"დღეს დავითობაა, წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. ამ დიდ და ზეაქტიურ კაცს, ალბათ, ყველაზე მეტად ის ენდომებოდა, რომ თანამედროვე ქართველს არა წარსულით, არამედ აწმყოთი ეცხოვრა, მომავლზე ეზრუნა, დიდი, არა, უდიდესი ძალისხმევა მიემართა ოკუპაციის დასრულებისკენ, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების განვითარებისკენ, ტოლერანტობისა და სამოქოლაქო კონსოლიდაციისკენ, სახელმწიფო ინტიტუტების მშენებლობისა და გამართვისკენ, ძლიერ თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა და დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაციისკენ, - თვითონ ხომ ზუსტად ასეთი იყო, ზუსტად ამას აკეთებდა.
მაგრამ დღეს ასე საერთოდ არ არის - ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში, ჩვენს კოლექტიურ ენასა და პოლიტიკურ დისკურსში ისტორიული ხატები და ლეგენდები: ფარნავაზი, ვახტანგი, დავითი, თამარი, ილია უფრო აქტუალურია, ვიდრე თუნდაც მათი კონკრეტული ისტორიული სიმართლე, უფრო აქტუალურია, ვიდრე ეკონომიკა, მეცნიერება, განათლება, ჯანდაცვა, რეფორმები. ქართული აქტუალური აწმყო სრულიად ეფემერულია და არც პერსპექტივის შეგრძნება გვაქვს, - თითქოს არსაით მივდივართ და ამიტომ ვებღაუჭებით ლეგენდების მიხედვით აგებულ ისტორიულ მყოფობას - არარასებულ სივრცეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
რაღაც თვალსაზრისით შესაძლოა ამ ისტორიულ ხატებსა და ლეგენდებში ჩაფლობა კარგიცააა, ვინაიდან ესაა ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი - როგორც ჩანს ჩვენ ძლიერი არქტიპები გვჭირდება, რაკი მოუხელთებელია აწმყო და საერთოდ გადღააბნილია მომავალი. ამ თვალსაზრისით, რაღაცას ხომ უნდა დავეყრდნოთ, რომ ბოლომდე არ მოვიცელოთ, არ წავიქცეთ. არა დღევანდელობა, არამედ კოლექტიური მეხსიერებაა ჩვენი ერად ყოფნის მთავარი საფუძველი, - როგორც უყვართ ხოლმე თქმა, ესაა ჩვენი კონპენსატორული მექნიზმი, რომლითაც ჩვენს უნიათობას, უმწოებას, ურთიერთგაუცხოებას ვთრგუნავთ თუ გავურბივართ.
იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს რელიგიურობაზეც - მართლმადიდებლობის თანამედროვე ქართული ვერსია ქმნის წარმოდგენას, რომელშიც ქართველი ერი აპოკალიპტურ უბედურებებს გადაურჩება, მეტიც, სწორედ ქართულ ენაზე, ჩვენ განვიკითხავთ მთელ მსოფლიოს, ანუ ჩვენს გარდა საიმედო მომავალი, პრინციპში არც არავის აქვს, - წარმოგიდგენიათ ეს რა მაგარი რამეა? რა მაგარი აკვიატებაა?
მეორე მხრივ, ამის გამოა, რომ ურაპატრიოტიზმისა და რელიგიის საფუძველზე, ჩვენი მასობრივი მართვა, აღგზნება, ჩვენში ისტერიისა და პანიკის გამოწვევა, რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ამოცანებისგან სრული მოწყვეტა არ არის რთული საქმე.
და რა შეიძლება ყოფილიყო ამ თავის მოტყუებაზე, ამ გაქცევაზე უარესი დავით აღმაშებელისთვის? ალბათ არაფერი. წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ, ეროვნულ-რელიგიური გრძნობების იმიტატორ შუღლის მთესველებს, ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუშებსა და საეკლესიო ქვაბავაზაკებს დავითის სამეფოში ერთმანეთზე უარესი, მძიმე - მძიმე სასჯელები ჩამოურიგდებოდათ.
ამიტომ, სულ მცირე, რითიც შეიძლება დავით აღმაშენებელს პატივი მივაგოთ, არა სადღეგრძელოები, არამედ მისი მეფობის რეალური ისტორიის კარგი ცოდნა და, მაგალითად, თუნდაც დროულ ვაქციანაციაზე ზრუნვაა, რაც შეიძლება მალე რომ დავუბრუნდეთ აქტიურ ცხვორებას."
წერს ბექა მინდიაშვილი.
ნანახია: (642)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას