"მონასტრების პროტესტს სამღვდელოების და მრევლის ნაწილის პროტესტიც მოჰყვა. მაგალითად, გურიის სამღვდელოების ხელმოწერით წერილიც კი გაიგზავნა საპატრიარქოში, სადაც სრულიად იყო მხარდაჭერილი მონასტრების მოთხოვნა. ამ წერილებმა საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, ისინი ითარგმნა ინგლისურად, რუსულად, ბერძნულად, გავრცელდა ათონზე, წმიდა მიწაზე, რუსეთში, სერბეთში, საფრანგეთის, ამერიკის მართლმადიდებლურ მონასტრებში, სამრევლოებში.
თბილისის სამღვდელოების ყველაზე აქტიური ნაწილიც, ცხადია იგივე პოზიციაზე იდგა თუმცა ზოგიერთი მათგანი. მაგალითად, არქიმანდრიტი რაფაელი, მამა ზურაბ ანთაძე და მათ გარშემო მყოფი სასულიერო პირები არ ეთანხმებოდნენ ბერების კატეგორიულ მოთხოვნას და მათ მიერ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას საპატრიარქოსთან. სულ რაღაც, ორიოდ კვირაში სამღვდელოება, რომელიც წლების განმავლობაში, ამბიონებიდან ქადაგებდა, რომ ეკუმენიზმი მწვალებლობაა, და სრულ თანამოაზრეობაში იყო აღმსარებელ ბერებთან, უეცრად მტრად მოგვეკიდა, ნელ-ტფილ პოზიციაზე დადგა და დაიწყო მტკიცება: ''ეკუმენიზმი მხოლოდ ერესისკენ მიმავალი გზაა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან განდგომილება ჯერ საწყის ეტაპზეა, რომ ეკუმენისტი იერარქების ღალატი, მათი პირადი ცოდვაა, ის სამღვდელოებას და მრევლს არ ეხება'' და ა.შ. მოკლედ ანტიეკუმენისტები უეცრად ნახევრადეკუმენისტები გახდნენ და ამის ქადაგება მანამდე დაიწყეს, სანამ სინოდი იმსჯელებდა ამ საკითხზე. ამ ყველაფრის მოთავე და იდეოლოგი კი არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი იყო, რომელიც მაშინაც და ახლაც მთავარ თეოლოგიურ ავტორიტეტად ითვლება სამღვდელოების ამ ჯგუფში. მამა ლაზარეს ათონიდან დაბრუნებისა და პატრიარქთან აუდენციის შემდეგ ეს კომპრომისული პოზიცია კიდევ უფრო გამყარდა. რა იყო ამის მიზეზი, ამაზე მოგვიანებით დავწერ. ახლა კი მივყვეთ მთავარ მოვლენებს. საპატრიარქოში მიხვდნენ, რომ დაყოვნება და დროის გაწელავ უფრო გაამწვავებდა სიტუაციას, საქმეში მაშინდელი მთავრობაც ჩაერია, რადგან პრესა დაინტერესდა და ზოგიერთ გაზეთში მონასტრების წერილები, ბერებთან ინტერვიუები დაბეჭდეს. და ისედაც მყიფე პილიტიკურ სიტუაციას, თუკი ეკლესიაში დიდი განხეთქილება და არეულობა მოჰყვებოდა, ეს არავის აწყობდა. ამიტომ, შევარდნაძემ, თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში პირდაპირი საჯარო მითითება-მინიშნება მისცა პატრიარქს: '' ჩვენი პატრიარქი ბრძენი კაცია და დარწმუნებული ვარ ამ დაძაბული ვითარებიდან, ისეთ გამოსავალს იპოვის, რომ დაპირისპირება აღარ გაგრძელდებაო''. სამშაბათს მოიწვიეს სინოდის სხდომა და სრულიად მოულოდნელად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც დაძაბულობა ჩაცხრა, საპატრიარქოს კი ტაიმ-აუტისთვის, ძალთა გადაბირება-გადაჯგუფებისთვის და კონტრშეტევისთვის დრო მიეცა. თავად ტექსტი სინოდის გადაწყვეტილებისა, როგორც ყოველთვის ორაზროვანი იყო, ამ დოკუმენტის ორივე პუნქტი კი ურთიერთ საწინააღმდეგო. საპატრიარქო, როგორც წევრი-ეკლესია ოფიციალურად ტოვებდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს და ევროპის ეკლესიათა კონფერენციას. ამ ნაბიჯის მოტივაცია გაკვრით იყო ნახსენები, მაგრამ ის აშკარად დოგმატური ხასიათისა იყო და ე.მ.ს.-ში ყოფნას ეკლეზიოლოგიურად გაუმართლებლად მიიჩნევდა. ანუ სინოდმა მართალია, მოკლედ, გაკვრით მაგრამ მაინც გაიზიარა და გაიმეორა მონასტერთა მოტივაცია და მათი მოთხოვნის მთავარი საფუძველი, მაგრამ დადგენილების მეორე პუნქტით, იქვე უარყო მის მიერ მიღებული დოკუმენტის პირველი პუნქტის არსებითი, იდეური ფუნდამენტი, რადგან ისინი (ბერები), ვინც ეს მოითხოვა და დაასაბუთა, მადლიერებით კი არ მოიხსენა, არამედ დასაჯა, - სასულიერო პირებს მსახურების უფლება აუკრძალა, წინამძღვრობიდან გადააყენა, საეროები კი უზიარებლობით დასაჯა. ანუ მეორე პუნქტი პირდაპირ იძლეოდა სანქციას ამ მონასტრების დევნისა. ბერების და მათი მომხრეების სტიგმატიზაციისა და მონასტრებიდან მათი ძალით გამორეკვისა. რაც მალევე დაიწყო და აღსრულდა კიდეც სპეც-სამსახურების და აგრესიული სამღვდელო-სამრევლო ზონდერბრიგადების მიერ. მაგალითად, ბეთანიის მონასტრიდან ისე გამოყარეს ბერები, პირადი ნივთების აღების საშუალებაც კი არ მისცეს."
ნანახია: (1155)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას