"ოპონენტები, საპატრიარქოს დამცველები სვამენ კითხვას ჩემდამი, რატომ ვეკურთხე მღვდლად საქართველოს ეკლესიაში ილია მეორის ლოცვა-კურთხევის ქვეშ, ან რატომ მივიღე ილია მეორის ხელით დეკანოზის წოდება, გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების მაღალი სამღვდელო ჯილდოები, თუ პატრიარქის მოღვაწეობას და პიროვნებას უარყოფითად ვაფასებ და ეს ყველაფერი ვიცოდი, რასაც ვწერ.
პასუხი ამაზე ისაა, რომ ჯერ ერთი, საქართველოს ეკლესია არც პატრიარქ ილია მეორის საკუთრებაა და არც მისი ეპისკოპოსებს, ის ყოველი ქართველი მართლმადიდებლის თანასაკუთრებაა, მათ შორის ჩემიც, ხოლო ეკლესიის მისტიური თავი ქრისტეა და მეორეც ის, რომ მე მოვედი ეკლესიაში იმისათვის რათა სიმართლისა და ჭეშმარიტებისათვის მემსახურა, და არა პიროვნების კულტის განდიდებისათვის, სიცრუის და მომხვეჭველობისათვის, რითაც დაკავდა უმრავლესობა ჩვენი სამღვდელოების, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსები. ამასთან მე უმცირესი ასაკიდან უდიდესი და გულწრფელი სიყვარულით მიყვარდა პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს ეკლესია, ვიკვლევდი და ვსწავლობდი ყველაფერს, რაც მათ უკავშირდებოდა. მე ყოველ მღვდელში, ეპისკოპოსში და პატრიარქში გულუბრყვილოდ ვხედავდი წმინდა მამებს და მიუხედავად იმისა, რომ მეტნაკლებად ვიცოდი შიდა საეკლესიო პრობლემები და დარღვევები, 2011 წლისთვის, როცა 28 წლის ასაკში მივიღე სასულიერო ხარისხი დიაკონისა, ხოლო მომდევნო წელს მღვდლის ხარისხი, ვიმედოვნებდი რომ თანდათან შიდასაეკლესიო დარღვევები გამოსწორდებოდა და ამაში მეც ჩემს მცირე თუ დიდ წვლილს შევიტანდი. ამ კეთილი და გულუბრყვილო სურვილის საწინააღმდეგოდ, ყველა ვხედავთ მთელი ამ წლების მანძილზე, არათუ რაიმე გამოსწორდა ჩვენს ეკლესიაში, არამედ პირიქით ყველაფერი უარესობისკენ მიდის დღითი დღე, ჩვენი ეპისკოპატის დიდი უმრავლესობა დაკავებულია მხოლოდ პირადი გამორჩენით, მომხვეჭველობით და პატრიარქის პიროვნების ხოტბა-დიდებით, რომლის უკანაც პირმოთნეობა, მლიქვნელობა და ანგარება იმალება, ხოლო მდუმარე, ჩაჩუმებული პატიოსანი მღვდლები მხოლოდ ამყარებენ ამ აყროლებული მანკიერი სისტემის არსებობას ეკლესიაში, თავიანთი სიჩუმით და მონობით, რომელსაც მორჩილება შეარქვეს არასწორად, ქრისტეს სახელს იყენებენ ადამიანების ზომბირების და დამონების საშუალებად, ესაა უდიდესი ტრაგედია მთელი ქართველი ერისა. ამიტომ მე მთელი ეს წლები, კონკრეტულად 2013 წლიდან, როდესაც პირველად ჩემს ცხოვრებაში გავხსენი სოციალური ქსელი, ფრთხილი კრიტიკით თუ უბრალოდ აზრის დაფიქსირებით, ვცდილობდი თვალი ამეხილა საეკლესიო ადმინისტრაციისათვის თუ რა უნდა გამოსწორებულიყო და გადაჭრილიყო, საიმისოდ რომ პრობლემები უფრო არ გაღრმავებულიყო. მთელი ეს წლები არაფერი საპატრიარქოს მიერ არ იქნა შესმენილი, პირიქით კი, თანდათან მძაფრდებოდა მათი გაბოროტება და გაანჩხლება ჩემს მიმართ, რაც საბოლოოდ გადმოაფრქვიეს ამა წლის 11-12 თებერვლის უგნური განჩინებით. ამიტომ მე ამიერიდან უფრო მეტი გულახდილობით და მთელი სიმართლით გიყვებით იმას თუ რა ტრაგიკულ და უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი საქართველოს მართლმადიდებელი უძველესი ეკლესია საბჭოთა ნომენკლატურისა და ანგარი ადამიანების წყალობით. დაე, "ვისაც თვალნი აქვს, იხილს და ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს". მიმაჩნია, რომ ერის უმრავლესობის გამოფხიზლება და ამ მოჯადოებული, დაბანგული მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ სიმართლის გაცნობიერებით და გონების ამუშავებით არის შესაძლებელი, ღმერთი გონიერ და სიმართლისმოყვარე ადამიანების ხელით მოქმედებს, და არა სიცრუისა და მამონას მსახურებით, ზომბირებული ფანატიკოსებითა და ფარისეველი ვაი მორწუნეებით."
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ნანახია: (724)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას