკითხაობა იყო, მან კვლავ წინა პლანზე წამოსწია საეკლესიო სასამართლოს (დიკასტერიის) აღდგენის იდეა, რომელიც 1927 წელს გააუქმა პირველმა „წითელმა“ პატრიარქმა ქრისტეფორემ საკათალიკოსო საბჭოსთან ერთად. მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა: ამგვარი სასამართლოს აღდგენის იდეა წააწყდა გააფთრებულ წინააღმდეგობას როგორც რწმუნებულის, ისე საპატრიარქოს მხრიდან.

პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ, 80-იან წლებში, ზვიად გამსახურდია აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრებაში. იგი ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, მიეწოდებინა ილია II-ისათვის რაიმე ნაყოფიერი იდეა, ან შეეთავაზებინა მისთვის თავისი სამსახური. იგი კარგად ხედავდა იმასაც, რომ ძალზე არასასურველი პირია საპატრიარქოში. პირველი ბზარი პატრიარქთან ურთიერთობაში გაჩნდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა სვეტიცხოვლობაზე მორწმუნეთა დარბევა არა თუ არ დაგმო, არამედ აშკარად დამრბევთა მხარე დაიჭირა. უშიშროების კომიტეტის დიქტატი ეკლესიაში რამდენადმე შესუსტდა „პერესტროიკის“ პროკლამირების შემდეგ. 1987 წლის გაზაფხულზე ზვიად გამსახურდია შეხვდა პატრიარქს და მასთან საუბარში მხარი დაუჭირა იდეას ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვისა, რაც ილია II-მ აღასრულა სვეტიცხოველში იმავე წელს.

პატრიარქი ეროვნული ხელისუფლებისადმიც ლოიალური ჩანდა 1990 წელს, თავისუფალი არჩევნების პერიოდში, როცა მან აკურთხა პარლამენტის პირველი სესია. სწორედ ამ სესიაზე მოხდა კომუნისტური ზეიმების გაუქმება და ქრისტიანული დღესასწაულების აღდგენა, რამაც ენით უთქმელი სიხარული გამოიწვია საქართველოში. ისე, როგორც პოეტი იტყოდა:

„გულს მისალკლდევებს

ათას ცხრაას ოთხმოცდაათი;

დედაღვთისასი

საქართველოს

სახე დაჰნათის“

(მუხრან მაჭავარიანი)

იმხანად ზვიად გამსახურდია წერდა, რომ საქართველოში, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანობის ქვეყანაში, ოდითგანვე არსებობდა უძველესი კავშირი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და ქვეყნის მორალურ-სულიერი განახლების მიზნით ეროვნულ მთავრობას მიზნად უნდა დაესახა ტრადიციული კავშირის აღდგენა საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 12.06.1991). სხვათა შორის, ამგვარი გამონათქვამებისათვის ეკუმენისტურ ჟურნალში „გლაუბე ინ დერ ცვაიტე ველტ“ (რაც ქართულად ითარგმნება როგორც „სარწმუნოება მეორე მსოფლიოში“, №3, 1996, ციურიხი) ზვიად გამსახურდიას დასწამეს ცეზარიზმის აღორძინება იმ ფორმით, „როგორც ის არსებობდა დიოკლეტიანედან იუსტინიანემდე“. მაგრამ ეს სხვა არაფერია, თუ არა ბოროტგანზრახული ბრალდება. საქართველოში ცეზარიმი და პოლიტიკურ-კლერიკალური სახელმწიფო არ ყოფილა არც შუასაუკუნეებში. ზვიად გამსახურდიას უბრალოდ ვერ წარმოედგინა საქართველოში ისეთი სახელმწიფო, რომელიც თავისი ინდიფერენტული პოზიციით საერთოდ სარწმუნოებისადმი ღმერთის სიკვდილს გამოაცხადებდა ნიცშეს მსგავსად. მან ისიც კარგად იცოდა, რომ შინაგანად დასუსტებული და ათეიზმის ბატონობისაგან საძირკველშერყეული „სასულიერო ხელისუფლება“ ჯერ თავად უნდა განწმენდილიყო და გამართულიყო წელში, ვიდრე შესძლებდა შეესრულებინა თავისი მისია ჭეშმარიტად თავისუფალ საქათველოში. ამისთვის კი აუცილებელია ღირსეულ, ყოველნაირად  მომზადებულ მღვდელმსახურთა საკმაო რაოდენობა. ეკლესიის მსახურს მეტადრე სიფრთხილე მართებს დღეს, როდესაც ოკულტურ-პოლიტიკური ორდენების ემისრები დაუფარავად მოქმედებენ ყველგან - მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის დონეზე, რელიგიაში, მასობრივი კულტურის სფეროში, მეცნიერებაში და ისინი ფაქტიურად განსაზღვრავენ ცხოვრების ხასიათს, გემოვნებას (ანუ უგემოვნობას), სხვადასხვა ცრურწმენებს, თვით მართვადი ოპოზიციის შეგნებულად გაღვივებულ ფანატიზმსაც კი, როგორც ამას ვხედავთ რუსეთში „ევრაზიული“ ორიენტაციის სასულიერო პირებთან, კომუნისტებთან და „პატრიოტ“ შოვინისტებთან ერთად ახალი, იმპერიალისტური მართლმადიდებლობის, შავრაზმულ-წითელი ინკვიზიციის აღორძინებას რომ ჰპირდებიან ხალხს.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართლმადიდებლობა იქნება „სახელმწიფო რელიგია“, აუცილებელია შემდეგის გაცნობიერება: ეს სიტყვები ნათქვამია სავსებით საერო, არაკლერიკალური განწყობილებით და გამორიცხავს როგორც ცეზარიზმს, ისე რომაულ-კათოლიკურ პაპიზმს. ასეთი რამ უცხოა ქართული მართლმადიდებლური ტრადიციისათვის, რომლის თანახმადაც ეკლესია თავისი არსით „არაამსოფლიური არს“.

მართალია, ზვიად გამსახურდიას ვრცლად არსად ჩამოუყალიბებია ეს საკითხები, მაგრამ მისი აზროვნების და ხელმძღვანელობის სტილიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას: არც სამღვდელოება უნდა ჩაერიოს სახელმწიფოს საქმიანობაში და არც სახელმწიფო - სამღვდელოების სულიერ ცხოვრებაში, თუმცა სასურველია არსებობდეს მკვიდრი საფუძველი მათი თავისუფალი, მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობისათვის მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამისთვის კი საჭიროა არამხოლოდ თავისუფალი სახელმწიფო, არამედ სასულიერო ხელისუფლების განთავისუფლებაც ყოველგვარი ძალაუფლებრივ-პოლიტიკური და პირადულ-ეგოისტური ინტერესებისაგან.ეს აგრეთვე არ ნიშნავს ათეისტთა და არამართლმადიდებლური კონფესიების მიმდევართა დევნას, მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. მათთან დამოკიდებულებაში მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა უნდა იხელმძღვანელონ მოციქულეობრივი ტრადიციებით და რადგან საქართველოს ისტორიისათვის უცხოა ინკვიზიციის კოცონები და აუტოდაფე, საჭიროა მათი მოქცევისათვის მუშაობა სიტყვიერი შეგონებით, დარწმუნების გზით, პირადი მაგალითის ჩვენებით. ამავე დროს, არც ერთმა სამართლებრივმა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ადამიანების ჩათრევა სხვადასხვა სექტებში ფინანსური მაქინაციების, აგრეთვე მათზე პარაფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით; ნუ დაგვავიწყდება, რომ თანამედროვე სექტები საკმაოდ მდიდარი ორგანიზაციებია, რომელთაც დიდი გამოცდილება და სახსრები გააჩნიათ ადამიანთა გადასაბირებლად.

სხვა შემთხვევაში სარწმუნოების მდგომარეობა იქნება ყოვლად შეჭირვებული და დაკნინებული და ასეთი მდგომარეობის გათვალსაჩინოებისათვის ზვიად გამსახურდია მოიშველიებდა ხოლმე ერთ გამონათქვამს წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრებიდან: „არა უმჯობეს არს ტაძარი ესე ადგილსა მას სავაჭროსა, სადა მუნ მოვიდოდიან შემკულნი დედანი საცდუნებელად უგუნურთა“.

საერთოდ საქართველოში იმას კი არ უყურებენ, თუ რას ქადაგებენ საეკლესიო ამბიონიდან, არამედ იმას, თუ ვინ ქადაგებს...

რაც შეეხება კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს, იგი ზვიად გამსახურდიამ იმაზე უფრო ადრე განჭვრიტა, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია, თუმცა გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე ერიდებოდა მის წინააღმდეგ ქმედებას. ჯერ კიდევ 1984 წელს მან წამაკითხა თავის მიერ დაწერილი წერილი „წითელი ეგზარხოსი, ანუ ნიმბიანი მზვერავი“ (დაახლოებით 30-40 გვერდი). ამ წერილის ბედი ჩემთვის უცნობია. აღარ მოვყვები კიდევ ერთხელ იმის ჩამოთვლას, თუ რა აწევს ილია II-ის სინდისს 1991 წლის შემოდგომიდან დღემდე. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ საქართველოსთვის უკვე აღარა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, პატრიარქად მომავალში ილია II დარჩება, თუ მას შეცვლის მსოფლიოს იეზუიტ „მომაწესრიგებელთა“ (და იმავდროულად ჩრდილოეთის შავ-წითელი „პრავოსლავიეს“) რომელიმე უფრო ახალგაზრდა ანაფორიანი აგენტი.

რაოდენ ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის ამ უაღრესად საბედისწერო პერიოდში ერთი-ორი გამონაკლისის გარდა არ აღმოჩნდა ეკლესიაში პიროვნება, ოდნავ რომ მაინც შეედრებოდეს ამბროსი კათალიკოსს, კირიონს, თუნდაც კალისტრატეს - ტერორიზებულს კომუნისტების მიერ იმდენად, რომ იძულებული იყო ტაქტიკური მოსაზრებით გარკვეული კომპრომისები დაეშვა, იმავდროულად დიდ მეცნიერს, ვისაც თავისი ქრისტიანული რწმენით, სათნოებით და პიროვნული სუბსტანციით ძალა შესწევდა გადაერჩინა ქართული ეკლესია უმძიმესი დევნის ჟამს. ზვიად გამსახურდია იგონებდა თავის ერთ სიყრმისდროინდელ შთაბეჭდილებას: ქაშუეთის ეკლესიაში მისი ნათლობის აღმასრულებელი კალისტრატე თავისი უაღრესად განსულიერებული სახით მის ბავშვურ აღქმას წარმოუდგა როგორც ადამიანი, არასოდეს რომ არ მოკვდება.

(ჩემს მიერ გაშავებული ადგილი არ უხდება ამ წიგნს. ზემოთ ნათქვამიც საკმარისია! - ვ.ბ)

წიგნიდან: „დინების საწინააღმდეგოდ“ თბ. 1997 წ.

 

 

ნანახია: (1135)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას