logo.png

 

ლეილა ცომაია

 

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა (ნაწილი მეცხრე)

ყარსის ხელშეკრულების ძალმოსილების საკითხი

1992 წლის 30 ივლისს, ე. შევარდნაძემ კიდევ ერთი მოღალატური აქტი გააფორმა თურქეთთან ყარსის ხელშეკრულების აღიარების შესახებ. რადგან, ყარსის ხელშეკრულება, უშუალოდ აჭარის ავტონომიის საკითხს უკავშირდება, თავს მოვალედ ვთვლით, მასზეც შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება;

1992 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებას, თურქეთის პრეზიდენტ სულეიმან დემირელთან, შევარდნაძემ, თუმცა 10 წლის ვადით მოაწერა ხელი, მაგრამ ვადის გასვლის შემდგომ, ყოველ ჯერზე, 5 წლიანი გაგრძელებების პირობით, რაც ფაქტიურად უვადო ძალმოსილების ხელშეკრულებად მოიაზრება. თავად, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ძირითად ხელშეკრულებას, 100 წლიანი მოქმედების პირობითი ვადა 2021 წელს გასდის. „პირობითს“ ვამბობთ, რადგან ყარსის ხელშეკრულებაში,იმთავითვე არანაირი ვადა არ ყოფილა განსაზღვრული. ხელშეკრულებების 100 წლიანი ვადა, დაუწერელი პირობაა დიპლომატიაში, რასაც დრო და სისტემათა ფორმაცია, ბუნებრივად, ძალადაკარგულ დოკუმენტად აქცევს. სუბიექტურია მოსაზრება, რომ, თითქოს „ეს, ის ხელშეკრულებაა, რომელიც არავითარი ვადით არ იზღუდება“ (ჰამლეტ ჭიპაშვილი).

ყარსის ხელშეკრულება, 1944-45 წლებამდეც მივიწყებული იყო და არც 1944-45 წლების შემდგომაც გამხდარა დიდად აქტუალური. 1944-45 წლებში კი, სტალინმა გაიხსენა იგი და საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვს დაავალა გადაეხედა ხელშეკრულებისთვის, მისი შეცვლის მიზნით. სტალინის უკმაყოფილებას იწვევდა სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიების დიდი დანაკლისი ამ ხელშეკრულებით(ხელშეკრულება ლენინსა და მუსტაფა ქემალს შორის გაფორმდა. კრემლი თურქეთს, აღმოსავლეთში თავის მნიშვნელოვან რევოლუციურ მოკავშირედ მიიჩნევდა.). მოლოტოვმა თურქეთის ელჩს გადასცა ნოტა ტერიტორიული პრეტენზიებით და სიტყვიერად განუცხადა, რომ სსრკ ცალმხრივად გამოდიოდა ხელშეკრულებიდან. საბჭოთა დელეგაციამ პოტსდამის კონფერენციაზეც გააჟღერა ყარსის ხელშეკრულების შესახებ 1945 წელს, მაგრამ წაყრუებულ იქნა.

ასლან აბაშიძისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყარსის ხელშეკრულება, რომელიც გახლდათ საფუძველი აჭარის ავტონომიის სტატუსის, რაც უზუნველყოფდა აჭარის მეთაურის პოლიტიკურ თანამდბობას.

ყარსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლში ჩაწერილია:

„თურქეთი თანხმდება დაუთმოს საქართველოს სიუზერენიტეტი ქალაქსა და ნავსადგურ ბათუმსა და ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების IV მუხლით მითითებული საზღვრის ჩრდილოეთით ძევს და შეადგენს ბათუმის ოლქის ნაწილს, იმ პირობით, რომ:

1. მოსახლეობა ამ ადგილებისა, რომლებიც ამ მუხლშია მითითებული, ისარგებლებს ფართო ადგილობრივი ავტონომიით, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემისთვის მის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა დაადგინოს მითითებულ ადგილებზე მიწის კანონი, რომელიც შეესატყვისება მის “სურვილებს“.

2. თურქეთისთვის უზრუნველყოფილი იქნება ყოველგვარი საქონლის თავისუფალი ტრანზიტი, რომელიც გაიგზავნება თურქეთში და თურქეთიდან, ბათუმის ნავსადგურის გავლით, უბაჟოდ, რაიმე შეფერხების გარეშე და ყოველგვარი გადასახადით მათ დაუბეგრავად, თურქეთისთვის ბათუმის ნავსადგურის სარგებლობის უზრუნველყოფით ამაზე სპეციალური გამოსაღებების გადაუხდელად.

შევარდნაძემ კი, თავისი მოღალატური აქტივობით, ახალი სასიცოცხლო ძალა შესძინა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის, ამ ბუნებრივად კვდომად ხელშეკრულებას, რაც ასლან აბაშიძესა და მის მრჩეველ, ჰამლეტ ჭიპაშვილს შორის ერთობლივი მოლაპარაკების შედეგი გახლდათ; 1992 წლის 30 ივლისის ფართომასშტაბიან „საქართველოს რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის მეგობრობის, თანამშრომლობის და კეთილმეზობლური ურთიერთობის ხელშეკრულების“ პრეამბულაში ჩაიწერა: „მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებით. მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის. მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით“.

ყარსის ხელშეკრულების არაძალმოსილებაზე საუბრობდნენ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ რეფორმატორული ფრთის ახალგაზრდა, 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებით მოსული დეპუტატებიც და აჭარის ავტონომიის გაუქმების სურვილს ხმამაღლა გამოთქვამდნენ (რეზო ადამია, კახა ჩიტაია, მიხეილ სააკაშვილი...).

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ბიძინა სავანელის ავტორიტეტული დასკვნით:

„1. ყარსის ხელშეკრულება დაიდო 1921 წლის 26 სექტემბერს (ბ-ნ ბ. სავანელი, ხელშეკრულების დადების თარიღს, ხელშეკრულებაზე მოსალაპარაკებლად ჩასვლის დღიდან მოიხსენიებს – ლ.ც.), ანუ მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია! დაპყრობილი ქვეყნის მთავრობის მიერ ხელმოწერილ ნებისმიერ აქტს საერთაშორისო სამართლის ძალა არ აქვს, რადგან ასეთი მთავრობა იმთავითვე ლეგიტიმური არ იყო. 2. ასევე, არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს დამპყრობელი ქვეყნის მთავრობის, ანუ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს სამ ავტონომიად დანაწევრებას, სოჭის რაიონის – რუსეთისათვის; კახის, ბელაქანის, საინგილოს – აზერბაიჯანისთვის; და ლორესა და ტაშირის – სომხეთისათვის მიერთებას!“

ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თანამედროვე მასობრივი მკითხველისთვის იმის შეხსენება, თუ ვინ წარმოადგენდა საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას 1921 წლის 26 სექტემბერს ყარსის რკინიგზის სადგურზე ჩასულთაგან; ესენი იყვნენ: საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი, სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა;

საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე, დელეგაციის მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვა; უნდა ითქვას, რომ ქართული დელეგაცია უკმაყოფილო იყო ყარსის ხელშეკრულების პირობებით და მათ, კონფერენციის დაწყებისთანავე, თურქებს, ორადგაყოფილი სარფის მთლიანად საქართველოსთვის გადმოცემა მოსთხოვეს, რაზეც ცხარე კამათიც გაიმართა.

დოკუმენტის რატიფიცირების დროს (1922 წ. 14 აპრილი) სესიაზე განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება; შალვა ელიავამ ცაკ-ის წევრებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის. აჭარის წარმომადგენლებმა თოდრიამ და ხიმშიაშვილმა უარყოფითად შეაფასეს აჭარის სამხრეთი ნაწილის თურქეთისათვის გადაცემა.

ახლა, მოკლედ, ყარსის ხელშეკრულების წინა მდგომარეობამდელი ვითარება გავიხსენოთ; ბათუმსა და ართვინს, ჯერ ოსმალები (ბრესტის 1918 წლის ზავის შედეგად), ოსმალეთის დამარცხების შემდგომ კი (მუდროსის 1918 წლის ზავით), ბრიტანელები დაეუფლნენ, არტაანი კი, პროთურქული ელემენტებისაგან ჩამოყალიბებულმა თვითმარქვია ე. წ. ყარსის რესპუბლიკამ ჩაიგდო ხელში. საქართველოს მთავრობის დიპლომატიისა და ქართული შეიარაღებული ძალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა; აი, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის შემოდგომაზე, როცა კომუნისტური რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის მთავრობებმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდეს; იმ პერიოდში ვლადიმერ ლენინი და მუსტაფა ქემალი, ორივე ევროპულ ინტერვენციას ებრძოდა. ანტანტა, მოსკოვსა და ანგორას (ანკარას), მტრად მიაჩნდათ. სულ სხვაგვარი იყო საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია – მკვეთრად გამოხატული დასავლური ვექტორით. ქემალისტები და კომუნისტები ქართველ სოციალ-დემოკრატებს ეჭვით უყურებდნენ და თბილისის დიპლომატია აშკარად არ მოსწონდათ....

არსებობს მოსაზრება, ყარსის ხელშეკრულების ცალმხრივად დენონსაციის შეუძლებლობის შესახებ (ჰამლეტ ჭიპაშვილი, სიმონ კილაძე...), რადგან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, დოკუმენტში, ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ. აგრეთვე, სანამ არსებობს მოსკოვის, რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულება (1921 წლის 16 მარტი და სწორედ ამ ხელშეკრულების „პირმშოს“ წარმოადგენს ყარსის ხელშეკრულება), იარსებებს ყარსის დოკუმენტის პირობებიც.

მიუხედავად, ზემომოტანილი მოსაზრებისა, მაინც შესაძლებელია ბრძოლა მისი დენონსაციისათვის.

ყარსის ხელშეკრულების დამცველ მამებს ვუსვამთ კითხვას: ვინ მოაწერა ხელი ყარსის ხელშეკრულებას, ჟორდანიას ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ თუ კრემლმა, რომელსაც საქართველოს დაპყრობა, იურიდიულად ჯერაც არ ჰქონდა გაფორმებული? მითუმეტეს, როდესაც, თვით რუსეთის ლეგიტიმაციასაც კი, მაშინ ინგლისიც არ ცნობდა?

ყარსის ხელშეკრულება ძალადაკარგულია ხელმოწერის დღიდან და აი რატომ: 1. ხელშეკრულებაზე საქართველოს ხელი არ მოუწერია, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. 2. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს თურქეთში ორხელისუფლებიანობა იყო, სულთნისა და ათათურქის. ათათურქს კი ევროპა არ ცნობდა. 3. ყარსის ხელშეკრულებაში მოხსენიებულ თურქულ ტერიტორიებს საფუძვლად უდევს ოსმალეთის დიდი კრების მიერ განსაზღვრული ტერიტორიები, რომელშიც ართვინი და მიმდებარე ტერიტორიები არ შედიოდა.

ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობა, მოითხოვდა რა აჭარის ავტონომიის გაუქმებას, ხელმძღვანელობდა ახალი ისტორიული რეალობით; კერძოდ, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება დაიდო ოსმალეთის იმპერიასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის, ხოლო რატიფიკაციის დროს (1921 წლის 20 ივლისს) იყო საბჭოთა კავშირში შემავალი საბჭოთა რესპუბლიკა. ვინაიდან, არსებულ ისტორიულ ვითარებაში არ არსებობდა არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი, ხელშეკრულებას, ავტომატურად ძალადაკარგულად მიიჩნევდა.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ხელისუფლება, არც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის და არც საბჭოთა კავშირში შემავალ საბჭოთა რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეს არ წარმოადგენდა.

შევარდნაძე-დემირელს შორის დადებული 1992 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება, შესაბამისი აქტით, ბათილად გამოაცხადა ზვიად გამსახურდიას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ (დადგენილება იხ. ქვემოთ), რითაც მკვეთრი პასუხი გაეცა ჰამლეტ ჭიპაშვილის რუტინულ კითხვას: „(თუმცა დაშვება აბსურდის ტოლფასია) ყველა ჩამოთვლილი ვარიანტი გამართლდა და ხელშეკრულება (ყარსის – ლ.ც.) მართლაც ისტორიას ჩაბარდა, რა ვუყოთ 1992 წლის 30 ივლისის ფართომასშტაბიან „საქართველოს რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის მეგობრობის, თანამშრომლობის და კეთილმეზობლური ურთიერთობის ხელშეკრულობას“?

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებისა და ოსმალეთის დიდი ეროვნული ყრილობის მთავრობასთან, რუსეთის ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მონაწილეობით დადებული 1921 წლის 13 ოქტომბერს და საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ 1992

წლის 30 ივლისს გაფორმებული ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულებების ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის შესახებ.

....1. ქართული მხარე ცნობს ბათილად, იურიდიული ძალის არმქონედ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკების არალეგიტიმური მთავრობების მიერ ოსმალეთის დიდი ეროვნული ყრილობის მთავრობასთან რუსეთის მონაწილეობით დადებულ 1921 წლის 13 ოქტომბრის არალეგიტიმურ, არაკონსტიტუციურ ხელშეკრულებას და ყოველგვარ ვალდებულებას იხსნის მის შესრულებაზე; 2. საქართველოს რესპუბლიკის არალეგიტიმური მთავრობისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის 1992 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება გამოცხადდეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ, როგორც ანტიკონსტიტუციური აქტი;

3. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტისა და ამავე წლის 17–18 აგვისტოს დადგენილებებიდან, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია განისაზღვროს 1918 წლის 26 მაისის მდგომარეობით, რომელიც აღიარებულია ერთა ლიგის მიერ.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო,

თბილისი, 2005 წლის 21 ოქტომბერი“.

ამ აქტუალურ თემაზე ვბეჭდავთ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მოსაზრებასაც!

ყარსის ხელშეკრულების "საიდუმლო"

14 ივლისი 2018

მაშ ასე, იცოდეთ, რომ ხელშეკრულებაში ერთი სიტყვითაც კი, არ არის დაშვებული თურქეთის მიერ აჭარის მისაკუთრების რაიმე ფორმა. არც რაიმე პირობაა დათქმული, რომლის დარღვევის შემთხვევაში თურქეთს უფლება აქვს აჭარა მიიერთოს. პირიქით, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთმა საქართველოს სუზერენიტეტი აღიარა აჭარაზე. ანუ აღიარა საქართველოს სრული იურისდიქცია ბათუმსა და მის ოლქზე. რუსული პროპაგანდა კი, ქართული საზოგადოების დასაშინებლად, წლების მანძილზე საფრთხობელას მსგავსად, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებას იყენებს. კრემლი მუდმივად იმეორებს, რომ ყარსის ხელშეკრულება, თურქეთს, ბათუმისა და მთლიანად აჭარის რეგიონის მიერთების საშუალებას აძლევს და თუ არა რუსეთი, თურქები ადვილად გადაყლაპავდნენ მთელ აჭარას. არადა, ყარსის ხელშეკრულებაში მსგავსი არაფერი წერია და ეს მხოლოდ რუსული პროპაგანდის მიერ მოგონილი მორიგი ტყუილია. რუსული ტყუილის გამოაშკარავება, მარტივად თავად ხელშეკრულების ტექსტის მეშვეობით შეიძლება. რა წერია ყარსის ხელშეკრულებაში, რომელიც 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო?

რუსეთის შუამავლობით, ხელშეკრულებას ერთის მხრივ ხელს აწერენ ამიერკავკასიის რესპუბლიკების საბჭოთა მთავრობები (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და მეორეს მხრივ თურქეთი. ეს ხელშეკრულება, 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის დადებულ შეთანხმებას იმეორებდა, რომელიც ამიერკავკასიაში გავლენის სფეროების განსაზღვრას ეხებოდა. 16 მარტის შეთანხმების ხელმოწერამდე, საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს შორის, ამ თემაზე მოლაპარაკება რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. ანუ, საბჭოთა რუსეთი წინასწარ, საქართველოს ოკუპაციამდე გაურიგდა თურქეთს საქართველოს ტერიტორიის გადანაწილებაზე.

მეექვსე მუხლი, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს: „თურქეთი თანხმდება საქართველოს დაუთმოს სუზერენიტეტი ქალაქ ბათუმზე და ბათუმის ნავსადგურზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ამ ხელშეკრულების მეოთხე მუხლში მითითებული საზღვრის ჩრდილოეთით და შეადგენს ბათუმის ოლქის შემადგენელ ნაწილს, შემდეგი პირობით:

1. ამ ადგილის მოსახლეობა, რომელიც მითითებულია ამ მუხლში, ისარგებლებს ფართო ადგილობრივი ავტონომიით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს და მოსახლეობას უფლება ექნება შემოიღოს მიწის კანონი საკუთრი შეხედულების მიხედვით;

2. თურქეთს გარანტირებული ექნება ბათუმის ნავსადგურში თავისუფალი სატრანზიტო მოძრაობა სხვადასხვა ტვირთებზე, რომლებიც იგზავნება თურქეთში, ან პირიქით, ყოველგვარი შეფერხების, ბაჟისა და სხვადასხვა გადასახადების გადახდის გარეშე.

მეშვიდე და მერვე მუხლში, საუბარი ეხება სასაზღვრო ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გამარტივებულ სასაზღვრო მიმოსვლას და საძოვრებზე საქონლის შეუფერხებელ გატარებას ორივე მხარეს. სულ ეს არის!

ხელშეკრულებაში ერთი სიტყვითაც კი არ არის დაშვებული თურქეთის მიერ აჭარის მისაკუთრების რაიმე ფორმა. არც რაიმე პირობაა დათქმული, რომლის დარღვევის შემთხვევაში თურქეთს უფლება აქვს აჭარა მიიერთოს.

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

წყარო: https://www.infoarmy.ge/.../yarsis-khelshekrulebis-saiduml

May be an image of map

ნანახია: (1144)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას