logo.png

 

იერუსალიმის და ანტიოქიის გავლენის სფეროები,

 უკრაინის საბაბი და უღიარებელი საქართველო

 

„რადიო თავისუფლების“ უკრაინულმა რედაქციამ გამოაქვეყნა რელიგიათმცოდნის - დმიტრო გორევოის წერილი სათაურით „უკრაინა მხოლოდ საბაბია შეხვედრისათვის - ყველა ეკლესია თავის საკუთარ პრობლემას წყვეტს ამანში!“ https://www.radiosvoboda.org/a/30450175.html

როგორც სათაურიდანვე ჩანს, ავტორი ეხება 26 თებერვალს ამანში გასამართ შეხვედრას, რომელიც, ვითომცდა უკრაინული ეკლესიის ცნობა-არცნობის მიზეზით არის მოწვეული, მაგრამ სინამდვილეში ცალკეული ეკლესიები საკუთარი პირადი ინტერესების მოგვარებას აპირებენ.

რუმინელებს, მაგალითად, რომლებიც იორდანიაში თავიანთი მწყემსმთავრის გარეშე მიემგზავრებიან, ნაკლებად ადარდებთ უკრაინა - ერთნაირად ცნობენ კიევისა და მოსკოვის უკრაინულ საპატრიარქოებს და მანამ არ აღიარებენ უკრაინის ავტოკეფალიას, ვიდრე ეს ორი საპატრიარქო საერთო ენას არ გამონახავს!

სინამდვილეში რუმინელებს აწუხებთ ურთიერთობის გარკვევა ცალკე იერუსალიმისა და ცალკე - რუსეთის საპატრიარქოებთან. იერუსალიმთან - ეს არის კონფლიქტი იერიქონის სატაძრო კომპლექსთან დაკავშირებით, რომელიც რუმინული დიასპორისთვის აიგო იერუსალიმის პატრიარქთან შეუთანხმებლად  და წლების მანძილზე ამის გამო შეწყვეტილი ჰქონდათ ევქარისტიული კავშირი; რუსეთთან კი  -კონფლიქტი მოლდოვის ეკლესიის გამო, რომელიც XIX საუკუნეში მიითვისა რუსეთმა და დღემდე ირწმუნება  თავისი უფლებების კანონიერებას რუმინელი ხალხის თანამოძმეთა ტერიტორიასა და სულიერებაზე.

იერუსალიმის პატრიარქთან მსგავსი პრობლემები აქვს ანტიოქიის პატრიარქსაც - და თუ, რუმინელებისგან განსხვავებით, ის პროტესტს უარით გამოხატავს ამანში წასვლაზე, ეს უარი არ ახალია - 2016 წელსაც არ იყვნენ ანტიოქიელები კრიტის საერთო კრებაზე, რადგან  იქ ყოფნა გულისხმობდა ერთობლივ საღმრთო მსახურებას, ხოლო ანტიოქიელები გადაჭრით უარყოფენ იერუსალიმელებთან ერთად დგომას საკურთხეველში!

მათი დავის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები - არის მუსულმანური ქვეყანა ყატარი.

საქმე ის გახლავთ, რომ თურმე ნუ იტყვით და ყატარი, ისევე, როგორც სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები, ფორმალურად მიეკუთვნებიან ორივე მათგანის იურუსდიქციას  - ეს გამომდინარეობს ორივე პატრიარქის ტიტულატურისაგან.

იერუსალიმის პატრიარქის იურისდიქციაში, სტატიის ავტორის ჩამონათვალის მიხედვით, გახლავთ ტერიტორიები: „წმიდა ქალაქ იერუსალიმის და პალესტინის, სირიის, არაბეთის და იორდანიის, გალილეის კანისა და წმინდა სიონისა“.

ხოლო ანტიოქიის პატრიარქის მფლობელობაში, წერილის ავტორის განმარტებით, ყოფილა (მიაქციეთ ყურადღდება ჩამონათვალში კურსივს!) „დიდი სამეუფო ქალაქი ანტიოქია, სირია, არაბეთი, კილიკია, ივერია, მესოპოტამია და სრულიად აღმოსავლეთი“.

როგორც ვხედავთ, უკრაინელი ავტორისთვის წუხილის მომგვრელია, რომ არავის ადარდებს უკრაინის ავტოკეფალიის ცნობა და მართლმადიდებელი ქვეყნები, საღმრთო ჭეშმარიტებების გარკვევის ნაცვლად, დაკავებულნი არიან „ამაოება ამაოებათაზე“ ზრუნვით და იმავ მიწისთვის ბრძოლით, „რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“!

მაგრამ დავანებოთ უკრაინელებს თავიანთი საფიქრალი...

როგორ მოგწონს, ძვირფასო მკითხველო, საქართველოს ისევ ანტიოქიის საპატრიარქოს საგამგებლოში ყოფნა?

გამოდის, რომ მეხუთე საუკუნეში რომ დავმშვიდობებივართ, მას შემდეგ ანტიოქია მოგვტირის და არ ვეთმობით!

რაკი ავტორმა ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი მოიტანა, ესე იგი აქვს მას საბუთი და ანტიოქია ნომინალურად ისევ აგრძელებს ჩვენს სიუზერენობას.

მაგრამ ჩვენს საპატრიარქოს ნომინალობისა რა ენაღვლება - თუკი რეალობაში არ ანაღვლებს რუსული საპატრიარქოსაგან სასულიერო სიწმინდეებისა და მიწა-წყლის ხელყოფა და მისაკუთრება!

ნანახია: (1683)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას