logo.png

კონსტანტინე გამსახურდია (უმცროსი)

 

ორი სულიერი ძმა

 

... კონსტანტინე გამსახურდია ორ ჭაბუკს - ზვიადსა და მერაბს - როგორც მათი მასწავლებელი და აღმზრდელი, ევროპული კულტურის უმშვენიერეს სამყაროს აზიარებდა. არც იყო გასაკვირი, რომ ეს ახალგაზრდები სიყრმიდანვე დაუპირისპირდნენ სამშობლოში გაბატონებულ რეჟიმს და თექვსმეტი წლის ასაკში პირველი დაპატიმრება იწვნიეს. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: 1956 წლის გაზაფხულზე ხრუშჩოვმა გამოსცა ბრძანება საბჭოთა კავშირის მთელი ტერიტორიიდან სტალინის ძეგლების აღების შესახებ. ეს იყო პიროვნების კულტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც ბევრგან მოწონებული იქნა სტალინის ქართული(მგონი წერტილია გადასაადგილებელი) წარმომავლობის გამო. ამ კამპანიას საქართველოში უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. ათწლეულების მანძილზე თანამემამულის პატივისცემას მიჩვეულმა ხალხმა, რომელიც გარკვეულწილად ამაყობდა კიდეც ამ „დიდი“ადამიანით, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და მღელვარე პროტესტი გამოხატა. თუმცა, სიხარულსაც ჰქონდა ადგილი, რადგან ჩანდა, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ მათი ჩაგვრის უღელი შემსუბუქდებოდა. რაც არ უნდა აბსურდულად ჩანდეს, საქართველოში ერთდროულად ზეიმობდნენ და პროტესტსაც გამოთქვამდნენ. მარტის დასაწყისში ასიათასობით ადამიანი თბილისისკენ დაიძრა. მსვლელობამ ერთ კვირას გასტანა. სპეციალურმა ნაწილებმა მანიფესტანტებს ცეცხლი გაუხსნეს. დაახლოებით 200 გვამი  მდინარე მტკვარს გაატანეს. მღელვარება აილაგმა.

ამავე პერიოდში უნგრეთშიც ჩაახშვეს საპროტესტო გამოსვლები, რასაც იმრე ნადის დაღუპვა მოჰყვა. ცხრა ახალგაზრდა ქართველი დისიდენტი შეეცადა თანამემამულეებში ეროვნული სულისკვეთების ასამაღლებლად მათი ყურადღება უნგრეთში მიმდინარე პროცესებისკენ მიეპყრო. ახალგაზრდებმა პროკლამაციები გააკრეს ქუჩებში.

„დღეს, როცა მთელი მოაზროვნე კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის მხეცური ქმედებით, დღის წესრიგში დგება ჩვენი არსებობის საკითხი. ერთი დროშის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ დამპყრობლების წინააღმდეგ.

მიმოიხედეთ! ქვეყანაში არეულობა სუფევს. ახლოვდება კრემლის ჯალათთა განკითხვის დღე. თბილისში, პოზნანში, პრაღაში მათ მიერ დაღვრილი სისხლი სამართალს ითხოვს. მათი დღეები დათვლილია.

ქართველნო! ჩვენს თავს ჩვენადვე უნდა ვუშველოთ. თავისუფლება ბრძოლით მოიპოვება. მეგობრულად მივესალმებით გმირ უნგრელ ხალხს! უნგრეთი ყველა დამონებული ხალხისათვის მაგალითი უნდა გახდეს! ხელები შორს უნგრეთისაგან! ძირს ოკუპანტები, რომლებსაც ჩვენი ხალხის სისხლში აქვთ ხელები გასვრილი! ძირს სამხედრო ხროვა! ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები!

გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს!“

რა თქმა უნდა, არასრულწლოვანი დისიდენტები დააპატიმრეს, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიას უდიდესი ავტორიტეტის წყალობით, მალევე გაათავისუფლეს.

იმჟამად თავსგადახდენილს გულისხმობდა მერაბ კოსტავა, როდესაც თავის ლექსში წერდა:

„შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი,

ვეფხთან სარკენად ველად გასულებს“.

 

                                                           ***

… ინდივიდუალური გზა, ცხოვრების წესი... მოიცავდა მათი კულტურულ-შემეცნებითი ინტერესების სფეროს. არც წირვა-ლოცვას დაჰკლებიან, როდესაც სიონის ტაძარში სულ ათიოდე მლოცველი მოიყრიდა თავს - ეს იყო მთელი მაშინდელი მრევლი - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მათ შორის იდგნენ. ისინი ხშირად დადიოდნენ ძველი ეკლესია-მონასტრების მოსახილავად, რომლებიც, უპატრონოდ მიტოვებულნი, დაქცევის პირას იყვნენ მისულნი. და ოდეს შიომღვიმეში,ზედაზენზე, ყინწვისში, ბეთანიაში, დავით გარეჯში ეკლესიათა დიდებულებით აღსავსე სივრცეს უძველესი საგალობელი აღავსებდა, „თითქოს იერი ეცვლებოდათ ტაძრებს“ და პირვანდელი ბრწყინვალება უბრუნდებოდათ. ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ზვიადისა და მერაბის შეწყობილი გალობა... მისთვის ეს დაუვიწყარ ხატად დარჩება.

                                                             ***

აგვისტოს ბოლოს ამერიკის სატელევიზიო არხით CNN-ის ჟურნალისტმა ინტერვიუ აიღო ზვიად გამსახურდიასგან. აინტერესებდათ გამსახურდიას აზრი მოსკოვის პუტჩის შესახებ. „ეს არის გორბაჩოვის მიერ მოწყობილი სპექტაკლი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შემდგომში იგივე არხის მაყურებლის წინაშე გამოვიდა გაბრაზებული ჯორჯ ბუში და გამსახურდიას ნოტაციების კითხვა დაუწყო: „ამ კაცმა უნდა ისწავლოს თავისი პოლიტიკური მოსაზერების ფორმულირება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დინების საწინააღმდეგოდ ცურავს“. გამსახურდიამ მეტად ლაკონური პასუხი გასცა ამერიკის პრეზიდენტს: „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები და დახოცილ ნადირთა ლეში მიჰყვება“. ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს მეორე რესპუბლიკის დაშლის სიგნალი აღმოჩნდა.

გერმანულ ენაზე დაწერილი წიგნიდან

                                                                   „თავისუფალი საქართველო“ (1996 წ.)

 

ნანახია: (936)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას