logo.png

 

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია / Association of Religions Experts

 

ანტიკანონიკური და არალეგიტიმური "მოსაყდრე"

"ორი მღვდელმთავრის მსხემობა ერთ კათედრაზე და ე.წ. "მოსაყდრის" (პირველიერარქის ასისტენტი, თანაშემწე, "მემკვიდრე", მოადგილე) ინსტიტუტის შემოღება საეკლესიო სამართლის, ანუ წმინდა და დიდი სჯულის კანონის მიხედვით დაუშვებელია!

კერძოდ, აღნიშნული ინსტიტუტის პროფანირებულ მხარეზე უთითებენ შემდეგი კანონები:

მოციქ. 14; I მსოფ.8; II მსოფ. 2; ანტიოქ. 13, 22, 23; III მსოფ. 8; ტრულის 20 და სხვ.

ამასთან, გარდა იმისა, რომ საკუთრივ მოსაყდრის ინსტიტუტი ნონსენსია, მეუფე შიოს შემთხვევაში თავად დასახელების ფორმაც კი დაირღვა (მოციქულთა 34-ე კანონი), რაც ავალდებულებდა პატრიარქს, რომ იმპერატიულად და ერთპიროვნულად არ ემოქმედა არცერთი გადაწყვეტილების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სინამდვილისთვის "მოსაყდრის" თანამდებობა მართვა-გამგეობის დებულებით დეკლარირებულია, იგი წინააღმდეგობაში მოდის ზემოთ დასახელებულ უძირითადეს კანონებთან!

თუკი მაინც დავეყრდნობით უკანონო მოსაყდრეობის ადგილობრივ სახელოს, აქვე აუცილებლად ხაზგასმით უნდა დავძინოთ, რომ მისი უფლებამოსილება ძალაში შედის მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1)კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისას, ანუ ტახტის დაქვრივებისას, 40 დღის მანძილზე; 2)კათოლიკოს-პატრიარქის გადადგომიდან - ვიდრე ახალი პირველიერარქის არჩევამდე; ამასთან, მის ვალდებულებაში შედის მხოლოდ ერთადერთი საზრუნავი - მოამზადოს საპატრიარქო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება.

მოგეხსენებათ, რომ კანონიკური სამართალი ემყარება იმ იურიდიული ნორმების ერთობლიობას, რომელიც მიიღება უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების ორგანოების მიერ და ხელს უწყობს საეკლესიო ცხოვრების სწორ მართვასა და რეგულირებას, რაც განსაზღვრულია მსოფლიო თუ კერძო კრებათა ფორმატში, რომელსაც მონაწილეებთან ერთად სულიწმინდა ადგენს!

იგი წარმოადგენს წმინდა მამათა განწესებას და შესაბამისად ღვთივსულიერ საუნჯეს, რომლის დაცვა და აღსრულებაც ყველა ადგილობრივი ეკლესიის განუხრელ ვალდებულებას წარმოადგენს!

მისი მიზანია მორწმუნე საზოგადოების კეთილი მეგზურობა სულის ცხონების გზაზე და ეკლესიაში საღვთისმეტყველო და დოგმატური საკითხების ურყევი დაცვა. ამიტომაც, კანონიკური სამართლის სუბიექტად შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის მორწმუნე მრევლი - ქრისტეს სამწყსო, ხოლო ობიექტად კი თავად ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული და ცოცხალი ორგანიზმი.

P.S. ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ე.წ. "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე" შიო (მუჯირი) აბსოლუტურად უკანონოდ, უზურპაციის გზითა და მავანთა იმპერატიული ახირებით სავსებით აბსურდულ თანამდებობას იკავებს!.."

განცხადებას ავრცელებს რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია / Association of Religions Experts

ნანახია: (1112)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას