ერს დაგვიბნელეს თვალები
ტყუილს და მართალს ვერ ვარჩევთ!
ნეტავ საკითხი რომ დადგეს
ღმერთს, თუ ბარაბას ავარჩევთ?!
იქნებ, არცა ვართ მსახურნი
ერთი, მაღალი ღმერთისა?!
იქნებ, კერპიც კი შევქმენით
ერის ფარულად მკვლელისა?!
ნეტავ ვინ არის იუდა
ვინც სიმართლისთვის ჩაქოლეს?!
თუ ვისაც წმიდა ნიღაბქვეშ
კაცნი დაუსვამს საცოლედ?!
ნეტავ ვინ არის იუდა
ვისაც მზაკვრობა არ უყვარს?!
თუ, ვინც ფარული ხლართებით
ერს სამუდამოდ დაღუპავს?!
ფართოდ გავაღოთ თვალები!
თუმცა დახუჭვას გვაჩვიეს.
გაუგონარი სიბილწის
მტკიცედ დაფარვა არჩიეს!
საკუთარ თავში ჩაიკლეს,
ღმერთი, სინდისი, მოყვასი.
ვაი ჩვენდა, რომ ჯოჯოხეთს
ჩაგვყრის ასეთი კომპასი!
ერის დაღუპვას გვიქადის
გამრუდებული მცნებები!
ცრუ სიკეთეს თუ ფარულად
ამოეფარა ვნებები!
განა, სიმრავლე როდია
სიმართლისათვის გარანტი?!
თუკი, მრავალთა, დაკარგეს
ზნეობრიობის ტალანტი!
მაშინ დავფიქრდეთ ვინ არის,
იუდა თავის ქმედებით.
ვინც ცრუ კაცთ დააღალატა,
თუ ვინც გაყიდა მცნებები?!
ვინც საკუთარი ტახტისთვის
ეშმაკს სინდისი მიჰყიდა,
თუ, ვინც ზნეობის დაცვისთვის
უფლისგან ჯილდო იყიდა?!
ვინც დათმო თავის პატივი,
არამცირედი ქონება,
სიმდიდრის შენარჩუნებას
არჩია ქრისტეს მონება.
თუ, ვინც სიცრუეს უკმია,
მდევნელი გახდა სიმართლის?!
ქრისტე კი არა პატივი
ღმერთი ყოფილა იმათთვის.
სოფელს სჩვევია აღმერთოს
ფარისეველის ნიღაბი,
სიმართლის დასამარხავად
ხელში იმარჯვოს ნიჩაბი.
“წმიდა კრებულშიც” მოკვეთეს
სიმართლის მტკიცე დამცველი.
ქრისტე გააგდეს! სანაცვლოდ,
დატოვეს მისი გამცემი!
თუ კი კანონი სჯულისა,
მავანთ, სათვისოდ მოირგეს,
მაშინ სამოთხის სანაცვლოდ,
წარსაწყმედელი მოიგეს!
ნეტავ ვინ არის იუდა?
ვინც ამხელს ცოდვას, თუ ფარავს?!
მგელი თუ დარჩა სამწყემსად,
რა ეშველება ცხვრის ფარას?!
ბრმა თუ ბრმას ექცა წინამძღვრად,
ორივ დაღუპვის შვილია!
დავფიქრდეთ! ჩვენთვის ვინ არის
ღმერთი - ქრისტე, თუ ილია?!
ავტორი: "უდაბნოელი"
ნანახია: (1646)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას