"ამა თუ იმ ერისთვის ეკლესიის ავტოკეფალია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გარდა ადამიანის ცხონებისა, რომელიც მთავარი და არსებითია, იგი ხელოვნების, შემოქმედების ყველა სფეროსა, ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი, მისი პიროვნული სახის ჩამომყალიბებელია. როდესაც ეკლესია ავტოკეფალურია, ის ყველაფერს თვითონ წყვეტს, თუ რომელ სფეროში რაა მისთვის საჭირო ეკლესიის ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, მოღვაწეობს და ყველაფერს ავითარებს უფლის მადლით, თავისი ეროვნული ტრადიციის მიხედვით, რაც იმთავითვე დევს ეკლესიის დაარსების არსში. ამის მაჩვენებელია ისიც, რომ ქრისტიანობის საქადაგებლად ქრისტეს მოციქულებს მიეცათ მადლი, მაცხონებელი სარწმუნოება სხვადასხვა ენებზე ექადაგათ.
ავტოკეფალური ეკლესია ზოგადქრისტიანულ კულტურულ სფეროებს ეროვნული სპეციფიკურობით ტრადიციაში ავითარებს, გამოხატავს და გადმოსცემს. როდესაც იგი იწყებს ბიბლიისა და საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნას საკუთარ ენაზე, ამ დროს ხდება ენის განვითარება და ამავდროულად, აზროვნების სრულყოფაც, რადგან ყველა ერი საკუთარ ენაში აზროვნებს და ფიქრობს. ქართულ ენაზე ბიბლიური უფსკერო სიღრმის წიგნების გადმოტანამ და ზუსტად გადმოცემამ, სიტყვათა მარაგის გაზრდამ, ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებამ განავითარა ჩვენი ენაცა და აზროვნებაც. დღეს ქართული ენა და აზროვნება აბსოლუტურად ქრისტიანულია, რომელიც ქართველი კაცის მსოფლმხედველობას აყალიბებს, და ამ გზით ერს ინდივიდუალურს ხდის. მუსიკალური აზროვნება, ქართული სამხმიანი გალობა და ფოლკლორი ძალინ ნათლად გამოხატავს მის აბსოლუტურ თვითმყოფადობას, რომელიც ავტოკეფალური ეკლესიის ღვაწლის დამსახურებაა ისევე როგორც ქართული არქიტექტურა, რომელიც ასეთი მრავალფეროვანი და ყველა შემთხვევაში ქართული ინდივიდუალზმით გამორჩეულია. ამის მაგალითია ჩვენი ტაძრები, სამონასტრო კომპლექსები, მათ შორის კლდეში ნაკვეთი დავით გარეჯის თორმეტი უდაბნო (სავანე). ხატწერა, კედლის მხატვრობა, ნაქარგობა, მინანქრის ხელოვნება, წიგნის მხატვრული გაფორმება, ხეზე კვეთა და ზოგადად, ქრისტიანული ხელოვნების ყველა დარგი ქართული მახასიათებლითაა შექმნილი და უნიკალურია. ეს ყოველივე საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის დამსახურებაა, რომელიც დღემდე ამით ქადაგებს, აცხოვრებს და ასაზრდოებს ჩვენს ერს.
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
ნანახია: (1065)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას