"2013 წლიდან დღემდე, ამ რვა წლის მანძილზე რაც სოციალური ქსელი მაქვს, აქტიურად ვაპროტესტებდი და ვამხელდი:
1. ეპისკოპისთა და სამღვდელოთა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ ისტორიული ეკლესია-მონასტრების სისტემატურ დაზიანებას და დამახინჯებას თვითნებური და არაპროფესიონალური რემონტებით და ახალმშენებლობებით, რის გამოც არაერთი ეპისკოპისი გამოხატავდა სუბიექტურ გაღიზიანებას და საყვედურებს ჩემდამი, რომ რატომ ვერეოდი და ვამხელდი მათ საქმეებს, არადა საზოგადოების დიდი ნაწილის დუმილმა და სიბრმავემ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე არაერთი არტეფაქტი და ძეგლი შეიწირა სიძველეებისა და ისტორიის უვიცი და მოუფრთხილებელი სასულიერო პირების მიერ. საპატრიარქომ მართალია შექმნა შესაბამისი დარგის კურირებისათვის განყოფილება ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის ხელმძღვანელობით, მაგრამ რეალურად ვითარება არ გამოსწორებულა და კვლავ ზიანდება ისტორიული მემკვიდრეობა, ალავერდელი ვერ უმკლავდება მთელი რიგი მღვდელმთავრების და მღვდლების თვინებობებს, რის გამოც ზიანდება საქართველოს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა და იშლება ისტორიის კვალი, თავის მხრივ მის ეპარქიაშიც ტაძრების უმეტესობა გაპარტახებული და უმოქმედოა, მისი ყურადღება და ზრუნვა ალავერდს და შუამთას ვერ სცდება, რომლების ეზოები და სივრცითი მოწყობა ასევე დააჩეხა და დაამახინჯა საკუთარი გემოვნების და სურვილების მიხედვით.
2. ვამხელდი მუდმივად რუსულ გავლენებს საპატრიარქოში და ეკლესიაში, რაც ყველაზე მკვეთრად საჩინო გახდა 2016 წელს კრეტის დიდი და წმინდა კრების მსვლელობისას, შემდგომ უკრაინის საეკლესიო საკითხისადმი საპატრიარქოს დამოკიდებულებისას, რომელიც მეტი არაფერია, თუ არა, რუსეთის პოზიციების გამაგრება და ყველაზე მნიშვნელვანი ეროვნული კუთხით: დღემდე საპატრიარქო დუმს და არ აძლევს კანონიკურ მხილებას და შეფასებას 2015-2017 წლებში ქ. ცხინვალში მოსკოვის საპატრიარქოს შემოჭრას და ეკლესიის აშენებას, აფხაზეთში მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ხელდასხმული მღვდლების მიერ ტაძრების დაკავებას, ილორის ისტორიული ტაძრის ქართული იერსახის განადგურებას და გარუსებას, მოსკოვის პატრიარქის, როგორც მათი პატრიარქის მოხსენიებას აფხაზეთის ტაძრებში. არ აძლევს შეფასებას მოსკოვის საპატრიარქოს მაიკოპი-ადიღეს და ვლადიკავკაზი-ალანიის რუსი ეპისკოპოსების მიერ თავისი იურისდიქციების გავრცელებას ოკუპირებულ რეგიონებში.
3. ვამხელდი და ვგმობდი ეკლესიის ზოგიერთი წევრის მიერ ნაქადაგები ერეტიკულ სწავლებებზე საპატრიარქოს და მისი სინოდის მუდმივ დუმილს, ასევე ნიკოლოზ-ნარიმან მაქარაშვილის და მისი მიმდევრების მკრეხელური სწავლებების არ განსჯას და დუმილით ხელის შეწყობა, რომელთაგან უამრავი პირი ეზიარება ეკლესიაში და რამდენიმე მღვდელიც რეკლამირებას უწევს ამ მრეხელურ მიმდინარეობას, სადაც მაქარაშვილი ღმერთად, ქრისტედ, პატრიარქად და მეფედ არის გამოცხადებული.
4. ღიად ვაკრიტიკებდი საეკლესიო სასამართლოს არ ქონას და საეკლესიო კანონიკური წესების და პროცედურების უგულვებელყოფას.
5. საეკლესიო, ანუ სასულიერო საგანმანათლებლო სასწავლებლების გავლის გარეშე მასობრივი ხელდასხმები მღვდლებისა და ეპისკოპოსებისა. მაშ რიღასთვის გახსნეს უამრავი სემინარია და აკადემია, თუ სასულიერო განათლებამიუღებელები იქნებიან ნაკურთხნი სამღვდელო წოდებებში? რისთვის იხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მილიონები?! თან იმ პირობებში, როდესაც საპატრიარქოს რამდენიმე ამ ტიპის დაწესებულებას არ აქვს აკრედიტაცია გავლილი.
6. ვამხელდი ფანატიკური, ანტიმეცნიერული, ქსენოფობიური, პრორუსული დაჯგუფებების მომრავლებას ეკლესიაში, რომლებიც ღიად გმობენ კულტურას და ცივილიზაციას. მათ შორის გამოკვეთილია ე.წ. მმკ-ს სამღვდელოება, რომელც ამ ყველაფერთან ერთად გმობს ქართულ საეკლესიო მრავალხმიან გალობას, ქართულ ცეკვას და სიმღერას, და მათ ცოდვად და ანტიქრისტიანობად აცხადებს.
7. ვაკრიტიკებდი საეკლესიო ფინანსების არაგამჭვირვალობას, ვსაუბრობდი მღვდლების ნაწილის დიდი სიდუხჭირესა და მეორე ნაწილის დიდ ფუფუნებაზე, სამღვდელოებისთვის აუცილებელი მინიმალური საარსებო ჰონორარის, ჯანმრთელობის და საპენსიო დაზღვევის არ არსებობაზე.
8. მთელი რიგი ეპისკოპოსების მიერ არასწორი სწავლებების და განცხადებების ჩემგან დაგმობა და მხილება. მათი მომხვეჭველობის, ძალაუფლებისმოყვარეობის, გაუნათლებლბის, არაკვალიფიციურობის, ფარისევლობისა და პრორუსულობის (ესე იგი სამშობლოს მტრის სასარგებლო საქმიანობის), ფანატიზმისა გავრცელებისა და მრევლის დაბნელების მხილება. მედავებიან რომ რატომ გავიხსენე ფ/ბის ერთ კომენტარში მიტრ. ანანიას მიერ პროქტოლოგიური დასკვნის წარდგენა სინოდისადმი 1983 წელს, რაც საკმაოდ ცნობილი ფაქტია და დოკუმენტიც არსებობს, ან რატომ ვუწოდე მიტრ. დანიელის სამარცხვინო განცხადებას შამანისტური, როდესაც კოვზის ვითომდა მაკურნებელ ძალაზე განაცხადა ტელეეთერში, მაშინ როდესაც თავად ხელის მოტეხილების გამო გერმანიაში დადიოდა და საუკეთესო სამედიცინო ძვირადღირებულ მომსახურებას იტარებდა წინა წლებში, საწყალ მრევლს კი ახლა აჯერებდა, რომ კორონავირუსის ნუ შეგეშინდებათ, იარეთ ეკლესიაში, კოვზი მაკურნებელი ძალისააო. მაშ მიედო მოტეხილ ხელზე კოვზი და განკურნებულიყო, რაღას დარბოდა გერმანიაში?! არაერთგზის დავგე ღიად ეპისკოპოს იაკობის ამორალური და ანტიეკლესიური ქმედებები, მიტრ. იოანე გამრეკელის და სპირიდონ აბულაძის კრემლისტური, ანტიეროვნული იდეოლოგიზირებული განცხადებები და ა.შ.
9. ვგმობდი საეკლესიო წესიერების და ზნეობის მასობრივ დარღვევებს ეკლესიაში, საეკლესიო კანონთა დარღვევებს საპატრიარქოს მხრიდან, მათ შორის უეპარქიო მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას, ეპ. დავით ტიკარაძის და ეპისკოპოსობაში დაოჯახებული ვახტანგ ახვლედიანის კვლავ სინოდის წევრად დატოვებას, რაც არღვევს მართვა-გამგეობის დებულების ნორმას სინოდის წევრობის შესახებ. არ მოვიწონე საეკლესიო სასამართლოს განხილვის და სინოდის გარეშე პატრიარქის მიერ სერაფიმეს ერთპიროვნულად უკანონო დადგინება გერმანია-ავსტრიის ეპარქიის მმართველად და ღია თანაგრძნობით მოვეკიდე ამ ეპარქიის სამღვდელოების საპროტესტო წერილს.
ეს და კიდევ ბევრი სიმართლე, რასაც ვამბობდი წლების მანძილზე, მუდმივად იწვევდა რიგი იერარქების და საპატრიარქოს ჩინოსნების გამძვინვარებას და გაბოროტებას, რაც საბოლოოდ გამოიხატა 11 თებერვლის არაკანონიკურ და ცილისმწამებლურ ბრალდებაში ჩემს მიმართ, სადაც ჩაწერეს რომ: "საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული)". ახლა ვეკითხები სინოდს: მე შეურაცხვყავი იერარქია (და ამით ეკლესიას და ქრისტეს), თუ თქვენ შეურაცხჰყავით იგი თქვენი უმსგავსობებით თქვენი საეპისკოპოსო ხარისხი, ეკლესია და ქრისტე, რის გამოც დაბრკოლდა ერის დიდი ნაწილი ეკლესიის მიმართ?! მასმედიაში რომელ იერარქებს და რა ცილი დავსწამე?! როდესაც სინოდი ცალსახად აცხადებთ განჩინებაში, რომ მე ცილს ვწამებ იერარქებს, ესე იგი ეს უკვე "დადგენილი" გაქვთ, ცილისწამებელი კანონიკური ნორმებით ხარისხიდან განკვეთას იმსახურებს, მაშ რაღატომ ქმნით კომსიას?! ახალ კანონებს ხომ არ მოიგონებთ, რაღაზე უნდა იმსჯელოს კომისიამ, როცა თქვენ უკვე დაადგინეთ ბრალი თქვენი სინოდალური განჩინებით, საჯაროდ გამოაცხადეთ იგი და ამ დანაშაულზე ხომ სრულიად ნათლად არის რჯულსკანონის ნორმებით სასჯელი დადგენილი?! კომისია რაღა საჭიროა?! თუ არ იცით რას ადგენს რჯულისკანონი ცილისმწამებელ სასულიერო პირზე?! სინოდი მაღლა დგას, თუ კომისია?! თუ რჯულისკანონის ცალსახა განჩინება ცილისმწამებელზე არ იცით?!
მაშინ როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს ღია და ცნობილი მამათმავალი, პედოფილი, ნარკომანი, მრუში და სხვა ცოდვებით და დანაშაულობებით შეპყრობილი სასულიერო პირები და არ სჯით მათ, არ იხილავთ მათზე არსებულ საჯარო თუ კერძო საჩივრებს და კავდებით ჩემი დასჯის მცდელობით, რათა ჩამაჩუმოთ, მე გეუბნებით თქვენ: "განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი!""
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ნანახია: (912)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას