როგორ ამხელდნენ ეკლესიის მტრებს ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა!
I. ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ფასეულობათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთისა და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მახასიათებლების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ძველ ქართველებს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღიქვამდნენ როგორც წმინდა გიორგის ერთიან ორდენს. ეს არის ჭყონდიდელურ-აღმაშენებლური მსოფლმხედველობა, რუსთველური მსოფლმხედველობა. ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული, ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა. უფრო დეტალურად ყოველივე ამას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს წიგნებში "საქართველოს სულიერი მისსია" და "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება". სწორედ ამიტომ შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ძალები, ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას. მაგრამ გახსოვდეთ იოანე მახარობლის სიტყვები:"და ვიხილე მხეცი იგი და მეფენი ქვეყანისანი და მხედრობანი მათნი შეკრებულნი ბრძოლის ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მხედრობისა მისისა მიმართ. და შეპყრობილ იქნა მხეცი იგი და მის თანა ცრუ წინასწარმეტყველი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწუების წუმწუბითა. და სხუანი იგი მოისრნეს მახვილითა ცხენსა ზედა მჯდომარისათა, რომელი გამოვიდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი გაძღეს ხორცითა მათითა" (იოანეს გამოცხადება, თ.19, 19-21). II. მართლმადიდებლობა ქართული ცნობიერების საფუძველთა საფუძველია. შემთხვევითი როდია, რომ საქართველოში წმინდა გიორგის გვერდით დგას წმინდა ნიკოლოზი, კონფესიური მართლმადიდებლობის ბურჯი, ორივენი მფარველნი არიან ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, ამ ორი წმინდანის სახელობის ეკლესიები ყველას სჭარბობენ საქართველოში. ქართული რელიგიური ელიტის აზრთამპყრობელნი მუდამ მართლმადიდებელი მამები იყვნენ, შემთხვევითი როდია რომ ორი უდიდესი მათგანი იოანე ოქროპირი და მაქსიმე აღმსარებელი საქართველოს მიწაში არიან დაკრძალულნი. მართლმადიდებელ წმინდანთა და მოწამეთა სიმრავლითაც საქართველო პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში. ეს მიუთითებს მართლმადიდებლობის პრიორიტეტზე. დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი. III. სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია, შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება, დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლაში. სექტანტობის გაძლიერებას ხელს უწყობენ ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი, თავისი შეგნებული პასიურობით, ნიღილიზმით ინდიფერენტულობით და უზნეობით. IV. ანთროპოსოფია არ არის რელიგიური აღმსარებლობა, იგი არ არის სექტა ან ორდენი. ეს არის შემეცნებითი მოძღვრება მატერიალიზმის წინააღმდეგ მიმართული. მე მესმის ამ კითხვის მიზანი. ამ კითხვასაც გავეცი სათანადო პასუხი ჩემს წიგნში "საქართველოს სულიერი მისსია". აქაც გეტყვით: მეც და მერაბ კოსტავასაც ყველა ფილოსოფიური და სულიერი მოძღვრება შეგვისწავლია ყველა ერისა, ეს ჩვენი შემეცნებითი ძიებები იყო, რაც არასოდეს უშლიდა ხელს ჩვენს მართლმადიდებლურ აღმსარებლობას. ასეთ ჭორებს ავრცელებენ უწიგნურნი, უმეცარნი, რომელთაც ვერ გაურჩევიათ ურთიერთისაგან რელიგიისა და შემეცნების მიზნები. დღეს უწიგნური და უმეცარი ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტი მორწმუნე. ბასილი დიდი არ უკრძალავდა თავის მოწაფეებს პლატონისა და არისტოტელეს კითხვას, დავით აღმაშენებელიც თავისი დროის ყველა მოძღვრებას სწავლობდა, მაგრამ მართლმადიდებლობისთვის არასოდეს უღალატია, ასევე იყო რუსთაველიც, რაც ჩანს მისი პოემიდან. ასე რომ ნუ აჰყვებით უმეცარ ავკაცთა მონაჭორებს. რელიგიურ და შემეცნებით საკითხებზე მსჯელობა მათი საქმე არ არის. V. დასავლურ უზნეობას და კულტურის სუროგატებს თავად დასავლეთშიც ჰყავთ მოწინააღმდეგეები. რატომ მათ არ ბაძავენ ჩვენში ესოდენ გამრავლებული მოტრფიალენი "დასავლური ცხოვრების წესისა"? საქმე ის გახლავთ, რომ ამით შეგნებულად სურთ ქართული ქრისტიანული ცხოვრების წესისა და ზნეობის განადგურება, რათა უკეთ გადააგვარონ და მოსპონ ქართველი ერი. სხვათაშორის 1921 წელს საქართველოს დაპყრობისთანავე ბოლშევიკებმა თბილისში დააარსეს "ცეკვისა და პლასტიკის კურსები", სადაც ზნეობრივად რყვნიდნენ ახალგაზრდობას. დღეს მათი სულიერი მემკვიდრეები იმავე იარაღს იყენებენ. ამიტომ გთხოვთ, ძალიან ნუ გაგიტაცებთ "სილამაზის კონკურსების" მოწყობა და სხვა მსგავსი ღონისძიებები თმამოშვებული და საყურეებიანი "მამაკაცების" მონაწილეობით. VI. სხვათაშორის დღევანდელ დასავლეთში მამაკაცთა ემანსიპაციის მოძრაობაც დაიწყო, რაც იმის ნიშანია, რომ ხედავენ ქალთა ემანსიპაციის გადაჭარბებული, ცალმხრივი განვითარების საფრთხეს.VII. ქართველი ქალისა და მამაკაცის სახე ყველაზე უკეთ ჩვენს ეროვნულ ტანსაცმელში და ეროვნულ ცეკვებშია გამოხატული. ქართული რაინდობა, იბერიულ-კავკასიური რაინდობაა ამ ჩაცმულობაში და ქალური კდემამოსილება. მე არ გეუბნებით დღეს ჩოხებითა და ქართული კაბებით იარეთ მეთქი, მაგრამ ის სული, რომელიც ამ ჩაცმულობით არის გამოხატული, უნდა აღდგეს ქართველ ქალში და ქართველ მამაკაცში. VIII. ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ- გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. ეს კი ჩვენი ბრძოლის უმთავრესი მიზანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა. ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა!
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დევნილობაში
ზვიად გამსახურდია
1993. 27. თებერვალი
წყარო. მაგ. ჟურნალი ,,მატიანე", 2014 წელი, 26 მაისი #1-2 (7-8), გვ.8.
ნანახია: (1148)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას