logo.png

 

Zurab Guruli

 

ვირტუალური სივრცის სახიფათო ლაბირინთები ....

 

"ამ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ამერიკის სახელმწიფო კომპიუტერულ ქსელში "ფეისბუქი" დაშვებული იქნა და სპეციალურმა დაცვის სისტემამ მასზე წვდომა შესაძლებელი გახადა სამუშაო საათების დროსაც, პირადად ჩემთვის ნათელი გახდა, რომ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ აქცევდა სოციალურ სივრცეს. შემდეგი ნაბიჯი იყო არაფორმალური ნებართვა, რომლის მიხედვითაც დამქირავებელს შეეძლო დაქირავებულის ფეისბუქ-პოსტოლოგიის გამოყენება მისი ვინაობის, მსოფლმხედველობის, პიროვნული ღირსებების დასადგენად.

2021 წლის 28 იანვარი მსოფლიოს უახლეს ისტორიაში გამორჩეულ თარიღად შევა, რადგან ეს არის დღე, როდესაც მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე მძლავრმა სოციალურმა ქსელმა - ფეისბუქმა თავის მიერ დაწესებული ცენზურა ოფიციალურ სამართლებრივ სივრცეში გადაიყვანა. ჯერჯერობით ვერდიქტი, რომელიც 6 შემთხვევას შეეხო, არ ითვალისწინებს რაიმე სერიოზულ განაჩენს, გარდა პოსტების აკრძალვისა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეგახსენებთ, რომ ფეისბუქის ე.წ. უზენაესი სასამართლო 20 პირისაგან შედგება და მასში შედიან ნობელიანტებიც, ყოფილი მაღალი ჩინის პოლიტიკოსებიც და ცხადია ცნობილი იურისტებიც.

ამ ექვს შემთხვევაში ჩვენი სამეზობლოც მოხვდა, სომხეთი და აზერბაიჯანი, ე.წ. სიძულვილის ენის არნახული მასშტაბებით გამოყენების გამო. დანარჩენი შემთხვევები ეხება საფრანგეთს, კერძოდ დიდიე რაულის ე.წ. "მარსელის პროტოკოლს", ბრაზილიურ "ეროტიკას" , ჩინურ და ამერიკულ პოლიტიკასა თუ რელიგიას.

კოვიდ-პანდემია პრაქტიკულად მთავარი ბიძგი აღმოჩნდა ინტერნეტ-ცენზურის ახალ ეტაპზე ასაყვანად. ლოგიკურია; პანდემია სამყაროთაშორისი ომია, ომის დროს კი პროპაგანდა ერთერთი სერიოზული ლეტალური იარაღია, რომელსაც სამხედრო სისტემა აკონტროლებს. ერთგვარად კომიკურად აღვიქვი ის ფაქტი, რომ საქართველოში ყბადაღებულმა ჰიდროქსიქლოროკვინმა პრეცედენტი შექმნა საერთაშორისო ინტერნეტ-ცენზურის ისტორიაში. პოსტი, რომელიც აკრძალული იქნა, ეხებოდა ამ წამლის კომბინაციას ანტიბიოტიკ აზიტრომიცინთან და გამოცხადებული იყო როგორც განკურნების საშუალება კოვიდ-ინფექციისაგან. სასამართლომ სხვა რეკომენდაციებთან ერთად სავალდებულო გახადა ე.წ. "საზოგადოებრივი სტანდარტების" შემოღება მედიცინასთან დაკავშირებული საკითხების გავრცელების საკონტროლოდ.

ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით, იმდენად საშიშ მასშტაბებს იღებს, რომ მკვეთრი გადაწყვეტილებები გარდაუვალი იყო. ერთადერთი მიზეზი ამ არნახული პლანეტარული ქაოსის განვითარებაში, უკონტროლო ინტერნეტია, ანუ უსაზღვრო და უსისტემო ინტელექტუალური გლობალიზაცია თავისი კარგითა და ცუდით. რომელი უფრო ჭარბობს, დადებითი თუ უარყოფითი, ეს ფრიად სადავო საკითხია.

ამერიკულ სამედიცინო პრესაში სტატიების გამოქვეყნება ძალიან რთული პროცესია და ხანდახან წელიწადზე მეტიც სჭირდება ნაშრომის პუბლიკაციას. პანდემიის დროს ეს სტანდარტი გაუქმდა და ინტერნეტი წალეკა ჯერ ჩინურმა, მერე უკვე ამერიკულ-ევროპულმა სტატიებმა, რომელთა სამეცნიერო ღირებულება ფრიად საეჭვოა. ეს იყო მედიცინის არნახული მასშტაბის პროფანაცია, რაც უშედეგოდ ვერ ჩაივლიდა. არც ჩაუვლია. შედეგს ყველანი ვხედავთ. მსოფლიო მედიცინა სრულ ქაოსშია.

პანდემიამ ამოატრიალა მსოფლიო პოლიტიკა და ეკონომიკა. მედიცინასთან დაკავშირებულმა საკითხებმა განაპირობა ამერიკული არჩევნების ბედიც და ამ არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული პლანეტარული მასშტაბის პოლიტიკური მოვლენებიც. სამწუხაროდ, იგივე ცენზურის გამო უკვე სახიფათო ხდება გულახდილი საუბარი ამ პოლიტიკური მოვლენების ალტერნატიულ ჭრილში განსახილველად.

უნდა არსებობდეს თუ არა ინტერნეტ-ცენზურა? - საკითხის ამგვარად დასმა ალბათ არასწორია. თუკი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას ვაღიარებთ და პატივს ვცემთ, შესაბამისად, ვერც ვირტუალური სოციალური სივრცე იარსებებს ინსტიტუციური ჩარჩოების გარეთ, მითუმეტეს, რომ ეს სივრცე აქტიურად გამოიყენება ბიზნესისთვის და პოლიტიკური პროპაგანდისათვის. მაგრამ!! აქ არის ერთი მნიშვნელოვანი "მაგრამ", აქამდე მსოფლიოს არ ჰქონია გამოცდილება გლობალური მასშტაბის ინსტიტუციურ ჩარჩოებში ემართა პლანეტის საზოგადოება. რამდენად უხიფათო იქნება ვიღაც ნობელიანტებისა და ყოფილი პრემიერების მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგი? რა ვიცით ჩვენ მათი თუნდაც ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ? არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არაფერი ვიცით რამდენად დამოუკიდებლები არიან ეს ადამიანები თავიანთ გადაწყვეტილებებში და რა ფინანსური თუ პოლიტიკური ბერკეტები არსებობს მათ სამართავად არავირტუალურ სივრცეში ....

ერთი კია, ვირტუალური სივრცე ალბათ დაკარგავს ვირტუალური თავისუფლების მომხიბლაობას და ადამიანებიც მაქსიმალურად შეეცდებიან ჩამოშორდნენ ამ უაღრესად სახიფათო გარემოს, სადაც პატარა შეცდომაც კი საოცრად საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს.

იქნებ ადამიანები დაუბრუნდნენ რეალურ ურთიერთობებს და რეალურ სამყაროს. ვინ იცის ..."

წერს ზურაბ გურული.

ნანახია: (934)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას