logo.png

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია / Association of Religions Experts

საგანგებო რეკომენდაციები წმინდა სინოდს!!!

"მიმდინარე დღეებში მრავალი აზრი, ვარაუდი და ვერსია გამოითქვა, თუ რა თემები განიხილება ხუთშაბათს ჩანიშნულ წმ. სინოდის სხდომაზე.
ცხადია, განსახილველ საკითხთა წინასწარი პროგნოზირება რთული მოვლენაა და ძირითადად ალბათობას ემყარება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, როცა დღის წესრიგი თეზისების სახითაც კი უცნობია არა მარტო ფართო საზოგადოებისათვის, არამედ მღვდელმთავრებისთვისაც.
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაჟღეროთ არა მხოლოდ ჩვენს ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია მოსალოდნელ ვითარებასთან დაკავშირებით (იხ. 8 თებერვლის საგანგებო განცხადება), არამედ თავს მოვალედ ვთვლით გავცეთ ერთგვარი რეკომენდაცია ეპისკოპატისადმი პრიორიტეტულ და ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც განხილვაც გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია.
1) რუსეთის საპატრიარქოს დეფაქტო ოფიციალური შემოჭრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, კერძოდ ქ. ცხინვალში მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილი უზარმაზარი წმ. სამების ეკლესიის აშენება უკანასკნელ წლებში რუსული მხარის მიერ, სადაც უკვე ორი წელია მუდმივად მსახურობს ვლადიკავკაზისა და ალანიის რუსული ეპარქიის მღვდელი სერგი კოკოევი;
2) ბაქოს რუსული ეპარქიის და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გარეჯის, მთელი კახეთის და ჰერეთ/საინგილოს ისტორიული თუ საეკლესიო მემკვიდრეობის ალბანურად გამოცხადების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე აზერბაიჯანის სახელმწიფო და აზერნაიჯანის რუსული ეპარქია აცხადებენ ფლობის პრეტენზიას;
3) ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის დეკანოზ თადეოზ სარალიძის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისემიტური, პრორუსული და მოღალატეობრივი ქადაგებები და ამ გეზის გამტარებელი სხვა სასულიერო პირების შეფასება და განკანონება;
4)ეკლესიაში ანტისემიტიზმის, ქსენოფობიისა და რასიზმის სხვა გამოვლინებები – მიტრ. იოანეს (გამრეკელი) და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის – დეკ. ილია კარკაძის ქადაგებები, რამაც დიპლომატიური სკანდალიც კი გამოიწვია ბოლო თვეებში.
5) საოკუპაციო ხაზიდან “ერთმორწმუნე” რუსების მიერ საქართველოს ეკლესიის მრევლის და თვით სასულიერო პირების გატაცება;
შეგახსენებთ, რომ სამიოდე წლის უკან ნიქოზიდან გატაცებული იქნა ამავე ეპარქიის დეკანოზი დავითი, ხოლო მიმდინარე პერიოდში მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ დაფიქსირდა 12 წლიანი პატიმრობის მისჯა. დედა ეკლესიამ შეიძლება ფიზიკურად ვერ გამოიხსნას იგი, მაგრამ სიტყვიერი და ოფიციალური თანადგომა და თანალმობა ეს ხომ ქრისტიანული, ელემენტარული მოვალეობაა წმ. სინოდისა.
6) გარეჯის საქმეზე ბრალდებულთა სასამართლო პროცესი და წმ. სინოდის პოზიცია აღნიშნულთან მიმართებაში, რადგან ამ საკითხში ჩართული არიან ასევე საეკლესიო პირები.
7) ვაქცინაციის და მედიცინის მეცნიერების და მუშაკების წინააღმდეგ სასულიერო პირთა დესტრუქციული, შავბნელი თუ კონსპიროლოგიური ქადაგებები და წმ. სინოდის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია;
8)სამღვდელოების გარკვეული ნაწილი დღემდე არ ემორჩილება წმ. სინოდის ორგზის განჩინებას ქართული სამხმიანი კანონიკური გალობის სავალდებულობის და ბიზანტიური გალობის აკრძალვის შესახებ, გარკვეულ ეკლესია-მონასტრებში კვლავ სრულდება ბიზანტიური გალობა და ამბიონებიდან იქადაგება, რომ ქართული საეკლესიო ტრადიციული გალობა არაკანონიკურია;
9)მიტრ. პეტრეს (ცაავას) მიეცეს უფლება იურიდიულ სიბრტყეზე, საეკლესიო სამართლებრივი გზითა და კანონიკური მექანიზმებით: I – წარადგინოს წაყენებული ბრალი სინოდურ ფორმატში; II – აწარმოოს საკუთარი თავის აპოლოგია მისსავე დასჯასთან დაკავშირებით;
10)უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირში შესვლა/არშესვლის არგუმენტირებული პოზიციის შემუშავება ეპისკოპატის მიერ;
11)”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” სამღვდელოების მხრიდან სახეზეა ზოგიერთ დოგმატურ თუ საღვთისმეტყველო საკითხებზე შეუთანხმებლობა, ამ ჯგუფის ორგზისმა შეხვედრამ საპატრიარქოში პროფ. ედიშერ ჭელიძესთან ვერ გამოიღო შემარიგებელი შედეგი და ეს დაჯგუფება კვლავ ავრცელებს საწინააღმდეგო სწავლებების ერეტიკულ ქადაგებას. მათ ღიად უარყვეს და დაგმეს საპატროარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საღვთისმეტყველო ფორმულირებები და სწავლებანი. შესაბამისად სახეზეა ეკლესიაში დოგმატური საკითხების გამო დაპირისპირება და შეუთანხმებლობა, რაც მიეკუთვნება უპირველესი რიგის საკითხს წმ. სინოდისათვის, რათა ნათლად გამოკვთონ საეკლესიო და საღვთისმეტყველო სწავლება. საჭიროა დასრულდეს ესოდენ ხანგრძლივი გაურკვევლობა და დაპირისპირება, რაც აბრკოლებს სასულიერო დასსა და მრევლს;
12)სარწუნოებრივი და დოგმატური რიგის საკითხია ასევე ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილის და მისი მრევლის ცრუ, მკრეხელური და ანტიმართლმადიდებლური სწავლებების ფართოდ გავრცელება საზოგადოებაში, რასაც თვით რამოდენიმე სასულიერო პირმაც მხარი დაუჭირა.
წმ. სინოდის მრავალწლიანი დუმილი საქართველოში გაჩენილი ამ მწვალებლობის შესახებ იწვევს შეშფოთებას და მრავალ კითხვას აჩენს, რადგან მართლმადიდებლობის მოფრთხილება, სწორედ სწავლების სიწმინდის დაცვასა და ერესთა მხილებას გულისხმობს, რაც ეკლესიის სინოდის უმთავრესი და უპირველესი მოვალეობაა;
13)ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) ზღვარდაუდებელი ფუფუნებისა და სიმდიდრის საკითხი, რაზედაც საჭიროდ მივიჩნევთ სინოდის მიერ მას მოეთხოვოს ქონების დიდი ნაწილის აუქციონის წესით გასხვისება და შემოსული თანხიდან ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში სოციალური პროგრამების ფინანსირება;
14) მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელებისა და ეკლესიის ავტორიტეტის შელახვის გამო – მკრეხელობაში, მასხრობაში, ჯამბაზობასა და ანცობაში არაერთგზის შემჩნეული მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) განიკვეთოს მღვდელმთავრობიდან და დაყვანილ იქნას ერისკაცის დონემდე;
15) წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მიზნით.
P.S. სიის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა ეს ის ფუნდამენტური საკითხებია, რომლის გვერდზე გაწევაც ერისა და ეკლესიის ღალატის ტოლფასი იქნება და რამდენიმე საათიანი სხდომისათვის შესაძლოა ზედმეტად ბევრიც კი იყოს, გამომდინარე საკითხების სიღრმიდან და მნიშვნელობიდან. ამდენად, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ სინოდის რეგლამენტის რამდენიმე დღიან სესიებზე გადანაწილებას."

განცხადებას ავრცელებს  რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია 

ნანახია: (787)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას