logo.png

 

Tariel Qvashavidze

 

100 წელი საქართველოს ანექსიიდან და ნახვამდის ფეისბუკის მეგობრებო!

"25 თებერვალს სრულდება 100 წელი რუსეთისაგან საქართველოს ხელმეორე ანექსიიდან. როგორ გახდა შესაძლებელი ეს ანექსია, თუ საქართველოსავით ახლად თავდახსნილმა ქვეყნებმა - პოლონეთმა და ფინეთმა შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა და ჩვენ კი განვისყიდეთ თავისუფლება?

სულ უბრალოდ - როცა დადგა თავისუფლების დაკარგვის საფრთხე, პოლონელმა და ფინელმა ხალხმა დაივიწყა ურთიერთქიშპი, ხოლო ქართველების მონურმა პოპულაციამ, დამპყრობელთა ჯარის სათავეში მყოფი ერის მოღალატეების ხელმძღვანელობით, მონობას დაუჭირეს მხარი.

განა ბევრნი იყვნენ ისინი? მაგრამ სრულიად საკმარისნი საიმისოდ, რათა ხელი შეეწყოთ სიუზერენისთვის ქვეყნის ხელმეორე ანექსიის განსახორციელებლად!

განა ბევრნი არიან დღეს „ოცნების“ წევრები და მათი მხარდამჭერები? მაგრამ თუ გუშინ მათ გავრილოვი ჩაგვისვეს ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, გაისად, საბჭოთა კავშირის შექმნის 100 წლისთავზე, არ გაუჭირდებათ თვით პუტინის შემოყვანა, განახლებული საბჭოთა კავშირის ლიბოს ჩამყრელად!

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეა 67%. ესე იგი, მონობის მომხრეა დანარჩენი 33%, ანუ ქვეყნის ერთი მესამედი. ეს გახლავთ სწორედ“ოცნების“ ელექტორატი.

ერთი მესამედი კი საქართველოს ტოლა ქვეყნისთვის ძალიან დიდი რიცხვია, და ეს ნიშნავს, რომ მოღალატე ქართველების სწორედ ასეთი პროცენტი გვყავს ქვეყანაში. ხოლო ამ დროს სამწუხაროდ, დანარჩენი 67 % ვერ აცნობიერებს მოღალატეების წინააღმდეგ მათი მრწამსისეული ერთობის აუცილებლობას.

აქ არ იგულისხმება ოპოზიციის მექანიკური გაერთიანება ფიზიკური განადგურების მოსურნეთა მოძალებისას - იგულისხმება ერთობა სულიერების საფუძველზე.

ქვეყნის მოსახლეობის ეს 67-პროცენტიანი ჯანსაღი ნაწილი ერთმანეთისგან გამიჯნულია სწორედ ამ მრწამსისეული განსხვავებით.

ეკლესიურად მცხოვრები ქართველების დიდი უმრავლესობა თავს არიდებს „ოცნების“ უზურპატორთაგან ერის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას და ეროვნულად განწყობილი ელექტორატი კი რეტროგრადობად და ანაქრონიზმად სახელდებს რელიგიურ რწმენას. მთლად უარესი - ერის მრავალბრძოლაგადანახადი ავანგარდი - ზვიადისტებიც კი ორად არიან გაყოფილნი და თუ ერთნი განახლებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რიგებში მოიაზრებენ თავს, მეორენი, მათდა სამარცხვინოდ - პუტინის ხელდასხმული ივანიშვილის სამსახურშიც კი დგანან.

ჩემი ყოფნა ფეისბუკში გულისხმობდა ამ მხარეების დაახლოებისათვის ბრძოლას, მაგრამ ეკლესიურთათვის ბარაბას გზის მიმდევარი გახლდით და ეროვნულებისთვის -შუასაუკუნეობრივი ბნელეთის ადეპტი. ამდენად, ვხვდები, რომ ჯერხნობით აზრი აღარა აქვს ჩემს დარჩენას ფეისბუკის გვერდებზე და, ღმერთმა ქნას, ჩემს შემდეგ, ფეისბუკში უკეთესობა ყოფილიყოს!

ხოლო, გამომშვიდობებისას, არ შემიძლია არ ვთქვა:

წელს 900 წლისთავია დიდგორის საკვირველი გამარჯვებიდან.

ჩემი ყოფილი მეგობრების საყურადღებოდ მინდა გავახსენებინო მათ: როგორ გაიმარჯვა დავითმა? მხოლოდ ხმლითა და მახვილით?

დავითის დროს ქვეყანას, მეფესთან ერთად განაგებდა ოთხი წმინდანი ბერი: მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელი, საქართველოს პატრიარქი იოანე კათალიკოსი, აფხაზეთის კათალიკოსი ევსტათი და მოძღვართმოძღვარი არსენ იყალთოელი.

ეს საისტორიო მატიანე ნათელჰყოფს, რომ მხოლოდ ჯვრისა და ხმლის ერთობით შეიძლება ეწიოს საქართველო დღეკეთილობას. ამიტომაც იყო ზვიად გამსახურდია სახელმწიფოს მოწყობის თეოკრატიული მონარქიის მომხრე.

მაგრამ დღევანდელ ქვაბავაზაკებით დაკომპლექტებულ საეკლესიო სინოდს და კარიკატურულ სამეფო ოჯახს არ შესწევთ ძალა ამ იდეის განსახორციელებლად.

თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ, ჭეშმარიტმა ზვიადისტებმა იმედი გადავიწუროთ:

წინ, ქართველნო - დავით აღმაშენებლის საქართველოსკენ!

ხოლო თქვენ, ძვირფასო ფეისბუკის მეგობრებო, გემშვიდობებით და გისურვებთ - ყველა ნანატრი სურვილი კეთილად აგხდენოდეთ!"

წერს ტარიელ ქვაშავიძე.

ნანახია: (891)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას