logo.png
George Tiginashvili

George Tiginashvili-ს ფოტო.

 ვინ არის გამარჯვებული სინამდვილეში

"კაცის ცრუ ბაგე მისივე მტერია და ლაქარდიანი ენა საფრთხეს უმზადებს" (ბიბლია, იგავნი 26,28).

ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ქრისტეს საზომი აბსოლუტურად სხვა კრიტერიუმებსა და სტანდარტებს გვთავაზობს "გამარჯვების", როგორც ასეთის საკითხში, რომელიც დიამეტრალურად განახვავებულია წუთისოფლისეული ბარომეტრისაგან. სულიერ, მისტიკურ და მეტაფიზიკურ რეალობაში იმარჯვებს ის, ვისაც არა ოპონენტის, მოწინააღმდეგისა და მომხვდურის, არამედ საკუთარი თავის დამარცხება შეუძლია. თუკი ანტიკურ ეპოქაში გმირობა მოიაზრებოდა თვალსახილველ სივრცეში წარმატებით ასპარეზობასთან (პოლიტიკაში, სპორტში, საბრძოლო ხელოვნებაში), ქრისტიანობამ სრული ატიპოდი, ანუ საპირისპირო პარამეტრები შემოგვთვაზა, სადაც გმირობა სულის ღონეა და არა სხეულისა თუ სამშვინველის! ბრძოლის სარბიელი მხოლოდ საკუთარი "მეა". შესაბამისად გამარჯვებულიც ის არის, ვინც სძლია საკუთარ ვნებებს და ვინც ხატებიდან მსგავსებამდე ამაღლდა. და როგორც წმ. იოსებ ათონელი ამბობს: "პიროვნება ის არის, ვინც განმაახლებელი, განმასრულყოფილებელი და განმათავისუფლებელი მადლი მოიხვეჭა". ანუ ის შეიძლება მივიჩნიოთ გამარჯვებულად ვინც თავის თავში არსებულ ქონდრისკაცს ჯაბნის და არა ის ვინც იპყრობს სოციუმს თავისი ავტორიტეტითა თუ დომინირებით!

ყველაზე მთავარი მტერი არის ამპარტავნება, ეგოცენტრიზმი, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, სიძვა, გარყვნილება და ვერცხლისმოყვარეობა, რომელიც ძალიან ბევრ "წარმატებულ და ძლიერ" ლიდერებს ახასიათებდათ წუთისოფელში, რომელთა სახელდიდებაც კვამლივით განქარდა საბოლოო ჯამში სწორედ შინაგან უკეთურებასთან მონობის გამო.

წმ. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ II ეპისტოლის მე-12 თავში განსაცდელთან და მტერთან ჭიდილზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: "სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი. მომიგო: "შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი".

გადავხედოთ ისტორიულ სიგრძეს და მოვიხმოთ რამდენიმე საგულისხმო მაგალითი თუ ვინ გამოვიდა რეალურად გამარჯვებული:

ჯვარცმული, დამცირებული და შეურაცხყოფილი იესო ქრისტე თუ ჰეროდე-პილატე-კაიაფა-ანნა?

ქრისტიანული თემი თუ შეშლილი ნერონი?

დევნილი, შევიწროვებული, წამებული და სიკვდილით დასჯილი მოციქულები თუ მათი ჯალათნი?

წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი თუ ტრაიანე?

წმ. კლიმენტი რომაელი თუ ტრაიანე?

წმ. გიორგი კაბადოკიელი თუ დიოკლატიანე?

წმ. ნიკოლოზი თუ ავტორიტეტული არიოზი?

წმ. იოანე ოქროპირი თუ დედოფალი ევდოქსია?

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი თუ მწვალებელი არიოზის პირქუში მიმდევრები?

წმ. დავითი და წმ.კონსტანტინე მხეიძეები თუ მურვან ყრუ?

წმ.ევდემოზ კათალიკოსი თუ როსტომ ხანი?

წმ. ქეთევანი თუ შაჰ აბასი?

წმ. კირიონ II (რომელსაც ეპისკოპოსობაც კი ჩამოართვეს) თუ იმპერიალისტი და კოლაბორაციონისტი ელიტა?

წმ. ამბროსი (ხელაია) თუ უსამართლო მოსამართლე?

მარტინ ლუთერ კინგი თუ ამერიკული სეგრეგაცია და რასიზმი?

წმ. გაბრიელ სალოსი თუ პატრიარქი ეფრემ II (რომელმაც განაყენა იგი მღვდელმსახურებიდან)?

დამხობილი ზვიად გამსახურდია თუ დამამხობელი ჯაბა იოსელიანი?

ამდენად, მოვლენებს ნურასდროს ნუ გავუსწრებთ წინ. ამქვეყნად სიმართლის სრულ ზეიმს არც არავინ ველით მორწმუნეთაგან, რადგან "ვიცით, რამეთუ ღვთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას"(I იოანე, 5, 19). შესაბამისად ამასოფლის ძლიერთა ძალაუფლება, ფუფუნება, გავლენა და წონადობა - სავსებით არ ნიშნავს საბოლოო ბრწყინვალებას ქრისტეს პრიზმაში!

"დროებით დამარცხებული მართალი უფრო ძლიერია, ვიდრე დროებით მოზეიმე უსამართლო" - მარტინ ლუთერ კინგის ეს სიტყვები ისტორიული კანონზომიერების გარდაუვალი ჭეშმარიტებაა! ასე, რომ ნუ მოვიხიბლებით ოფიციოზის, სტატუსის, წოდების, პატივისა და სიმდიდრის ბოროტად გამომყენებელი ადამიანების "ძლევამოსილებით"... მსაჯული პირუთვნელი უფალია საბოლოოდ, ხოლო დედამიწაზე კი მომავლის რაკურსით დანახული განვლილი ისტორია.

და საერთოდაც "დამარცხებულია არა ის ვინც ერთი შეხედვით ომი წააგო, არამედ ის, ვინც ბრძოლა შეწყვიტა" - ჯორჯ ვაშინგტონი. ამიტომ ნურც ამსოფლიური საზომით ჩათვლით მავანს გამარჯვებულად!..

 

 

ნანახია: (1870)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას