logo.png

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"შემზარავი ფაქტი მოხდა თურქეთში, განსაკუთრებით შემაჟრჟოლებელი ამ ამბის ბოლო წინადადებაა: 32 წლის ისმაილ კილინსერმა თავისი 10 წლის შვილი, ჰუსეინი მოკლა. შემთხვევა თურქეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. როგორც ისმაილმა პოლიციას განუცხადა შვილი იმიტომ მოკლა, რომ ის მას არ დამსგავსებოდა. „მე ის სამოთხეში გავგზავნე მანამდე, სანამ ის ჯერ კიდევ უცოდველი იყო“,- ამბობს ისმაილი.გამოცემის ინფორმაციით, ისმაილს თავისი ცხოვრების სტილის ძალიან რცხვენოდა და არ უნდოდა ბავშვიც მას დამსგავსებოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისმაილი შვილის მკვლელობას 2 კვირის განმავლობაში გეგმავდა. მან მკვლელობის დროს თავისი ცოლი, 31 წლის რაბია მაღაზიაში საყიდლებზე გაგზავნა. „მეუღლე მაღაზიაში გავგზავნე. ჩემს შვილს ვუთხარი რომ უნდა მომეკლა. მას პატიება ვთხოვე, ვაკოცე და ჩავეხუტე“,- უთხრა პოლიციას ისმაილმა. ამ სიტყვების შემდეგ 10 წლის ისმაილმა მამას შემდეგი რაღაც უთხრა: „მეც მაპატიე მამა! "

რა უნდა ვთქვათ, ეს ფაქტი მართალია მუსლიმურ გარემოში მოხდა და შეიძლება ზოგმა მათ რელიგიას დააბრალოს, მაგრამ პრაქტიკულად იდეაში ამ კაცმა ის გააკეთა, რასაც ჭიათურის მღვდელი თადეოზ სარალიძე ქადაგებდა ბავშვების შესახებ და მათ გარდაცვალებაზე: ვიდრე უვარგისი გაიზარდოს და ჯოჯოხეთში ჩავარდეს, სჯობს ბავშვობაში მოკვდეს და სასუფეველში შევაო. ეს თურქი ჰუსეინი ქართველი რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდით რომ თადეოზის მრევლია და მისი ქადაგება აღასრულა საქმითთქო.

სამწუხაროა რელიგიური ფანატიზმის შედეგები. ზოგჯერ მართლმადიდებლებს გვგონია რომ ფანატიზმი და რელიგიური მკვლელობები მხოლოდ მუსლიმურ და წარმართულ რელიგიებში ხდებოდა და ხდება, ქრისტიანებიდან კი რომაულ-კათოლიკური ეკლესიას ახასიათებდა მე-11-18 საუკუნეებში, არადა სამწუხაროდ ამის ნიშნები მართლმადიდებლურ ბიზანტიასაც ჰქონდა, ხოლო მართლმადიდებლურ რუსეთში მე-17 საუკუნეში "მართლმადიდებლურმა ინკვიზიციამ" სტაროვერთა მიმართ თავისი არაადამიანური სისასტიკით კათოლიკურ ინკვიზიციის ქცევებს თუ არ გაუსწრო, არც ჩამორჩა: ცოცხლად წვავდნენ, ან ასახიჩრებდნენ ათასობით სასულიერო პირს და მრევლს, მათ შორის ცოცხლად დაწვეს კოლომნის ეპისკოპოსი პავლე, რომელმაც უარი თქვა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გატარებულ საეკლესიო რეფორმების მიღებაზე. ამ ყველაფერს მოსკოვის სამეფო კარი და საპატრიარქო უნისონში ახორციელებდა, ასე ცდილობდა "მართლმადიდებლობის" და ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვას სქიზმატი ძველმორწუნეებისაგან (ანუ სტაროვერებისაგან), ეს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ სისხლიან ლაქად დარჩა ისტორიაში. თავად სტაროვერობაც არანაკლებ ფანატიკური მოძრაობა იყო, რომელიც მასობრივი თვითმკვლელობებით - საკუთარი ნებით ცეცხლში დაწვით, ასევე ქრისტიანობის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტად შევიდა.

სამწუხაროდ, წარსულის თუ აწმყოს ტრაგიკულმა გამოცდილებამ ადამიანთა დიდ ნაწილს ვერაფერი ასწავლა და რელიგიური ფანატიზმი კვლავ ყვავის მსოფლიოში და მრავალი სადისტური აქტის მიზეზი ხდება. რელიგიური ფანატიზმი შედარებით მსუბუქი ფორმით ქართულ საზოგადოებასაც სჭამს და ასნებოვნებს, ცოტანი ხომ არ არიან, ვინც დეკანოზ თადეოზ სარალიძის შიზოფრენიულ ცრუქრისტიანობას ჭეშმარიტებად რაცხავენ და კვერს უკრავენ?! და რამდენი თადეოზ სარალიძეებია ეკლესიაში და საპატრიარქო ხელს არ უშლის ამას, პირიქით კი, ხელს უწყობს მათ, ვინც ქრისტიანობას იყენებს კულტურის, ცივილიზაციის და ჰუმანიზმის წინააღმდეგ?! რატომ და რისთვის ასეთი სიბნელე და სიველურე, ნუთუ ესაა ქრისტიანობა?! აი კითხვები, რაზედაც უნდა დაფიქრდეს მთელი ჩვენი ეკლესია, როგორც სასულიერონი, ისე მრევლი."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (664)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას