"მძიმე რამეს გეტყვით, მაგრამ ჭეშმარიტება ესაა. გეტკინებათ, მაგრამ სულიერად წინ წახვალთ. შეიძლება მე ჩამქოლოთ, მაგრამ თქვენ განთავისუფლდებით. გეტყვით, რომ ნამდვილი ქრისტიანული მოძღვრების ანუ სახარების იმ ჭეშმარიტი რჯულის მიხედვით, რომელიც ქრისტემ მოგვცა, არცერთ არც ტაძარს, არც მონასტერს, არც მათ ნანგრევებს, არც მთას და არც მიწას არ გააჩნია არავითარი ღირებულება მარადიული ცხოვრების ანუ ჩვენი ცხონების საქმეში. პირდაპირ გვეუბნება ახალი აღთქმა: ”უფალი ხელითქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს” (საქ. 17,24) გესმით? ახალი აღთქმა, პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთი არ ცხოვრობს რკინა-ბეტონის შენობაში. მაშ, სადაა იგი? დღეს დანანებით ვუსმენთ ხოლმე, სადღაც დაუსახლებელ გადაკარგულში ყოფილი ტაძრის ნანგრევებს რომ მისტირიან და იმავდროულად ის არ აწუხებთ, ღვთის სიტყვის მოსასმენად, რომ არ იკრიბება ხალხი მათ ქალაქებში. ნანგრევი რაში მადარდებს, როცა ქრისტეს მოძღვრების ელემენტარულ საკითხებზე წარმოდგენა არა აქვს ხალხს და ასე გადის მათი ცხოვრება. ეკლესიისთვის, ღვთის წინაშე ესაა მთავარი პრობლემა და არა გრანდიოზული ტაძრები, ტაძრის ნანგრევები, მღვიმეები, საზღვრები თუ მიწები. გეკთხებით: რაში მჭირდება ტაძრის ნანგრევის აღდგენა დაუსახლებელ სოფელში, სადაც არავინ ცხოვრობს თუ ჯერ იქ, სადაც ყოველდღიურად ცხოვრობს და კვდება მრავალი ადამიანი, ღმრთის ნამდვილი ტაძარი - ადამიანი არ ავაშენე?! ადამიანია ღმრთის ტაძარი - ”განა არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ თქვენ და ღმერთის სული მკვიდრობს თქვენში?” (1 კორ. 3,16)
ახლა მოშურნენი ამბობენ: ის ნანგრევი ძვირფასია, რადგან ის წმინდანი იქ ეწამაო ან ის მიწა ძვირფასია, რადგან იქ იმ წმინდანის სისხლი დაიღვარაო და ა.შ. გეკითხებით, ვისი სისხლია ქრისტეს სისხლზე უფრო მეტი? სადაა ტაძარი სადაც ის ქადაგებდა? სადაა სახლი, სადაც ის ცხოვრობდა? სადაა გოლგოთა, სადაც ის ჯვარს ეცვა? ან სადაა ქრისტეს სხეული? დაფიქრებულხართ, რომ მისი ტაძარი აღარ არსებობს, აღარც მისი სახლია, გოლგოთაც და მისი ქალაქიც არაქრისტიანებს ეკუთვნით, ხოლო მისი სხეული ზეცაშია. ასე ასწავლიდა უფალი, იესო ქრისტე სამარიაში და ასე გვასწავლის ჩვენც: მოვა დრო, როცა არცერთ ადგილზე აღარ იქნება მიჯაჭვული უფლის თაყვანისცემა, არამედ მოვიდა უკვე დრო, როცა ნამდვილი მორწმუნენი სულით და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ ღმერთს თაყვანს (ინ. 4, 21-24). ამიტომ, თუ სარწმუნოებაზე საუბრობთ, ნუღარ დასდევთ მიწებს, საზღვრებს, შენობებს, ნანგრევებს და ა.შ. მთავარია ჩვენ შევიკრიბოთ წმინდა რწმენით, ქრისტეს სახელით და გვწამდეს, რომ ჩვენ შორისაა უფალი, გინდაც საბძელში იყოს ეს და გინდაც სარდაფში, არა აქვს მნიშვნელობა, შეისმენს უფალი ჩვენსას. რწმენაა მთავარი. გარეჯის ტერიტორია ძვირფასია და მნიშვნელოვანი ეროვნული, ქონებრივი და სახელმწიფოებრივი, მაგრამ არა სულიერი თვალსაზრისით. ვიცი, რომ ახლა, ამის წაკითხვისას უმრავლესობა აღშფოთდით. მაგრამ ასე გვასწავლის სახარება და ღვთის სიტყვას ჩვენ ვერ გავამრუდებთ. დაუშვებელია მიწიერი საკითხების მოგვარებისას ქრისტიანობით სპეკულირება და ადამიანების მანიპულირება რწმენის მეშვეობით. ეს არ მოგვიტანს სიკეთეს. ამბობენ: იქ 6000 ბერმა დაღვარა სისხლიო. კი, ბატონო, ეწამნენ რწმენისთვის, დიდებული მოწამეობის მაგალითი დაგვიტოვეს და წავიდნენ უფალთან, მათ დაასრულეს მათი მიწიერი საქმე. ახლა, დღეს აქ დარჩენილებს თუ გვესმის, რა გვწამს და ჩვენ თუ გავწირავთ თავს ქრისტეს რჯულისთვის, ესაა მთავარი და არა წარსული, რომელიმე მიწა, საზღვარი თუ ნანგრევი. საზღვრების საკითხი სახელმწიფოს მოსაგვარებელი, სუფთად საერო საქმეა და მასთან საერთო არა აქვს რწმენას. ასე გვასწავლის წმინდა წერილი."
წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
ნანახია: (707)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას