1993 წლის 7 ნოემბერს, ზუგდიდში, შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა კვირაიამ (შემდგომში, უშიშროების მინისტრი), ნასვამ მდგომარეობაში, შევარდნაძის თანდასწრებით („მოროდიორობის“ ცრუ ბრალდებით), ხელის ტყვიამფრქვევით დახვრიტა მიწაზე განრთხმული ექვსი უდანაშაულო ახალგაზრდა (ერთი მათგანი, გვარად ჩაჩანიძე გადარჩა, მაგრამ დაჭრილი ჩაჩანიძე კვირაიამ, სწორი ჩვენების მიცემის გამო მალევე დააპატიმრა და მას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს). ეს ახალგაზრდები(მათ შორის, ერთი 16 წლის, რომელიც ეხვეწებოდა: „მე უდანაშაულო ვარ, ბიძია, არ მომკლაო“) სხვადასხვა ადგილებიდან (სახლებიდან) გამოიყვანეს. მათი საჯარო, დემონსტრაციული მკვლელობით, კვირაიამ, მოსახლეობის დაშინების მიზნით, ზუგდიდის ცენტრში საჩვენებელი დახვრეტა მოაწყო. ამ ფაქტის გამო დეპუტატმა თორნიკე ფიფიამ, ხმაურიანი პროტესტით დატოვა პარლამენტი; იგი 1992-95 წ.წ. პარლამენტში, მართალია ირ. წერეთლის „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ სიით იყო მოხვედრილი, მაგრამ ზვიადის ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობა არ მიუღია; იგი, ზვიადისა და მერაბის ყოფილ თანამებრძოლად თვლიდა თავს, თუმცა ზვიადის ხელისუფლების ოპონენტი კი იყო. თორნიკე ფიფია გახლდათ ძმა სახელმწიფო მეთაურის, შევარდნაძის აპარატის რეგიონალური მართვის უფროსის თემურ ფიფიასი (თსუ-ს ლექტორი), რომელიც მკვეთრად იყო დაპირისპირებული ზვიად გამსახურდიასთან. მისი ძმის მიერ პარლამენტის პროტესტით დატოვებამ საფრთხე შეუქმნა მის თანამდებობას. შევარდნაძის, აწ უკვე უშიშროების მინისტრი შოთა კვირაია, 1997 წელს კიდევ ერთ „სკანდალში“ გაეხვა; იგი, გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორის, ნოდარ გრიგალაშვილის მიერ, მის სატელეფონო საუბრების მოსმენებში იქნა მხილებული, რაზედაც შევარდნაძის რეაქცია ასეთი იყო: „არ არსებობს იმაზე უფრო ამაზრზენი მოვლენა, ვიდრე სატელეფონო საუბრების მოსმენაა“. შევარდნაძის ამგვარმა განცხადებამ ცხადჰყო, რომ მას კვირაია განწირული ჰყავდა. უშიშროების მინისტრ კვირაიას დასაცავად აღდგა ცნობილი წითელი ინტელიგენცია, რომლებმაც კოლექტიური წერილით მიმართეს შევარდნაძეს, რითაც თითოეულმა მათგანმა საჯარო თვითლუსტრირება მოახდინა. კვირაიას ქება-დიდების შემცველი ვრცელი წერილიდან, შევარდნაძისადმი, ორ ამონარიდს მოვიყვანთ მხოლოდ: „ბატონო პრეზიდენტო... ამ ბოლო დროს პრესისა და ინფორმაციის სხვა საშუალებებით ხშირად ლანძღავენ ხელმძღვანელ მუშაკებს. სადღეისოდ მიზანში ამოიღეს ბატონი შოთა კვირაია... `ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი შოთა კვირაიას წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რასაც უდიდესი მონდომებითა და ენთუზიაზმით ეწევიან, გამიზნულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ... შეულახონ ავტორიტეტი ბატონ შოთა კვირაიასა და მთელ სამინისტროს“... გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ამ მიმართვას ხელს აწერენ: ჭაბუა ამირეჯიბი – მწერალი ვალერი ასათიანი – კულტურის მინისტრი რევაზ ამაშუკელი – პოეტი, კახი ასათიანი – სპორტისა და ტურიზმის დეპ.თავ-რე , ვაჟა აზარაშვილი – კომპოზიტორი , ნანი ბრეგვაძე – საქ. სახ. არტისტი, ნატალია ბურმისტროვა – საქ. სახ. არტისტი, კოტე მახარაძე – საქ. სახ. არტისტი, სოფიკო ჭიაურელი – საქ. სახ. არტისტი, ნოდარ მგალობლიშვილი – საქ. სახ. არტისტი, გურანდა გაბუნია – საქ. სახ. არტისტი, არჩილ სულაკაური – მწერალი, ჟურნალ „მნათობის“ რედ. შოთა ნიშნიანიძე – პოეტი, გურამ ფანჯიკიძე – მწერალი, მწერალთა კავშირის თავ-რე, რამაზ ხუროძე – ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ნაპოლეონ ქარქაშაძე – აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, რამაზ ჩხიკვაძე – საქ.სახ.არტისტი, ვახტანგ სართანია – სულხან-საბას სახ.პედ.ინსტ. რექტორი, ნ. გიორგობიანი – სომხური თეატრის დირექტორი გ. პაქსაძე – გრიბოედოვის თეატრის დირექტორი, გიორგი (გოგი)ქავთარაძე – გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მერაბ ჟორდანია – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ყიფიანი – ფეხბურთელთა ერ.ნაკრების მთ. მრწვთნელი, ჯანსუღ ჩარკვიანი – პოეტი, ირაკლი ჭუმბურიძე – კარდიოლოგი, აკადემიკოსი. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, შოთა კვირაიას დასაცავი მიმართვის შემდგენელი ჯანსუღ ჩარკვიანი იყო. ჯანსუღმა, გაზეთში გამოქვეყნებამდე, წინასწარ გააცნო ტექსტი და ხელმოწერებიც უშიშროების მინისტრ შოთა კვირაიას. აკი, მწერალთა კავშირის წევრთა შორის ჩარკვიანს, ტრანსფორმირებული სახელით ჯანსუ(ღ)კით მოიხსენიებდნენ, ისევე, როგორც მეორე პოეტ რეზოს, გვარით ამა(შ)სუკელით.
სისასტიკე და ეგზეკუციები კი კიდევ უფრო ამძაფრებდა სამეგრელოს მოსახლეობის სიძულვილს შევარდნაძის ხუნტისტური ხელისუფლების მიმართ. სამეგრელოს აჯანყების პარალელურად – კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა და ხუნტის გადადგომის მოთხოვნით – საპროტესტო მასობრივი გამოსვლები იმართებოდა საქართველოს მსხვილ ქალაქებში: თბილისში, გორში, ყვარელში, რუსთავში, გურჯაანში, თელავში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, ბათუმში, აბაშაში, ფოთში, ზუგდიდში, სოხუმში. მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს ყველგან იარაღით ახშობდა ხუნტა. მიტინგების ორგანიზატორებს კი აპატიმრებდნენ. ხოლო, დაპატიმრებულთა ოჯახის წინააღმდეგ ახორციელებდნენ რეპრესიებსა და ტერორს; მათ ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, ართმევდნენ მიწის ნაკვეთებს, დევნიდნენ ბაზრებიდან. მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ერი – მისი უდიდესი უმრავლესობა არ ურიგდებოდა და არ ეპუებოდა შევარდნაძის ხუნტისტურ-ანტიეროვნულ ხელისუფლებას და კვლავაც განაგრძობდა ბრძოლას კანონიერი ეროვნული ხელისუფლების აღდგენისთვის. 1992-93 წ.წ. აჯანყება და მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, საბოლოოდ, სისხლში იქნა ჩახშობილი. ქვეყანაში გაჩნდნენ სამხედრო ტყვეები და პოლიტპატიმრები, რომლებსაც, შევარდნაძის რეპრესიული რეჟიმი ციხეებში აწამებდა. ზოგიერთ მათგანს ციხეებში წამებით ამოხადეს სული. ხოლო, მოკლულ პატიმრებს კი ოჯახებს იმ პირობით ატანდნენ, თუ მდუმარედ და მალევე დამარხავდნენ პატრონები. როდესაც რეალური გახდა საფრთხე აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან მოწყვეტისა და СНГ-ში შეყვანით საქართველოს სრული დამოუკიდებლობის დაკარგვის, 1993 წლის 24 სექტემბერს, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა. კრემლისათვის ძნელი მისახვედრი არ იყო ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების მიზანი. ამ ფაქტით შეშფოთებულმა კრემლმა გააძლიერა სამხედრო დახმარება შევარდნაძის ხელისუფლებისათვის. შეშფოთებულმა ვაშინგტონმა სახელმწიფო მდივანი ქრისტოფერი სასწრაფოდ და საგანგებოდ აფრინა მოსკოვში, რათა მიეღოთ გარანტია, რომ რუსეთის არმია ნამდვილად დაიცავდა შევარდნაძეს. ამერიკელი გოლცი წერს: „მე დავუკავშირდი თბილისს და მაქვს ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები, არათუ შევიდნენ, არამედ უტევენ კიდევაც ტანკებით გამსახურდიას მომხრეებს“ (კონსტანტინე გამსახურდიას წიგნიდან „დინების საწინაღმდეგოდ“). საქართველოს დევნილი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვრცლად განიხილავს რა „სამოქალაქო ომისა“ და პრეზიდენტ გამსახურდიას დაბრუნების თემას, დაწვრილებით ჩამოთვლის, თუ რა სიმძლავრის რუსული შენაერთები უტევდნენ მათ: „ეს იყო რუსეთისა და უკრაინის გაერთიანებული სამხედრო ფლოტი ადმირალ ბალტინის მეთაურობით: სამი ფრეგატი – ფლოტის ფლაგმანი „ოლშანსკი“, „კუნიკოვი“ ; ორი მოიერიშე – „პიტლოვი“ და „სდერჟანნი“, ორი „ესმინეცი“ და სამი სადესანტო ხომალდი... საინტერვენციო ფლოტის სადესანტო ხომალდებმა ფოთსა და ანაკლიაში გადმოსხეს 40 ერთეული ჯავშანტექნიკით გაძლიერებული საზღვაო ქვეითი ჯარის ორი ბატალიონი... გადმოსროლილი იყო 40-მდე უახლესი მძიმე ტექნიკა საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებიდან. სამხედრო ტაქტიკურ ოპერაციებს კი ახორციელებდა რუსეთიდან ავიაციის დესანტირებული „ძერჟინსკის დივიზიის“ პოლკი 1200 მებრძოლით. სამხედრო ოპერაციებში... მონაწილეობდა, აგრეთვე სომხეთიც“. ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების გასანადგურებლად რუსეთის სამხედრო დახმარებას მოწმობს ჯაბა იოსელიანიც, რომ სოხუმის ჩაბარების შემდეგ შევარდნაძე, ვიცე-პრემიერ ავთანდილ მარგიანთან და მთელ მინისტრებთან ერთად ჩადის ქუთაისში, სადაც ხვდება რუს ადმირალ ედუარდ ბალტინს, უთანხმდება, რომ ბალტინი ფოთში შემოიყვანს სამხედრო გემებს. შევარდნაძე საქმიან ურთიერთობებს ამყარებს რუსებთან, უკრაინელებთან, სომხებთან. რუსები ჰპირდებიან, რომ მისცემენ ტანკებს თავისი ეკიპაჟებით. მობილიზაციას უკეთებს ყველა უწყების ხელმძღვანელს და აყენებს ლოზუნგს „ყველაფერი ომისათვის!“ რაც გულისხმობს ომს ზვიად გამსახურდიასა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, ვინაიდან, აფხაზეთის ომი, ამ დროისათვის დამთავრებული იყო. 2002 წელს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ედუარდ ბალტინი იხსენებს: „...სევასტოპოლში გამოჩნდა შევარდნაძის ნდობით აღჭურვილი პირი ლეონარდო დევდარიანი, რომელმაც გამსახურდიასაგან საქართველოს გათავისუფლება ითხოვა... ვურეკავ ლეონიდ კრავჩუკს (უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი)... ვიცოდი, რომ ელცინს ვერ დავურეკავდი, ამიტომაც პატაკი პავლე გრაჩოვს ჩავაბარე... არმადით გამოვცხადდი 4 ნოემბერს ფოთში... 30 წუთში დავიკავეთ ფოთი... ზვიადისტები დაბნეული იყვნენ და გარბოდნენ... შემდეგ ჯავშანტექნიკა შეიჭრა სენაკის აეროპორტში. ერთ კვირაში მივედით ენგურამდე. სადაც შევდიოდით, ყველგან შევარდნაძის ხელისუფლება ცხადდებოდა... ძალიან დაგვეხმარა ქართული ტელევიზია და რადიო... ისინი მოსახლეობას მორჩილებისაკენ მოუწოდებდნენ... მე მთხოვდნენ მივსულიყავი ქუთაისში, თბილისში, მაგრამ ხომ არ შემეძლო არასანქცირებულად მეომა მთელ კავკასიაში?... მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების სურვილი რომ ყოფილიყო, ფოთი მთლიანად ჩვენი გახდებოდა... ქართველები პირდაპირ მაბარებდნენ ფოთს და ითხოვდნენ, რომ იქ ფლოტი მუდმივი ბაზირებით დაბრუნებულიყო. შევარდნაძემ ოთხი ოთხმოცბინიანი საცხოვრებელი კორპუსი მიჩვენა... რათა იქ ოფიცრები და მიჩმანები ჩასახლებულიყვნენ...“
ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, სხვადასხვა გაზეთებში („საერთო გაზეთი“, „ასავალ-დასავალი“, „ქრონიკა“), მხილებულ იქნა ადმირალ ბალტინთან თანამშრომლობაში და ფულად გარიგებაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. კერძოდ, რომ სწორედ ნონა გაფრინდაშვილმა, ე. შევარდნაძის დავალებით ჩაუტანა ფოთში ბალტინს 250 მილიონი დოლარი 1993 წლის ოქტომბერს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ საბრძოლველად. პირველ ამგვარი პუბლიკაციის ავტორს, მწერალ ნოდარ კობერიძეს, გაფრინდაშვილი, „ცილისწამებისათვის“ სასამართლოთი დაემუქრა, რისთვისაც მან ადვოკატად არჩილ კბილაშვილი (შემდგომში „ოცნების“ პროკურორი) დაიქირავა, მაგრამ კბილაშვილსა და ნოდარ კობერიძეს შორის საუბრის შემდგომ ისინი იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ სასამართლოში უპერსპექტივო დავაზე და ეს მხოლოდ საგაზეთო მუქარად დარჩა. ახლა – მოკლედ ისიც ნათელვყოთ, თუ რატომ იყო პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია რუსეთ-ამერიკისათვის ესოდენ მიუღებელი. თუმცა, აშშ-ს კონგრესში არსებობდა სენატორ ჯონ მაკ-კეინის ჯგუფი, რომლებიც სოლიდარული იყვნენ ზვიად გამსახურდიას მიმართ. ვაშინგტონის კაპიტოლიუმზე მათ საქართველოს სახელმწიფო დროშაც კი აღმართეს პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდასაჭერად. 1989 წლის 2-3 დეკემბრის მალტის საიდუმლო პაქტით აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უფროსი) და სსრკ-ს უმაღლესი ხელისუფალი მიხეილ გორბაჩოვი გარიგდნენ რა „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შემოღებაზე, შეთანხმდნენ: სსრკ-ს მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკების მიმართ, კრემლის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში, ამერიკა არ ჩაერეოდა. ამერიკას, ცხადია, რომ ჩვეული ძველი ინერციით უფრო ეადვილებოდა ერთიან საბჭოთა სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა, ვიდრე სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობასთან შეგუება – 14 დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულთან დიპლომატიური კავშირები ცალ-ცალკე. ყოველივე აქედან გამომდინარე, კიევში ვიზიტისას, უფროსმა ჯორჯ ბუშმა ღიად და დაუფარავად განაცხადა, რომ „ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ მათ, ვისაც სურთ დამოუკიდებლობა!“ საკუთრივ ზვიად გამსახურდიას კი ასეთი შეფასება მისცა: „ეს არის კაცი, რომელიც მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ... ის უნდა მიჰყვეს დინებას და გაიგოს, რა ხდება მსოფლიოში“. ანუ, პირდაპირ მიუთითა ერთგვაროვანი „ახალი მსოფლიო წესრიგისკენ“, რომელსაც, სწორედაც რომ, თავისი მსოფლმხედველობითა და იდეურ-პოლიტიკური მრწამსით მედგრად უპირისპირდებოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, თავისუფლებისმოსურნე ქართველ ერთან ერთად. ეს კი აშფოთებდა და აღელვებდა მოსკოვსა და ვაშინგტონს. ნიშანდობლივი და მეტყველი ფაქტია, რომ უფროსი ჯორჯ ბუში ერთადერთი პრეზიდენტი იყო, ამერიკისა და მსოფლიო პრეზიდენტთაგან, რომელსაც წარსულში (1976 წელს) ცერეუ-ს დირექტორის მაღალი თანამდებობა ეკავა.... ამადაც – „თუ საქართველო გავა საბჭოთა კავშირიდან – იგი გავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე!“ – ისმოდა გორბაჩოვის მუქარა-ვერდიქტიც ურჩი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მისამართით. ამერიკის მოქალაქე 1971 წლიდან, ინდიანას შტატის უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია ასკვნის, რომ: "რუსეთისათვის და ამერიკისთვის მთავარი ხელისშემშლელი გარემოება გახლდათ ქართველთა უდიდესი ერთსულოვნება ეროვნული იდეის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეროვნული აღორძინების ირგვლივ. საჭირო იყო ამ იდეის ჩაკვლა, საზოგადოების გახლეჩა... საჭირო იყო ქართველი ერი მოეცვა სრულ სასოწარკვეთას, ანუ თავს უნდა დატყდომოდა ისეთი ტრაგედია, რომელიც საბოლოოდ გატეხდა მის სულისკვეთებას. ეს ტრაგედიაც მალე მოვიდა ჯერ თბილისის, შემდეგ აფხაზეთის ომების სახით, რომელმაც შეიწირა ქართველების სულიერი, ზნეობრივი, ფიზიკური ენერგია და რესურსი". ამ სტრატეგიული გეგმის რეალიზაციისათვის, იმ პერიოდის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და რუსეთს, საქართველოში სჭირდებოდა ისეთი სასურველი სახელმწიფო მეთაურის დასმა, როგორიც იყო ე. შევარდნაძე. და აი, 1992 წლის 7 მარტს შევარდნაძე დაფრინდა თბილისის აეროპორტში, რომელსაც თან ახლდნენ, მოსკოვში, შევარდნაძის ჩამოყვანის საგანგებო მისიით მივლინებული ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია და ცნობილი ხმაურიანი ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი. შევარდნაძეს აეროპორტში პირგაბადრული დახვდნენ: სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძე, გიგა ლორთქიფანიძე, გოგა ხაინდრავა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მერაბ კოკოჩაშვილი, გოგი ქავთარაძე, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, გრიგოლ ონიანი, ნოდარ ლომოური, ლევან სანიკიძე, რომან გვენცაძე, თენგიზ ეპიტაშვილი (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცერი, შემდგომში – შევარდნაძის საქართველოს სასაზღვრო ჯარების მთავარი შტაბის უფროსი), ჯაბა იოსელიანი, გია ჭანტურია, ავთანდილ მარგიანი, კოტე გაბაშვილი, ვაჟა ადამია, ჯანსუღ ჩარკვიანი... სწორედ მათ მიმართა შევარდნაძემ აეროპორტში მადლობის სიტყვით: „მადლობა ინტელიგენციას, რომელიც გამოფხიზლდა, მართალია გვიან და მიხვდა... და იარაღი აიღო ხელში დიქტატურის დასამხობად“.
ნანახია: (2472)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას