logo.png

ზარზმის ღვთისმშობელი

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ზარზმის ღვთისმშობლის ხატი შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ერთი შესანიშნავი ნაწარმოებთაგანია. ის ვერცხლისაგან გამოჭედილი და ერთიანად ოქროდაფერილი დიდი ხატი გახლავთ (80X64), ცენტრში – წელს ზემოთ გამოსახული ღვთისმშობელი ყრმით, გარშემო კი, მოჩარჩოების არშიებზე – სცენები მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრებიდან.

ხატს თან ახლავს მოხდენილი ასომთავრულით შესრულებული ვრცელი საქტიტორო წარწერა, რომელიც ოთხივე მხარეს შემოუყვება ცენტრალურ გამოსახულებას ჩარჩოს შიდა ვიწრო დაფერდებაზე. წარწერიდან ირკვევა, რომ ხატის შემწირველი არის “გლახაკი ეპრაქსია”, დედა “ერისთავთ ერისთავისა მირიანისა და ხურციკისა” – ლაკლაკისძეთა საგვარეულოდან. მაგრამ მოხსენიებული წარწერებიდან ვერც ერთი ისტორიული პირის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. თუმცა მთელი ეს მოჭედილობა – ცალკეული კომპოზიციების აგებულება, ფიგურათა სწორი პროპორციული თანაფარდობა, სკულპტურულ ფორმათა პლასტიკური გამომსახველობა, პოზა და ჟესტიკულაცია, სხეულზე მარჯვედ მორგებული სამოსელი და მკაფიოდ გამოვლენილი სხეულის აღნაგობა, გულდასმით გამოყვანილი ყოველი დეტალი, ყოველი წვრილმანი – ყველაფერი ეს სრულად ასახავს XI ს. პირველი ნახევრის ქართველი ოქრომჭედლების შემოქმედებით აქტივობასა და მიღწევებს.

ხატის ხილვისას თვალთ გვხვდება სკულპტურულ ფიგურათა სიმრავლე. გარდა ძირითადი ცენტრალური გამოსახულებისა, გარშემო, საკმაოდ განიერ ჩარჩოზე, 15 სიუჟეტური კომპოზიციაა და თითოეული მათგანი ისეთივე გულდასმითაა გამოჭედილი და დამუშავებული, როგორც საკუთრივ ხატი – ღვთისმშობელი ყრმით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მოჭედილობის საერთო ანსამბლში დეკორის ეს ორივე შემადგენელი ნაწილი ტოლფასი ხმოვანებისაა. მაგრამ, ამასთანავე, ღვთისმშობელი და ყრმა-იესო მკაფიოდ არის გამოყოფილი არა მხოლოდ ადგილისა დ აზომების გამო; მთელი თავისუფალი ფონი აქ ორნამენტებითაა შევსებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დედა-შვილის პირისახეები იმთავითვე ფერწერული იყო და ამ მხრივაც მკვეთრად იყო აქცენტირებული.

ამასთან, აქ წარმოდგენილი ღვთისმშობელი ყრმით “ელეუსას” სახელით ცნობილი ტიპის ერთ-ერთი უადრესი მაგალითია, ოქრომჭედლობის ძეგლებიდან ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის უკვე სავსებით დასრულებული ვერსიით.

საგულისხმოა ზარზმის ამ ხატისეული ერთი სცენა. კერძოდ, “მირქმის” კომპოზიცია, ცენტრში, მარიამისა და სვიმეონის ფიგურებს შორის, მიწაზე მდგარი ანთებული სანთელი. “მირქმის” ასეთი იკონოგრაფია, სხვაგან, მთელ ბიზანტიურ სივრცესა თუ დასავლურ სამყაროში, არსად არ გვხვდება. საინტერესოა “ფერისცვალების” კომპოზიციაც, სადაც ზედა რეგისტრის სამივე ფიგურა (ქრისტე და წინასწარმეტყველნი) წრიული მოხაზულობის შარავანდედშია მოქცეული.

ზარზმის ღვთისმშობლის ხატისადმი ინტერესი XX ს. დასაწყისიდან მოყოლებული, დღემდე არ განელებულა.

სასიხარულოა, რომ 2009 წელს შეიქმნა ზარზმის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი, რომელიც ზარზმის მონასტერშია დაბრძანებული. მოგვიანებით, კი ხატის კიდევ ერთი ანალოგი გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაბრძანდა.

(წყარო: http://www.ambioni.ge/zarzmis-rvtismsobeli)

ნანახია: (81)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას