კვლავ, ე.წ. "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის" ინსტიტუტის შესახებ!
"მოგეხსენებათ, რომ ე.წ. "მოსაყდრის" ინსტიტუტი ქართულ სინამდვილეში მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედიდან (1917 წელი - მიტროპოლიტი ლეონიდე) გაჩნდა, რაც განპირობებული იყო ექსტრემალური, არაორდინალური და ფორსმაჟორული ვითარებით. იგი აიხსნებოდა ჯერ ცარისტული რუსეთის, ხოლო შემდგომში კი საბჭოთა ტოტალიტარული კონიუქტურის პირობებში, გამონაკლისის სახით დაშვებულ დე-ფაქტო იკონომიად და მას არავითარი კანონიკური საფუძველი არ მოეძებნებოდა მართლმადიდებლურ იურისპოდენციაში.
სამწუხაროდ, მსოფლიო თუ ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებთან, აღნიშნული "თანამდებობა" ფუნდამენტურად შეუთავსებელი და ექსკლუზიური მოვლენაა და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი პრეცედენტები გაჩნდა უახლოეს ისტორიაში, იგი ვერანაირად ვერ განზოგადდება თანამედროეობაზე და ვერ გადასწონის რანგით უფრო მაღალ და აპრიორი გასათვალისწინებელ სჯულის კანონისეულ განწესებებს, ტრადიციასა და კანონმდებლობას!
აღნიშნული ინსტიტუტის პროფანირებულ მხარეზე უთითებენ შემდეგი კანონები: მოციქ. 14; I მსოფ.8; II მსოფ. 2; ანტიოქ. 13, 22, 23; III მსოფ. 8; ტრულის 20 და სხვ.
ქვემოთ, წარმოგიდგენთ, თუ რა სახის პრეცედენტები და გამოცდილება არსებობს "მოსაყდრის" ინსტიტუტის ირგვლივ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში:
ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან დევნილმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) 1925 წლის 30 ოქტომბერს მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე) კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაასახელა, თუმცა 1926 წლის 30 დეკემბერს მეუფე კალისტრატე წმ. სინოდში არსებული კონფლიქტური გარემოების გამო მოსაყდრეობიდან გადადგა.
1927 წლის ივნისში ჩატარებულმა მეოთხე საეკლესიო კრებამ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე. ამავე კრებამ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოარჩია ქუთათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), რომელმაც 1930 წელს პატრიარქთან იდეოლოგიური დაპირისპირების გამო უარი თქვა მოსაყდრეობაზე.
კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ 1959 წლის 24 ივლისს მარგველი ეპისკოპოსი დავითი (დევდარიანი) დანიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის მოსაყდრედ. 1960 წლის10 იანვარს წმ. სინოდმა მოსაყდრე დავითი გაათავისუფლა მოსაყდრის თანამდებობიდან და მის ნაცვლად აირჩია მიტროპოლიტი ეფრემი, რომელიც 20 თებერვალს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი დავით მეხუთე. როდესაც გახსნეს პირველიერარქის "საიდუმლო ზარდახშა", გაირკვა, რომ არ არსებობდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ვინაობის შესახებ წერილობითი განკარგულება (ე.წ. "ანდერძი", რაც კიდევ ერთი გაუგონარი პროფანაციაა კანონიკური თვალსაზრისით!). იმავე დღეს, შეიკრიბა წმ. სინოდი, რომელმაც მოსაყდრედ აირჩია უპირატესი მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა ილია (შიოლაშვილი). იგი მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა 1977 წლის 23 დეკემბრამდე.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადღეისოდ არანაირი წინაპირობა და საჭიროება არ არსებობდა "მოსაყდრის" დასახელებისათვის, მით უფრო ცოცხალი და არგადამდგარი კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში!.. შესაბამისად ვერანაირი ლეგიტიმაცია და კანონიკური ძალაუფლება ვერ ექნება იმ კაზუსს, აბსურდს, ნონსენსსა და უკანონობას, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი საპატრიარქოს ადმინისტრაცია უტიფრად ხელს აფარებს, რისი ანულირებისა და რედუცირების უფლებაც სხვათაშორის ახლანდელ ეპისკოპატსაც იურიდიული კუთხით ნამდვილად გააჩნია!"
წერს გიორგი ტიგინაშვილი
ნანახია: (768)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას