logo.png

 

Gelasi Aroshvili

გელსი აროშვილის მოგონებები 1997 წელი (ნაწილი 3)

 "შიო-მღვიმის მონასტერში, მაშინ საკმაოდ დიდი საძმო იყო, ბევრი ხალხი ადიოდა, რჩებოდნენ, ცხოვრობდნენ, სერიოზულად ინტერესდებოდნენ ქრისტიანობით. დღევანდელი თანამოსაყდრეც იქ იყო მორჩილად, ვიდრე რუსეთში გაემგზავრებოდა, მამის ავადმყოფობის გამო. როცა იოანე იყო წინამძღვარი ბერი გაბრიელიც აქ იყო ხოლმე, სამთავროს მონასტერში მძიმე ''ზაპოიში'' მყოფს, იოანე ლამის ძალით ჩასვამდა მანქანაში და შიო-მღვიმეში აყავდა სულიერ-გამაჯანსაღებელ პროცედურებზე. ეს პრაქტიკა მ.გიორგის წინამძღვრობის დროსაც გაგრძელდა. ერთხელაც მივედი მონასტერში, დიდ ტაძარში შევდივარ და რას ვხედავ - გაბრიელს ცოცხი უჭირავს და ღიღინით გვის იატაკს. ისეთი მშვიდი და ბედნიერად მომღიმარი იყო, ანათებდა. ასეთი არასოდეს მინახავს. რაღაცა ვუთხარი და თითი მიიდო პირზე - ჩუუო! მ.გიორგის ვეკითხები რა უქენით ამ კაცს მეთქი და, - ლაპარაკი აქვს აკრძალულიო! ისე ხომ კარგად გამოიყურებაო?

თავად მონასტერში სერიოზულად მოკიდეს ხელი მართლმადიდებლობის დოგმატური და კანონიკური საფუძვლების შესწავლას. შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეკუმენიზმი, უნივერსალური განწვალება იყო და ეკუმენისტ იერარქებთან სულიერი ერთობა არ შეიძლებოდა.

ორიოდე წლით ადრე კი, მ.ბასილ მკალავიშვილის საპატრიარქოდან სკანდალური წასვლა მოხდა. ანუ, უკვე არსებობდა პრეცენდენტი სასულიერო პირის და მისი მრევლის საპატრიარქოდან გამიჯვნისა. ამ კონფლიქტის ძირითადი მოტივაცია ცხადია ცნობილი იყო ჩვენთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მ.ბასილმა საბოლოო ბრალდებათ პატრიარქის მიმართ ეკუმენიზმი გააჟღერა. ანუ ისინი ვინც ეკუმენიზმს წლების განმავლობაში ამხილებდა და ებრძოდა კვლავაც საპატრიარქოში რჩებოდნენ და სიმართლის დროშა კი სულ სხვებმა ააფრიალეს. ეს კი არა მხოლოდ საწყენი, არამედ ბევრისთვის სინდისისმიერი მხილების საფუძველი იყო.

მოკლედ, შიო- მღვიმის მონასტერმა დაწერა და გაავრცელა ღია წერილი პატრიარქისადმი, სადაც ბერები ითხოვდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და სხვა ეკუმენისტური ორგანიზაციებიდან გამოსვლას, მანამდე კი შეაჩერებდნენ ევქარისტიულ ერთობას სინოდთან. ამ წერილს და მის მოთხოვნებს შეუერთდა ბეთანიის მონასტერი, ცხადია ლაზარეს გარეშე. ბეთანიელებმა შეადგინეს საინტერესო ტექსტი, კერძოდ 12 ანათემატიზმი ეკუმენიზმისა და საპატრიარქოში გაგზავნეს. დავით გარეჯის წინამძღვარი მ.გრიგოლი, საბერძნეთს გაემგზავრა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მოსაძებნად და გზიდან გამოგზავნა საკუთარი ტექსტი, რომელიც მთლიანად იზიარებდა შიო-მღვიმელთა მოთხოვნას. ამ მოძრაობას და მოთხოვნას შეუერთდა ქვათახევის მონასტრის საძმო და მისი წინამძღვარი არქიმანდრიტი ბასილი მაჩიტაძე. ასევე ზარზმის არქიმანდრიტი მ. გიორგი ხაბეიშვილი. რომელთაც საკუთარი წერილები გაუგზავნეს პატრიარქს იგივე მოთხოვნებით. ბეთანიელთა ანათემატიზმეს ხელი მოაწერა, მარტყოფის მონასტრის წინამძღვარმა მ. ბენიამინმაც, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ითხოვა მისი ხელმოწერის გაუქმება. მოკლედ იმ დროისთვის არსებული, ყველა მოქმედი, მამათა მონასტერი ერთ პოზიციაზე იდგა.

1997 წლის აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულში ყველა ამ მონასტერმა შეწყვითა პატრიარქის მოხსენიება.

და სწორედ ამ დროს, დარეკა ათონის ერთ-ერთი მონასტრიდან მ. ლაზარემ. რა ხდება, რა ამბავია აქაც დიდი გამოხმაურება და ხმაურია ატეხილი საქართველოს ამბებზეო. მე ვუთხარი, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და ყველა მონასტრებმა უკვე შეწყვიტეს პატრიარქის მოხსენიება მეთქი. ლაზარეს პასუხს წინ მცირე პაუზა უძღოდა, პასუხი კი სრულიად სხვა ადამიანის იყო, ეს არ იყო ძველი ლაზარე, რომელსაც თუნდაც რამდემე დღის წინ ვესაუბრე, ამდენი წლის თანამოაზრე და მეგობარი. ლაზარემ კი ასე მიპასუხა: ეს ყველაფერი არ არის სწორი და იოანეს ავანტიურაა, აქაური მამები და მ.რაფაელი, რომელიც ახლა აქ არის, წინააღმდეგები არიან ასეთი რადიკალური მოთხოვნებისა, შესაბამისად მეც ვიზიარებ მათ პოზიციას, რამდენიმე დღეში თბილისში ვიქნები.

დავიწყოთ იმით, რომ ლაზარე მანამდე საერთოდ არ აპირებდა ჩამოსვლას და უეცრად შეიცვალა გადაწყვეტილება. ეს ''აქაური მამები'' კი ვიცოდი ვინც იყვნენ. ესენი ე.წ. ახალი ათონელები, შეძლებული ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდები, რომლებმაც დაამთავრეს ათენის და თესალონიკის უნივერსიტეტები, მიიღეს სასულიერო წოდებები და დაინიშნენ ათონის მონასტრებში წინამძღვრებად, დაინიშნენ, დიახ, სწორედაც დაინიშნენ და არა არჩეულ იყვნენ, თავად მონასტრების ბერების მიერ, როგორც ეს უძველეს სამონასტრო წეს-განგებულებებშია განჩინებული. დაინიშნენ იმ ძველი იღუმენების ნაცვლად, რომელთაც 60-იანი წლების ბოლოს გაწყვიტეს კავშირი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათინაგორასთან, სწორედ მისი აშკარა ეკუმენისტობის გამო და არც შემდგომ პატრიარქებთან - დიმიტრიოსთან და ბართლომესთან არ აღუდგენიათ ურთიერთობა.

ყველაზე მთავარი უცნაურობა და მოულოდნელობა კი იყო ის, რომ - სწორედ იმ დღეებში, ანუ ''საჭირო დროსა და ადგილზე'', ასე ოპერატიულად, როგორ აღმოჩნდა არქიმანდრიტი რაფაელი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მ.ლაზარეს ასეთ რადიკალურ სახეცვლილებაში. რაფაელზე მოგვიანებით ცალკე დავწერ, ახლა კი მივყვეთ მოვლენებს. რამდენიმე დღეში, ლაზარე მართლაც ჩამოვიდა. ცხადია დავხვდით. როცა ავტობუსიდან ჩამოვიდა მივედით, მივესალმეთ. მ.იოანეც გადმოვიდა მანქანიდან და მისკენ გაემართა. როდესაც ლაზარემ დაინახა მისკენ მიმავალი იოანე, შორიდანვე დაუძახა: ''შენთან კი საერთოდ, საუბარიც კი არ მსურსო''. გავყევი ლაზარეს წოდორეთში, სადაც აპირებდა დასახლებას. გზაში ბევრი ვისაუბრეთ, სამწუხაროდ ჩვენი გზები, როგორც მერე გამოჩნდა სამუდამოდ გაყრილი იყო. ცოტა ხნის შემდეგ, ლაზარემ იოანესთან დარეკა (ამ საუბარს მეც შევესწარი). საზეიმო ხმა ჰქონდა: ახლახანს ვიყავი პატრიარქთან შესული და ვუთხარი მე და ათონელები შენს გვერდით ვდგევართო! - თითქოს ჯინაზე ახარა იოანეს. იოანეს პასუხი დაუნდობელი და მომაკვდინებელი იყო, რუსულადვე უპასუხა და აღარ ვთარგმნი: Даа, отец Лазарь, ты с нами даже разгаваривать не желаешь а с врагами Божими уже дружбу заводиш! სიჩუმე ჩამოვარდა, მე ვიცნობდი ლაზარეს და დავინახე როგორ მოკვდა ადამიანი ყურმილის მეორე მხარეს... ამდენი წელი გავიდა და როდესაც ეს ხანმოკლე საუბარი მახსენდება ახლაც კი ცრემლი მადგება თვალზე."

ნანახია: (1030)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას