logo.png

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"თეოდორეების და გერასიმეების განსაკითხი ვარ მეეე?? ამათი განსაკითხიიი???"

"ახლაც ჩამესმის იმერული ინტონაციით წარმოთქმული ყოფილი მთავარეპისკოპოსის, ზვიად გამსახურდიას მომხრეობისთვის და პატრიარქის, რბილად რომ ვთქვა, არასწორი ქმედებების კრიტიკის გამო განკვეთილი მეუფე ამბროსი ქათამაძის სიტყვები. ცოტა არასერიოზულად აღვიქვავდი ხოლმე მას რამდენიმე მიზეზის გამო, თუმც მებრალებოდა და პატივს ვცემდი ვითარცა ყოფილ მღვდელმთავარსა და ძველ სასულიერო პირს.

2008 წლის 13 ოქტომბერი იყო, სვეტიცხოვლის დღესასწაული დგებოდა და საღამოს სადღესასწაულო ღვთისმსახურება უნდა დაწყებულიყო სვეტიცხოველში, ველოდებოდით პატრიარქის მოსვლის მაუწყებელ ზარებს და ჯერ ყველანი საკურთხეველში ვიყავით- მღვდელმთავრები და კლიროსი, ესე იგი მღვდლები, დიაკვნები, იპოდიაკვნები ანუ ე.წ. სტიქაროსნები, მეც მათ შორის, იმხანად სტიქაროსანი და სასულიერო აკადემიის სტუდენტი, მოულდნელად ერთერთმა მღვდელმთავრმა, არ მახსოვს რომელმა, მგონი მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, ამბროსის შენიშვნა მისცა ჯვარ-პანაღია რა უფლებით გიკეთია, მოიხსენიო და რის პასუხადაც გამწარებულმა და შეურაცხყოფილმა ამბროსიმ შეჰკივლა: ვინა ხართ თქვენ? თქვენ დაღუპეთ საქართველოს ეკლესიააა, შიოლაშვილებმა დაღუპეთ საქართველოს ეკლესიააა!!! საკურთხევლის მთელი კრებული გაირინდა, მღვდელმთავართა ნაწილიც, არ ერევა კონფლიქტში და მხოლოდ მაყურებლის როლს ირგებენ, მისცივდნენ მიტროპოლიტები დიმიტრი, გერასიმე და თეოდორე, არის კვლავ ურთიერთ ყვირილი და დამუნათება. თეოდორემ დაუყვირა ამბროსის: გაჩუმდი, თორემ დაცვას დავუძახებ ახლავე და შენ თავს გავათრევინებ საკურთხევლიდან! ზარივით გაისმა მისი სპეციფიკური ხმა. გამწარებულმა და გასაცოდავებულმა ამბროსიმ შეჰყვირა: დამანებეთ თავიიი, დამანებეთ თავიიი!!! და სვეტიცხოვლის საკურთხევლის ბოლოში გაიქცა აკანკალებული.

სახტად დავრჩი: არ მესიამოვნა და ვერ წარმომედგინა სვეტიცხოვლის უწმინდეს საკურთხეველში მღდელმთავართა ასეთი უსულგულო და თავხედური ქცევა, ახალციხის მიტროპილიტი თეოდორე საკურთხევლდან გაგდებით ემუქრებოდა კაცს, რომელმაც მასზე უწინ ახალციხის საეპისკოპოსო კათედრა პირველმა დაიკავა ისტორიაში და მრავალწლიანი უქმობის შემდეგ გახსნა და აკურთხა 1980 წელს ახალციხის წმ. მარინეს საკათედრო ტაძარი, მაშინ ერისკაცმა ჭუაძემ ალბათ პირჯვრის გადაწერაც არ იცოდა, როცა ამბროსი საბჭოთა ათეისტურ დიქტატურის ჟამს ახალციხის ეპისკოპოსად იწოდებოდა და ახალციხეში წირავდა. ამასთან სხვა თუ არაფერი, მამისტოლა კაცი იყო მისთვის ამბროსი.

მეორე დღეს, 14 ოქტომბერს კვლავ ჯვარ-პანაღიით გამოცხადდა ამბროსი სვეტიცხოველში. წირვის მერე ეზოში რამდენიმე წუთით გავესაუბრეთ. ჩემი მეგობარი, დღეს სასულიერო პირია, ეკითხება: მეუფეო, ამ ძვირფას ჯვარ-პანაღიას ვის უტოვებთ თქვენს შემდგომ?! ძალიან ლამაზია! ამბროსი მყისიერად პასუხობს: არ ვაპირებ ჯერ მე სიკვდილსსს, არ ვაპირებ!!! მართლაც არ აპირებდა, შესანიშნავად გამოიყურებოდა და ახალგაზრდული ენერგიით ატარებდა ასაკს.

გავიდა ერთი თვე და ნოემბრის ბოლოს ყოფილი მთავარეპისკოპოსი, ბერი ამბროსი ქათამაძე, ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის, შემდგომ ნიკორწმინდის ეპარქიათა ყოფილი მღვდელმთავარი, მოულოდნელად სახლში გარდაცვლილი იპოვეს, გაზით გაგუდული, მაგრამ გაზი არ ჰქონდაო შეყვანილი სახლში. ის კია, რომ მისი ცხედარი უცნაურად ცოცხალს ჰგავდა, თეთრი-ვარდისფერი დაჰკრავდა მის სიმპათიურ სახეს და მიცვალებულს საერთოდ არ ჰგავდა, იფიქრებდი, სძინავსო. რამდენიმე ხნის შემდგომ მისმა შვილმა, მღვდელმა ნოდარ ქათამაძემ პრესაში განაცხადა: მამაჩემი მოკლულაო. იგივეს ადასტურებს მეუფე ამბროსის მეორე ვაჟი სულხანი კვირის-პალიტრისადმი მიცემულ ინტერვიუში. გავიდა რამდენიმე თვე და დეკანოზი ნოდარი პოლიციამ დაიჭირა, ესეც გაშუქდა მედიაში. რამდენიმე თვის, თუ წლის შემდგომ გამოუშვეს, ჩუმადაა. რა ქნას, ალბათ ან კვლავ დაჭერის ეშინია, ან მამამისის ბედის გაზიარებისა. ნორმალურ ქვეყანაში კი მრავალტანჯულ ამბროსი ქათამაძის გარდაცვალების მიზეზებს სათანადოდ გამოიძიებდა სამართალდამცავი უწყებები და ყველაფერს ნათელს მოჰფენდა..."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (1054)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას