logo.png

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

 

„…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო".

 წითელი არმიის შემოჭრიდან ერთი კვირის თავზე, დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, ქრისტინე შარაშიძეს, სხვა დეპუტატებთან ერთად, უნახავს მარო მაყაშვილი, რომელიც მუხლებზე დაყრდნობილი ჭრილობას უხვევდა სტუდენტ პავლე ბეშკენაძეს. ზუსტად ეს დღე აღმოჩნდა საბედისწერო როგორც მაროსთვის, ასევე, სტუდენტი ბეშკენაძისთვის.

 ფრონტზე მოხალისედ წასული, მოწყალების და, კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. 19 წლის სტუდენტი 19 თებერვალს მოკლეს. ის საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია.

 მარო მაყაშვილი პირველი ქალია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა (2015).

 ,,თითქოს სიწმინდემ აკურთხა პირველ უმანკო სისხლით ქართული ფრონტი და ისიც მარიამისა. სამშობლოს სიყვარული კიდევ ბევრ ლანდს გააჩენს ჟანა დ’არკისა და კიდევ მეტ სასწაულს პატრიოტიზმისას’’. - თქვა მაროს დაკრძალვაზე ტიციან ტაბიძემ.

 პატივისცემის ნიშნად, მარო სამხედრო ტაძრის გალავანთან, დღევანდელი პარლამენტის მიმდებარედ, გამვლელებისთვის სპეციალურად თვალსაჩინო ადგილას დაკრძალეს.

 ქართველ მწერლებს, პაოლოსა და ტიციანის თაოსნობით, მაროს ცხედრის მთაწმინდაზე გადასვენება სურდათ, თუმცა, მაროს მამამ - კოტე მაყაშვილმა, ისინი უარით გაისტუმრა. მისი აზრით, ამას ახალი მღელვარება მოჰყვებოდა:

,,ახალი მსხვერპლის გაღების უფლება ქართველობას აღარა აქვს, ფიზიკურად გაწყდება ახალგაზრდობაო”.

 დაკრძალვიდან მალევე, ბოლშევიკებმა ტაძარიც დაანგრიეს და იუნკერების საფლავებიც მოსპეს.

 მაროს საფლავი დაკარგულია.

 23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა!

ნანახია: (951)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას