"ამ პერიოდში, ბეთანიის მონასტერში მოვლენები უცნაურად და მოულოდნელად განვითარდა. იმის ფონზე, რომ მ.იოანე თავისივე ნებით ჩრდილში მოექცა და თავის კელიაში განმარტოვდა, არქიმანდრიტი ლაზარე ლიდერად იქცა, ბევრს წერდა გამოსცემდა, გაავრცელა ''ღია წერილი პატრიარქისადმი'', სადაც საკმაოდ მკაცრ ტონში ამხილებდა პატრიარქის ეკუმენისტურ კურსს. მის წიგნებს, ათონის მონასტრების დახმარებით საბერძნეთში ბეჭდავდნენ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით, მოკლედ მისი პოპულარობა უაღრესად გაიზარდა. ბოლოს მ.ლაზარემ დაბეჭდა ბროშურა, რომლის გარე კანზე გამოსახული ნახატი, საერთოდაც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. გამოსახული იყო დაყირავებული ტაძრის შენობა, რომელიც ქვემოდან ამოსულ მძლავრ სარეველას შუაზე გაეხლიჩა. ამ მცენარის რტო ბოლომდე იყო ასული ტაძრის ნაპრალში და ყვითელი ყვავილით ბოლოვდებოდა, ყვავილზე კი ეწერა სიტყვა: ''ეკუმენიზმი''. ნუ ეს უკვე, რასაც ჰქვია აშკარა ნაღმი იყო. კონფრონტაცია უკიდურესად გაღრმავდა. ჩამოყალიბდა, ორი იდეური და შეურიგებლად ურთიერთდაპირისპირებული პოლუსი: თავად საპატრიარქო და ბეთანიისა და შიო-მღვიმის მონასტრები თავისი მომხრებით. ლაზარეს ასეთი გააქტიურება, ბოლოს ტრაგიკულად დამთავრდა, მის მიერ აღკვეცილი ბერები ლაზარეს აუჯანყდნენ და ლაზარემ ბეთანია დატოვა. მიზეზი თითქოს იყო უთანხმოება, რომელიც ერთ მორჩილს უკავშირდებოდა, ბერები მის გაშვებას ითხოვდნენ, ლაზარე კი წინააღმდეგი იყო, მაგრამ სინამდვილეში მთავარი მიზეზი უფრო სხვა იყო. კერძოდ კი ის, რომ მ.იოანე თვლიდა, - ლაზარეს ასეთი გალიდერება და აქტიურობა არ იყო ჯანსაღი მოვლენა და თავად ლაზარესთვის ცუდად დამთავრდებოდა. ლაზარემ იგრძნო შავი ღრუბლები და შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას, რასაც წერდა იოანესთან მიქონდა ცენზურაზე და მხოლოდ შემდეგ ბეჭდავდა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. ბეთანიელებმა მოუხშირეს შიო-მღვიმეში სიარულს ლაზარეს გარეშე და საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ განაწყენებული ლაზარე ბეთანიიდან წავიდა. სად წავიდა არავინ იცოდა. ერთი კვირა ვეძებეთ და ბოლოს ძლივს ვიპოვეთ ერთი ბერის სახლში. შუა ოთახში იჯდა, სრულიად განადგურებული, ერთ წერტილს იყო მიჩერებული და ხმას არ იღებდა. ლაზარემ ათონის მთაზე გადაწყვიტა წასვლა. წასვლამდე კი პატრიარქთან მივიდა და რასაც ქვია ყველაფერი პირადად მოახსენა, საკმაოდ სკანდალური ფორმით.
ლაზარე ათონზე გაემგზავრა, თან კი პირადული წყენა და უნდობლობა გაჰყვა მ.იოანესი. ის თვლიდა, რომ მ.იოანემ მასზე დაუნდობელი ექსპერიმენტი ჩაატარა, და რომ ასე არ შეიძლება ადამიანებისადმი მოპყრობა. ეს იყო 1997 წლის ზამთარი. ათონიდან მ.ლაზარე ხშირად მირეკავდა და აქაურ ამბებს მეკითხებოდა. აქ კი მოვლენები ელვისებურად განვითარდა. მ.იოანე კვლავ გააქტიურდა, მოახერხა პატრიარქთან შერიგება, სასჯელი მოუხსნეს და ყოვლითურთ აღადგინეს არქიმანდრიტის ხარისხში. მე და ჩემს ძმასაც მოგვიწოდა, - წადით შეურიგდითო, თან ''შერიგების'' დეტალებიც მოგვიყვა. მივედი, დავუჩოქე, შენდობა ვთხოვე და ვუთხარი - თქვენი მორჩილი ვარ, თუ გინდათ ნაგავსაც მე გავიტან ხოლმეო. პატრიარქმა კი მიპასუხა: საპატრიარქოში ნაგავი არ არისო.
პატრიარქთან ჩვენც მივედით, ერთ პატარა მაგიდაზე დაგვსვა, თვითონ წინ დაგვიჯდა, რომ იტყვიან ''ტეტ ნა ტეტ'' და მართლა მამა-შვილურად გველაპარაკა, ძალიან აღელვებული იყო, ცრემლებიც კი მოადგა თვალზე, მაგ იოანეს თავი დაანებეთო, მაგას ეპისკოპოსობა უნდაო, იცოდეთ ეგ დაგღუპავთო, მერე რამდენიმე გამოცხადება მოგვიყვა იოანეს წინააღმდეგ. ჩვენთვის წარმოუდგენლად დაუჯერებელი იყო მაშინ, რომ მ.იოანეს ეპისკოპოსობა უნდოდა და ამიტომ ჰქონდა უთანხმოება პატრიარქთან. წამოვედით, მოკლედ, მხოლოდ ფორმალური შერიგება შედგა და სხვა არაფერი.
მ.იოანე კვლავ ლიდერად მოგვევლინა, იდეურმა ცენტრმა კი შიო-მღვიმეში გადაინაცვლა. იმხანად, იოანესთან სიარულს მოუხშირა დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გრიგოლ კობახიძემ. მ.გრიგოლი ძლიერ იყო დაბრკოლებული და როგორც თავად ამბობდა - აღარ სწირავდა, - სინდისი არ მაძლევს უფლებას პატრიარქი მოვიხსენიოო. მანამდე მ.გრიგოლი სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი იყო და სომეხთა პატრიარქის გარეგინ პირველის ვიზიტის დროს, როცა გარეგინი წირვას დაესწრო, პატრიარქმა ილია მეორემ აიძულა, შემოსვლისას სრული პატივით და ჯვარზე მთხვევით, შემდგომ კი მისგან კურთხევის აღებით და ა.შ. მიეღო. გარდა ამისა, გრიგოლს მისტიური მოტივაციაც ჰქონდა და ერთი მორწმუნის სულიერი ხილვებიდან გამომდინარე გადაწყვეტილი ჰქონდა პატრიარქთან კავშირის გაწყვეტა. თუმცა მ.იოანეს გარეშე მაინც ყოყმანობდა."
ნანახია: (1103)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას