logo.png

ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა

23 აპრილს მზეზე არა ერთი ან ორი, არამედ ოთხი ამოფრქვევა მოხდა, თანაც ერთდროულად. ეს უიშვიათესი მოვლენა მეცნიერებმა NASA-ს მზის დინამიკის შემსწავლელი ობსერვატორიის მეშვეობით გადაიღეს.

ამ დროს ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირიდან ელექტრომაგნიტური რადიაციის მძლავრი ნაკადები იფრქვევა, რასაც ატმოსფეროში მაგნიტური ენერგიის დაგროვება უძღვის წინ. სწორედ მსგავსი რამ მოხდა ახლახან, თუმცა ოთხ სხვადასხვა რეგიონში: მათგან სამი მზის ლაქის, ერთი კი მაგნიტური სტრუქტურის, ფილამენტის, მიმდებარედ დაფიქსირდა. მათ ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრი აშორებდა.

ამ ფენომენს სიმპათიკური ამოფრქვევა ეწოდება, რაც ვარსკვლავის დისკოს სხვადასხვა არეალში თითქმის თანადროულ ამოფრქვევებს გულისხმობს. როგორც წესი, ეს ორ ადგილას ხდება, მაგრამ უკანასკნელ შემთხვევაში "კვარტეტი" ვიხილეთ, რაც საკმაოდ იშვიათია.

სიმპათიკური ამოფრქვევები მაშინ იჩენს თავს, როცა მაგნიტური არასტაბილურობა მაგნიტური მრუდების დახმარებით ერთი რეგიონიდან მეორეში ინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილები მზის იმ ნახევარსფეროში აღმოჩნდა თავმოყრილი, რომელიც დედამიწისკენ იყო მობრუნებული.

ამას ხშირად მოჰყვება კორონული მასის ამოფრქვევაც, ანუ ვარსკვლავის გვირგვინიდან პლაზმის გამოტყორცნა. ეს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებისას გეომაგნიტურ შტორმებს იწვევს ხოლმე, რასაც საკომუნიკაციო სისტემების მუშაობის შეფერხება და პოლარული ციალის წარმოქმნა შეუძლია.

როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში მზეზე რამდენიმე ასეთი ამოფრქვევა მოხდა. თუ ჩვენამდე დამუხტული ნაწილაკების ერთ-ერთი ასეთი ნაკადი მოაღწევს, მაშინ 25-26 აპრილს G1 კატეგორიის სუსტი გეომაგნიტური შტორმია მოსალოდნელი.

უნდა ითქვას, რომ ამგვარი მოვლენები გასაკვირი არაა, რადგან მზე აქტიურობის 11-წლიანი ციკლის პიკს უახლოვდება, რომლისთვისაც ხშირი ამოფრქვევებია დამახასიათებელი.


წყარო: Space.com

ნანახია: (133)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას