"საქართველოს ეკლესიის ფუნდამენტური პრობლემების მიზეზი არა მხოლოდ ეკლესიის ადმინისტრატორთა სუბიექტურობა, საბჭოთა მენტალიტეტი, არაკეთილსინდისიერება, სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე აქცენტირებაა, არამედ ეკლესიის დღეს მოქმედი არაკანონიკური ნორმებით სავსე 1995 წლის საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაა, რომელმაც 1945 წელს ქართული ეკლესიის უმძიმეს, თითქმის განადგურებული მდგომარეობის პირობებში მიღებული მართვა-გამგეობის დებულების მიერ დამკვიდრებული ძალაუფლების მონოპოლიზება ერთი კაცის ხელში კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა, დააკნინა სინოდის და ეპისკოპოსთა კანონიკური უფლებები ხოლო საეკლესიო კრება, რომელიც წესით ხშირად უნდა იმართებოდეს, სრულიად განდევნა ეკლესიის ცხოვრებიდან: დაადგინა, რომ საეკლესიო კრება მოიწვევა მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევისას, ან ახალი დებულების მიღების შემთხვევაშიო, მაშინ როდესაც 1917 წლის დებულებით სრულიად საქართველოს ეკლესიის კრება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა მოწვეულიყო და პატრიარქი და ეპისკოპატი ანგარიშვალდებული იყო ამ კრებათა წინაშე. 1945 წლის და 1995 წლის დებულებები ფუნდამენტურად და პრინციპულად ეწინააღმდეგება 1917 წლის ავტოკეფალიის აღდგენისას წმ. კირიონის და პირველის საეკლესიო კრების მიერ დამტკიცებულ მართვა-გამგეობის პრინციპებს, კანონებს და სულისკვეთებას, შეიძლება ითქვას რომ კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ ხანაში მიღებული ამ დებულებებით მოხდა საეკლესიო მოწყობის და მმართველობის დემოკრატიული, კრებსითი პრინციპების სრული დამხობა და ერთპიროვნული აბსოლუტიზმის დამკვიდრება ეკლესიაში, რაც ნაწილობრივ 1920 და 1927 წლის ცვლილებებით დაიწყო, ხოლო 1945 წლის დებულებამ უფრო გაამკვეთრა, ხოლო 1995 წლის დებულებამ არნახული მასშტაბებით დაამკვიდრა, რომელსაც ეკლესიის ისტორია და კანონიკა არ იცნობს საერთოდ (მაგ. დიაკონი და მღვდელი პატრიარქის ნებართვით აკურთხოს ეპისკოპოსმა, ტაძარი პატრიარქის ნებართვით ააშენოს/აკურთხოს ეპისკოპოსმა და ა.შ.). ამ ანტიკანონიკური ვითარების გამო და პატრიარქის პიროვნების კულტის ისტორიაში უანალოგო და მსოფლიოში ასევე არნახული მასშტაბის გამო ყველაფერი სუბიექტურად იმართება დღეს და მივიღეთ კატასტროფული დამახინჯება ეკლესიის მდგომარეობისა. ხვალიდან წარმოგიდგენთ შედარებებს იმ გრადაციისა, რაც მივიღეთ ავტოკეფალიის აღმდგენი წმინდა მამების განჩინებიდან ანუ 1917 წლიდან დღემდე, ერთი საუკუნის მანძილზე..."
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ნანახია: (1078)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას